აშშ უკრაინაში სამხედრო დახმარების სახით Switchblade „თვითმკვლელ“ დრონებს გზავნის

აშშ უკრაინაში სამხედრო დახმარების სახით Switchblade „თვითმკვლელ“ დრონებს გზავნის

ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა უკრაინისათვის დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, აშშ კვლავ განაგრძობს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას საბრძოლველად და თავის დასაცავად.

ვაშინგტონის მიერ გაგზავნილ შეიარაღებას შორის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ამერიკული წარმოების Switchblade ტიპის დრონები გახლავთ. აღნიშნული კამიკაძე დრონები ამერიკული თავდაცვის კონტრაქტორის, AeroVironment-ის მიერაა წარმოებული. მცირე ზომისა და მსუბუქი წონის დრონები საკმაოდ ეფექტურ დისტანციურად მართვად ბომბებს წარმოადგენენ.

ჯავშანსაწინააღმდეგო მოძრავ საბრძოლო მასალას დღესდღეობით ბევრად უფრო დიდი ფრენის დიაპაზონი და სიზუსტე აქვს, ვიდრე თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. რაც ყველაზე მთავარია, ამ უკანასკნელზე ბევრად იაფიც ღირს. ამგვარი დრონების ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ის გახლავთ, რომ მას გარკვეულ პერიმეტრზე პატრულირება დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნევლად შეუძლია, შემდეგ კი საჭიროებისამებრ დაესხმევა თავს გაჩერებულ ან მოძრავ სამიზნეს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დრონი დისტანციურად იმართება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინას ორი მოდიფიკაციის, Switchblade 300 და 600 ტიპის დრონებს მიაწვდიან. ბუნებრივია, ისინი მახასიათებლებით განსხვავდებიან. პირველის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 10 კმ-ს უდრის და ის ძირითადად არაშეჯავშნილ სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენება. რაც შეეხება Switchblade 600-ს მას ბევრად დიდი გამანადგურებელი ეფექტი აქვს. ეს უკანასკნელი ტანკსაწინააღმდეგო დანიშნულების კამიკაძე დრონია, რომლის მოქმედების მანძილიც 80 კმ-მდეა. Swtichblade-ის წონა 22 კგ-ს უდრის და ჩვეულებრივ სადაზვერვო ფრენისას 110 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, თუმცა სამიზნეზე შეტევისას 190 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Switchblade დრონები სადაზვერვო მიზნებისთვისაც გამოიყენება, რადგან მცირე ზომის გამო მისი აღმოჩენის ალბათობა დაბალია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *