გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

ავტომოყვარულებს მოწყენის საშუალება არც გასულმა კვირამ მისცა. საკუთარი ელექტროსტრატეგიების წარდგენის შემდეგ, ახლა ავტომწარმოებლები მომხმარებლებს თავიანთ უპირატესობებზე ესაუბრებიან. ამ რბოლაში კი გამარჯვებული სწორედ ის დარჩება, ვინც სხვაზე ეფექტურ გამოსავალს წარადგენს. თუმცა ამის მისაღწევად ერთბაშად ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ენერგოეფექტიანობა, ინფრასტრუქტურა, პრაგმატიზმი, კომფორტი – ეს იმ მოთხოვნების ჩამონათვალია, რომელიც ავტომწარმოებელმა ელექტროინდუსტრიაში შებიჯებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. თუკი ამას თავად არ იზამს, სხვა აუცილებლად დაასწრებს. შემდეგ კი მომხმარებლების ყურადღების მიპყრობა ძალიან გართულდება. Forbes Georgia ტრადიციულად წარმოგიდგენთ გასული კვირის მნიშვნელოვან ავტოსიახლეებს.

აშშ ელექტრომობილების ელემენტების წარმოებაზე 3 მილიარდ დოლარს დახარჯავს

თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია ელექტრომობილების ელემენტების წარმოების პროცესის მხარდასაჭერად 3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული თანხა კი ჯო ბაიდენის მიერ შარშან ხელმოწერილი $1-ტრილიონიანი ინფრასტრუქტურული კანონიდან გამოიყოფა.

REUTERS/Elijah Nouvelage

თეთრი სახლის ინიციატივა არა მხოლოდ ახალი ელემენტების წარმოების ხელშეწყობას, არამედ ძველი ელემენტების გადამუშავების პროცესსაც გულისხმობს. გარდა ამისა, მოხდება ელემენტების დასამზადებლად აუცილებელი ბუნებრივი რესურსების მოძიებაც.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სურვილია, 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრომობილი იყოს. ამისათვის კი მთავრობამ გარკვეულ პროცესებს ხელი უნდა შეუწყოს. ადმინისტრაცია ამ ნაბიჯს გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს და ის ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად მიაჩნია.

თეთრი სახლის ინფრასტრუქტურული კოორდინატორის განცხადებით, ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარება ხელს შეუწყობს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას. აშშ-ის მთავრობის ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა ამერიკული ავტომწარმოებელი Ford-ი.

შეგახსენებთ, რომ ელექტროინდუსტრიის განვითარების კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი დასამუხტი ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა. შეერთებული შტატების მთავრობა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზეც აქტიურად მუშაობს. თუკი ელემენტების წარმოება განვითარდება და ეს ელექტრომობილების ღირებულებას შეამცირებს, ბუნებრივია, რომ მათზე მოთხოვნაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მწვანე გეგმების მიღწევაც შესაძლებელი იქნება.

Ferrari-ს პირველი SUV-ი, Purosangue 12-ცილინდრიანი ძრავით იქნება აღჭურვილი

მდიდრული ავტომობილების იტალიური მწარმოებლის, Ferrari-ს განცხადებით, მისი პირველი SUV-ი Purosangue 12-ცილინდრიანი, საკმაოდ მძლავრი ძრავით იქნება აღჭურვილი. Ferrari-ს აღმასრულებელი დირექტორის, ბენედეტო ვინიას განცხადებით, კომპანიამ ბევრი სხვადასხვა ოფცია გატესტა, თუმცა საუკეთესო მაჩვენებლებისა და მართვის გამოცდილების მისაღებად იდეალური ვარიანტი 12-ცილინდრიანი ძრავა აღმოჩნდა.

REUTERS/Arnd Wiegmann/File Photo

დიდი ალბათობით, ბრენდის აღმასრულებელ დირექტორს მსგავსი განმარტებითი განცხადების გავრცელება იმისათვის დასჭირდა, რათა წარმოქმნილი კრიტიკის ტალღა დაემშვიდებინა. მოგეხსენებათ, ავტომწარმოებლები ცდილობენ, რომ ახალი ავტომობილები დაბინძურებისაკენ უფრო ნაკლებად მიდრეკილი ძრავებით აღჭურვონ. შესაბამისად, გვთავაზობენ ელექტროგადაწყვეტას, ან ნაკლებ სიმძლავრეს. თუმცა, როგორც ჩანს, Ferrari პოტენციური კრიტიკის ტალღას არ შეუშინდა და მძლავრი SUV-ი წარადგინა.

საინტერესოა ისიც, რომ ბოლო დროს Ferrari-ს სტრატეგიაც სხვაგვარი იყო. უკანასკნელ პერიოდში ბრენდის მიერ გამოშვებული ავტომობილების უმეტესობა 8- და 6-ცილინდრიანი ჰიბრიდული ძრავებით იყო აღჭურვილი. თუმცა, როგორც ჩანს, იტალიურმა ავტომწარმოებელმა სხვა მდიდრული ბრენდების SUV-ებთან მძიმე კონკურენციაში შესვლა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ Ferrari Purosangue-ს უმთავრესი კონკურენტი Lamborghini Urus-ი გახლავთ, რომელიც ამჟამად 8-ცილინდრიანი ბიტურბო ძრავითაა აღჭურვილი. თუმცა Lamborghini-ის განცხადებით, მომავალი წლიდან 12-ცილინდრიანი ჰიბრიდული ძრავის ოფციის დამატებაც იგეგმება. შესაბამისად, Ferrari-ს მისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა სჭირდება.

Stellantis-ი ელექტრო და შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ბიზნესის დაყოფას არ გეგმავს

კომპანიის ფინანსური ხელმძღვანელის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადების თანახმად,  Stellantis-ი საკუთარი ელექტრო და შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ბიზნესის დაყოფას ჯერჯერობით არ გეგმავს. რიჩარდ პალმერის მიერ ანალიტიკოსებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, კომპანია აღნიშნული ქმედების პოტენციურ შედეგებს ვერ ხედავს.

REUTERS/Flavio Lo Scalzo/Files

შეგახსენებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ფრანგულმა Renault-მ და ამერიკულმა Ford-მა მიიღეს.

აღნიშნული განცხადება კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მსოფლიოს მეოთხე ყველაზე დიდმა ავტომწარმოებელმა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გასულ კვირას გავრცელებული მონაცემების თანახმად, კომპანიის შემოსავალი იანვარ-მარტის პერიოდში 12%-ით, 41.5 მილიარდი ევროთი გაიზარდა. საინტერესოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ანალიტიკოსების ნავარაუდებ მონაცემებზე (36.9 მილიარდი ევრო) მაღალი აღმოჩნდა.

თუმცა ამ სიახლეს დიდი გავლენა კომპანიის აქციათა ფასებზე არ მოუხდენია. მისი აქციათა ფასები შედეგების გამოცხადების შემდეგ მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა. განსხვავებით შემოსავლების მატებისაგან, პირველ კვარტალში Stellantis-მა ავტომობილების მიწოდების ნაწილში კლება განიცადა. ეს კი ნაწილობრივ ნახევარგამტარების დეფიციტით, ნაწილობრივ კი მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით შეიძლება აიხსნას. აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით 1.374 მილიონ ავტომობილამდე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ Stellantis-ი ისეთ საავტომობილო ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა: Citroen-ი, Jeep-ი და Maserati.

Volkswagen-ის ინფორმაციით, Audi და Porsche ფორმულა 1-ს შეუერთდებიან

გერმანული ავტომწარმოებლის, Volkswagen-ის პრემიუმ-ბრენდები, Audi და Porsche ფორმულა 1-ს შეუერთდებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰერბერტ დისმა გაავრცელა. როგორც იცით, ფორმულა 1-ში მონაწილეობის სურვილს აღნიშნული ბრენდები უკვე დიდი ხანია, გამოთქვამენ.

REUTERS/Michaela Rehle/Files

საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა კი, როგორც ჩანს, Audi-სა და Porsche-ს ჩემპიონატში მონაწილეობის შემთხვევაში გაუმჯობესებულმა ფინანსურმა პროგნოზმა იქონია. ბრენდებმა Volkswagen-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დარწმუნება შეძლეს იმაში, რომ ფორმულა 1-ში მონაწილეობის შემთხვევაში ავტომწარმოებლის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ორშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, ფორმულა 1-ის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებისათვის Porsche Audi-ზე უფრო აქტიურად ემზადება.

რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Audi ბრიტანული მდიდრული ავტომწარმოებლის McLaren-ისათვის 556 მილიონი აშშ დოლარის შეთავაზებას გეგმავს. Porsche კი Red Bull-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, Volkswagen-ის CEO-სთვის გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი ფაქტორი სარეკლამო შედეგები გახლდათ. მისი განმარტებით, Porsche სხვა სარბოლო აქტივობებში მონაწილეობას ნაკლებად მიიღებს და ერთ ჩემპიონატზე, ფორმულა 1-ზე კონცენტრირდება.

Volkswagen-ი ესპანეთში ელექტრომობილების ინდუსტრიაში 10 მლრდ ევროს მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული ავტომწარმოებელი, Volkswagen-ი, პარტნიორებთან ერთად ესპანეთში ელექტრომობილების ინდუსტრიის განსავითარებლად 10 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ინვესტიცია ესპანეთში ელექტრომობილებისა და ძრავებისათვის საჭირო ელემენტების წარმოებას მოხმარდება. აღნიშნული თანხა კი 3 მილიარდი ევროთი მეტია ბოლოს გაჟღერებულ მოცულობაზე.

REUTERS/Brendan McDermid/

გარდა ამისა, კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება ესპანეთის უდიდეს ენერგომომმარაგებელთან, Iberdola-სთან გააფორმა. თანამშრომლობის თანახმად, ამ უკანასკნელს ელემენტების საწარმოს ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად Volkswagen-ისათვის მზის პანელების ინფრასტრუქტურის მოწყობა ევალება. საინტერესოა, რომ თავად Iberdola ელექტრიფიკაციის გეგმაში 500 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მარტში ჰერბერტ დისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Volkswagen-ი ესპანეთში ორ საწარმოში 7 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. თუმცა, როგორც ჩანს, ავტომწარმოებელმა ინვესტიციის გაზრდა მოისურვა.

გერმანული ავტომწარმოებელი ესპანეთში 40 გიგავატი/საათი სიმძლავრის ავტოსაწარმოს მშენებლობას 2023 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს. ავტომობილების სერიული წარმოება კი ამავე საწარმოში 2026 წლიდან დაიწყება. Volkswagen-ის ინფორმაციით, 2030 წლისთვის ქარხანაში 3 000 თანამშრომელი იქნება დასაქმებული.

ელექტრომობილების მწარმოებელი Lucid-ი ივნისიდან საკუთარი მოდელების ფასებს ზრდის

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი, Lucid Group Inc-ი ივნისიდან საკუთარი მოდელების ფასებს გაზრდის. ავტომწარმოებლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გაძვირებული რესურსების გამო მოუხდათ. თუმცა, მათივე განმარტებით, ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ წინასწარ დარეზერვებული ელექტრომობილების მომხმარებლებს.

REUTERS/Caitlin O’Hara

უფრო კონკრეტულად, 1 ივნისიდან შეერთებულ შტატებში დარეზერვებული ავტომობილების ფასები მცირედით შეიცვლება. ახალი Air Grand Touring-ის შეძენა 154 000 აშშ დოლარად იქნება შესაძლებელი, Air Touring-ის ღირებულება 107 400 აშშ დოლარი იქნება, Air Pure მოდელები კი 87 400 აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი.

კომპანიის ფინანსური დირექტორის, შერი ჰაუსის განცხადებით, ინდუსტრიაში არსებული სხვა კომპანიების მსგავსად მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკურ პრობლემებთან გამკლავება Lucid-საც უხდება. გარდა ამისა, მისი განმარტებით, აღნიშნულზე გავლენა ჩინეთში ქარხნების კოვიდთან დაკავშირებულმა დახურვამაც მოახდინა.

თუმცა, გამოწვევების მიუხედავად, კომპანიამ საკუთარი საწარმოო პროგნოზი 12 000-დან 14 000 ავტომობილამდე გაზარდა. ცნობისათვის, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება Lucid-ის მთავარ კონკურენტს, Amazon-ის მიერ მხარდაჭერილ Rivian-საც მოუხდა.

ACEA: ევროკავშირის ბაზარზე პირველ კვარტალში ელექტრომობილების რაოდენობა გაორმაგდა

გასულ კვირას გავრცელებული ინდუსტრიული მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე ელექტროძრავების მქონე ავტომობილების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. პირველ კვარტალში ევროპაში გაყიდული სამგზავრო ავტომობილების 10% სწორედ ელექტრომობილებმა შეადგინა. საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა დამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილების წილს გადაასწრო, რომელიც 8.9%-ს გაუტოლდა.

REUTERS/Guglielmo Mangiapane

საერთო ჯამში იანვარ-მარტის პერიოდში ევროკავშირის ტერიტორიაზე 224 145 ელექტრომობილი გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 146 125 ავტომობილი შეადგინა.

საინტერესოა, რომ ჰიბრიდული ძრავების მქონე ავტომობილები ევროპაში უკვე მეოთხედს შეადგენენ. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 20%-ის ტოლი იყო. თუმცა ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წილი მაინც მაღალია და 52.8%-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *