გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

განვლილი კვირების მსგავსად, საავტომობილო ინდუსტრიაში მიმდინარე კვირაც დატვირთული აღმოჩნდა. Forbes Georgia-ს საავტომობილო მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა: Toyota-ს აღმასრულებელი დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზები, Honda-ს გადაწყვეტილება ელექტრიფიკაციის დასაჩქარებლად ახალი დანაყოფის შექმნის შესახებ, Tesla-ს ახალი ინვესტიცია წარმოების გასაზრდელად, Audi-ს მიერ წარდგენილი ახალი ელექტრომობილის მახასიათებლები, Ford-ისა და Volvo-ს მიერ ასიათასობით ავტომობილის უკან გაწვევის მიზეზები და Tesla-ს გასული კვარტალის რეკორდული შემოსავლების საიდუმლო.

Toyota-ს გენერალური დირექტორი, აკიო ტოიოდა გადადგა

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კონგლომერატის, Toyota-ს გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი, აკიო ტოიოდა თანამდებობიდან გადადგა.

REUTERS/Kim Kyung-Hoon

66 წლის იაპონელი ბიზნესმენის ადგილს Toyota-ს მთავარი ბრენდ ოფიცერი (CBO) კოჯი სატო დაიკავებს, რომელიც CEO-ს როლის შესრულებას პირველი აპრილიდან შეუდგება.

აღსანიშნავია, რომ აკიო ტოიოდა თავად კომპანიის დამფუძნებლის, კიიჩირო ტოიოდას პირდაპირი შთამომავალია. CEO-ს თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის როლში მოგვევლინება.

ინვესტორებთან შეხვედრისას ახალი CEO-ს, კოჯი სატოს შესახებ ითქვა, რომ მან თავისი დაუღალავი შრომითა და დისციპლინით დაამტკიცა, რომ Toyota-ს ფილოსოფია კარგად ესმის, ახლა კი მზად არის, იაპონურ გიგანტს ახალგაზრდული ენერგიითა და შემართებით გაუძღვეს.

53 წლის დირექტორს Toyota-სა და Lexus-ის ახალი სტრატეგიის შემუშავება დაევალება, რომელმაც ლეგენდარული კონგლომერატი ელექტრიფიკაციისა და ჰიბრიდიზაციის ეპოქისთვის სათანადოდ უნდა მოამზადოს.

საინტერესოა თუ როგორ იმოქმედებს აკიო ტოიოდას გადადგომა კომპანიის გეგმებსა და მის პოზიციონირებაზე. მოგეხსენებათ, Toyota ერთ-ერთი ყველაზე ბოლო მსხვილი ავტომწარმოებელი, რომელიც ელექტრიფიკაციის პროცესში ჩაერთო და ამჟამად სფეროში ლიდერის პოზიციებს არ იკავებს. შესაბამისად, ახალი აღმასრულებელი დირექტორისაგან სამეთვალყურეო საბჭო, სავარაუდოდ აღნიშნული გარემოების შეცვლას მოითხოვს.

ელექტრიფიკაციის პროცესის დასაჩქარებლად Honda ახალ დეპარტამენტს შექმნის

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციის პროცესში იაპონური ავტომწარმოებელი, Honda Motor Co ელექტრიფიკაციის პროცესის დასაჩქარებლად და გასაძლიერებლად სპეციალურ დანაყოფს, დეპარტამენტს ჩამოაყალიბებს.

REUTERS/Regis Duvignau

აღნიშნული გადაწყვეტილება მზარდ ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებას და კონკურენტებისათვის, Tesla-სა და BYD-სათვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად. იაპონური ავტომწარმოებლები ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე ელექტრომობილების წარმოებაში კონკურენტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. შესაბამისად, ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად Honda-ს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დეპარტამენტი ფუნქციონირებას პირველი აპრილიდან დაიწყებს და კონსოლიდაციას გაუწევს ავტომწარმოებლის ელექტრიფიკაციის სტრატეგიას. საბოლოო ჯამში კი დეპარტამენტის მიზანი ახალი ავტომობილების, მოტოციკლებისა და გენერატორების განვითარება იქნება.

გარდა ამისა, კომპანია ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის განხორციელებასაც გეგმავს. ამჟამად არსებული 6 სამიზნე რეგიონულ განაწილებას, 3 რეგიონად დაყოფს და ამ გზით პროცესებს დააჩქარებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Honda-მ ამბიციური გეგმები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, კომპანიამ 2030 წლისთვის 30 ელექტრო-მოდელი უნდა წარადგინოს და ყოველწლიურად 2 მილიონი ერთეული ელექტრომობილი აწარმოოს.

Tesla ნევადაში ელემენტებისა და სატვირთოების წარმოებისთვის 3.6 მლრდ დოლარის დახარჯვას გეგმავს

ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla-ს მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია ნევადაში საკუთარ საწარმოში ელემენტებისა და ელექტროსატვირთოების წარმოების პროცესების განსავითარებლად დამატებით 3.6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

Bob Strong | Reuters

საჯარო განცხადებების მიხედვით, Tesla გარდა ამისა 3000-მდე ახალი თანამშრომლის დაქირავებასაც გეგმავს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ახალი თანამშრომლები ორი ახალი ქარხნისთვის იმუშავებენ თუ უკვე არსებულ საწარმოს შეუერთდებიან.

კომპანია ახალი ინვესტიციით 2 მილიონამდე ერთეული ელექტრომობილისათვის საკმარისი ელემენტების ქსელის აშენებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ნევადაში საწარმოს აშენება Tesla-მ 2014 წელს დაიწყო. ახლა კი უკვე ამავე ქარხნის გაფართოებას გეგმავს. ამჟამად აღნიშნულ ქარხანას Tesla პარტნიორთან, Panasonic-თან ერთად უძღვება. ნევადის ქარხანა GF1-ის ანუ ტესლას გიგაქარხნის სახელითაა ცნობილი და კომპანიის სხვა ქარხნები, სადაც ავტომობილები ეწყობა ელემენტებით სწორედ აქედან მარაგდება.

ცნობისათვის, გასული წლის დასასრულს პირველი ელექტროსატვირთოს, Semi-ს Pepsi-სათვის გადაცემის ცერემონია ილონ მასკმა სწორედ ნევადის ქარხანაში გამართა.

Audi-მ მომხმარებლებს ახალი ელექტრომობილი წარუდგინა

გასულ კვირას, გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Audi-მ მომხმარებლებს ახალი ელექტრომობილის კონცეპტ ვერსია წარუდგინა. ახალი მდიდრული SUV-ი გაფართოებული რეალობის სათვალეებს იყენებს და პიკაპად ტრანსფორმირება შეუძლია. მომავლის ტექნოლოგიების მქონე Audi-ს კონცეპტ ვერსიამ მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

Audi

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის კონცეპტი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, საინტერესოა, თუ როგორი იქნება მისი საწარმოო ვერსია. თუკი მწარმოებელი ყველა წარმოდგენილ ტექნოლოგიას შეინარჩუნებს, ახალ SUV-ს სეგმენტში ახალი სიტყვის თქმა მართლაც შეეძლება. თუმცა, ამის გარკვევას სულ მცირე რამდენიმე წელი დასჭირდება.

მოგეხსენებათ, ავტომწარმოებლები კონცეპტ ვერსიებს მომხმარებლების ყურადღების მისაქცევად და ინტერესის გასაზრდელად იყენებენ. თუმცა, როგორც წესი, საწარმოო ვერსიები მათგან ძირეულად განსხვავდება. თუკი რომელიმე მწარმოებელი საწარმოო ვერსიაში კონცეპტუალური ტექნოლოგიების შენარჩუნებას ახერხებს, პროექტი ყოველთვის იმსახურებს მოწონებას.

რაც შეეხება Audi-ს ახალ SUV-ის, როგორც ვახსენეთ, ის გაფართოებული რეალობის სათვალეების ინტეგრაციას გვპირდება. მძღოლი სათვალის გაკეთების შემდეგ ყველა იმ ღილაკსა თუ ინფორმაციას დაინახავს, რომელიც ჩვეულებრივ ეკრანზეა ხოლმე განთავსებული. შესაბამისად, ავტომობილის კონცეპტ ვერსიაში ეკრანები გათვალისწინებული არ არის. მწარმოებლის მიზანია მგზავრებმა ყურადღება გარე ხედებსა და ავტომობილის მინიმალისტურ დიზაინზე გადაიტანონ. კომპანიის განმარტებით, უჩინარი ღილაკებისა და ინფორმაციის მართვას მძღოლი ვირტუალური განზომილებით, ხელის მოძრაობებით შეძლებს.

უკუსვლის კამერის გაუმართაობის გამო Ford-მა 462,000 ავტომობილი უკან გაიწვია

ამერიკული ავტომწარმოებლის, Ford-ის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, უკუსვლის კამერის გაუმართაობის გამო კომპანია 462,000 ერთეულ ავტომობილს უკან გამოიხმობს.

REUTERS/Francois Lenoir

ამერიკული ბრენდის განმარტებით, უკან გაწვევა შეეხებათ 2020-2023 წლის Explorer და Lincoln Aviator, ასევე 2020-2022 წლის Lincoln Corsair მოდელებს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით 17-მდე მცირე საგზაო ინციდენტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. გარდა ამისა, კომპანიაში 2,100-მდე გარანტიის ანაზღაურების მოთხოვნა შევიდა. თუმცა, მგზავრთა დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პროცედურულად ავტომობილების უკან გაწვევა ავტოდილერებმა უნდა უზრუნველყონ. დილერებმა გამოსახულების ჩატვირთვის მოდულის პროგრამული უზრუნველყოფა უნდა განაახლონ, რის შემდეგაც აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება.

კომპანიამ ავტომობილების უკან გაწვევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკითხზე მოკვლევა შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო და მოთხოვნით ავტომწარმოებელს მიმართა.

აღსანიშნავია, რომ Ford-მა მსგავსი პრობლემით ავტომობილები გასულ წლებშიც რამდენჯერმე გაიწვია.

Volvo-მ გლობალურად 106,900 ერთეული ავტომობილი უკან გამოიხმო

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვედურმა ავტომწარმოებელმა, Volvo-მ მუხრუჭებთან დაკავშირებული გაუმართაობის გამო 106,900 ერთეული ავტომობილი უკან გაიწვია.

Claudio Breciani/TT News Agency/via REUTERS

კომპანიის გადაწყვეტილებით დამატებით სერვისს 2023 წლის C40, XC40, S60, V60, XC60, V90 და XC90 მოდელები გაივლიან. პროცედურული საკითხების შესახებ ინფორმაციას შვედური ავტომწარმოებელი ჯერჯერობით არ ავრცელებს.

Tesla-ს შემოსავლები 2022 წლის IV კვარტალში რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Tesla-ს შემოსავლები 2022 წლის IV კვარტალში რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 24.3 მილიარდი დოლარის შემოსავლების გენერირება შეძლო, აქედან $21.3 მილიარდი პირდაპირ ელექტრომობილების გაყიდვებიდან იყო მიღებული.

CNN

IV კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებელი თითქმის 200 მილიონი დოლარით აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს და 33%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგზე.

შემოსავლების ზრდის მიუხედავად, შემცირებულია ელექტრომობილების გაყიდვებიდან მიღებული მოგების მარჟა, რომელიც 26%-ის ფარგლებშია. ეს უკანასკნელი ცვლილება კი იმაზე მიუთითებს, რომ ელექტრომობილების ბაზარზე Tesla-ს უკვე სხვა მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიებიც სათანადო კონკურენციას უწევენ. ანალიტიკოსების შეფასებით, დროსთან ერთად მოგების მარჟა კიდევ უფრო მეტად შემცირდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც აშშ-ის ბაზარზე ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიებიც შევლენ.

სხვათა შორის, ჩინეთი ის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ინვესტორებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მასკის განცხადებით, ჩინური კომპანიები ყველაზე გულმოდგინედ მუშაობენ და Tesla-სათვის ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ აზიური კომპანიები წარმოადგენენ და არც ამერიკული თუ ევროპული ანალოგები.

დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგების გარდა, Tesla ნევადის შტატში ახალი ქარხნების მშენებლობასაც აანონსებს, ინვესტიციის წინასწარი მოცულობა კი 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ზემოხსენებული პოზიტიური სიახლეები ინვესტორებმა და ტრეიდერებმა დადებითად მიიღეს – ბირჟის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 8%-ითაა გაზრდილი.