გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

ინდუსტრიაში პირველობისათვის რბოლა ჩვეული ტემპებით მიმდინარეობს და ეს შეუქცევადი პროცესი გამარჯვების გზაზე უამრავ სიახლეს ბადებს. გასული კვირის საავტომობილო სიახლეებიდან რამდენიმე მათგანის გამორჩევა ნამდვილად შესაძლებელია. Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის საავტომობილო მიმოხილვაში კი ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა: გერმანული BMW-ს მიერ მექსიკაში ახალი ინვესტიციების განთავსება, Ford-ის პრაგმატული ნაბიჯი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით კონკურენტებზე უპირატესობის მოსაპოვებლად, რა მიზეზით მოუხდა იაპონურ Honda-ს ათასამდე ავტომობილის უკან გამოხმობა, რა ფასად გაყიდა Bugatti-მ საკუთარი უნიკალური ავტომობილი აუქციონზე, რომელი ახალი მოდელების წარმოებას გეგმავს Toyota და სხვა.

BMW მექსიკაში ელექტრომობილების ბიზნესის განსავითარებლად $866 მილიონის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს

ავტომწარმოებლის მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული გიგანტი, BMW მექსიკის ერთ-ერთ ცენტრალურ შტატში ელექტრომობილების ბიზნესის განსავითარებლად $866 მილიონის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია მექსიკაში მაღალი ძაბვის ელემენტებისა და სრულად ელექტრო ავტომობილების ახალი სერიის მოდელების წარმოებას გეგმავს.

REUTERS/Toya Sarno Jordan

ამ გზით BMW მექსიკაში საკუთარ საქმიანობას კიდევ უფრო გააფართოებს და დამატებით 1000 სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის მიზანი ელექტრიფიკაციის პროცესში ინვესტიციების განხორციელებაა, რათა 2030 წლისთვის გაყიდვების ნახევარმა ელექტრომობილები შეადგინოს.

გერმანული გიგანტის განმარტებით, ინვესტიციის ნახევარზე მეტი ელემენტების საწარმოო ცენტრის შექმნას მოხმარდება და ამ ობიექტზე 500 ახალი თანამშრომელი განაწილდება. დანარჩენი 500 სამუშაო ადგილი კი სხვა ადგილებზე შეიქმნება.

დარჩენილი $300 მილიონი  მექსიკაში არსებულ საწარმოში ახალი საწარმოო ხაზის აშენებასა და მოწყობას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს BMW-ს მიერ ბიზნესის გაფართოების ერთადერთი გადაწყვეტილება არ არის. ცოტა ხნის წინ BMW-მ ჯერ $1.7 მილიარდის აშშ-ში ინვესტირების, შემდეგ კი 2 მილიარდი ევროს უნგრეთის ქარხანაში ინვესტირების შესახებ გვამცნო. როგორც ჩანს, ელექტრიფიკაციის პროცესში ინვესტირება ამჟამად BMW-ს ბიზნესგეგმის პრიორიტეტს წარმოადგენს.

Ford-ი Mustang Mach-E-ის ფასის შემცირებას გეგმავს

ამერიკული ავტომწარმოებლის, Ford Motor Co-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია საკუთარი ელექტრო-SUV-ის, Mustang Mach-E-ის ღირებულებას დაახლოებით 5,900 აშშ დოლარით შეამცირებს. საინტერესოა, რომ Ford-ის ეს გადაწყვეტილება Tesla-ს მიერ ავტომობილებზე ფასების 20%-ით შემცირების შესახებ განცხადებიდან ერთ კვირაში გაჟღერდა. როგორც ჩანს, Ford-ი Tesla-სთვის კონკურენციის გასაწევად იძულებულია, ფასები თავადაც შეამციროს.

REUTERS/Michaela Rehle/File Photo

შეგახსენებთ, Ford-მა წელს საკუთარი ელექტრომუსტანგის, Mach-E-ის წარმოების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია 2023 წელს 130,000 ერთეული Mustang Mach-E-ის წარმოებას გეგმავს. გასულ წელს ამ რიცხვმა 78,000 შეადგინა. საერთო ჯამში, 2023 წლის ბოლოსთვის კომპანია ჩინეთის ქარხნის დახმარებით წარმოების მოცულობის წლიურად 270,000 ერთეულამდე გაზრდას აპირებს. ამჟამად Ford-ი ელექტრომუსტანგის მოდელებს მეხიკოსა და ჩინეთში აწარმოებს.

საინტერესოა ისიც, რომ Ford-ის მიერ აღნიშნულ მოდელზე ფასის შემცირება მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში იმოქმედებს. Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიას ფასების შემცირებაში წარმოების გაზრდილი ტემპები დაეხმარა.

გასულ წელს კომპანიამ აშშ-ში 39,458 ერთეული Mustang Mach-E გაყიდა. 2021 წელს კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 27,140 ერთეული შეადგინა.

Ford-ისა და Tesla-ს გადაწყვეტილებებს კიდევ ერთი ამერიკული მწარმოებელი, General Motors-ი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკურენტების საპასუხოდ ფასების შემცირებას თავად არ გეგმავს.

საჰაერო ბალიშების პრობლემის გამო Honda აშშ-ში 8,200 ავტომობილის მძღოლს მართვის შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ში Honda-მ 8,200-მდე ავტომობილის მფლობელისათვის მართვის შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. როგორც ირკვევა, იაპონურმა კომპანიამ საჰაერო ბალიშების გაუმართაობის გამო ავტომობილის მართვის შეწყვეტა Honda-სა და Acura-ს მფლობელებისაგან მოითხოვა.

REUTERS/Kim Kyung-Hoon

კომპანიის განმარტებით საჰაერო ბალიშების, იმავე აირბაგების პრობლემა 2001-2003 წლების Honda Accord-ის, Civic CR-V-ისა და Odyssey-ის, ასევე Pilot-ისა და Acura-ს მოდელებს შეექმნათ. აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, ავტომობილის მძღოლებმა მართვისაგან თავი მანამ უნდა შეიკავონ, სანამ აღნიშნულ მოდელებს დილერები შეაკეთებენ.

ცნობისათვის, აღნიშნულ ავტომობილებში არსებული საჰაერო ბალიშების მწარმოებელთან პრეტენზიები უკვე დიდი ხანია, არსებობს. 2009 წლის შემდეგ მსოფლიო  მასშტაბით Takata-ს საჰაერო ბალიშთან დაკავშირებული 30-მდე ლეტალური შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ჩანს, აღნიშნული მოდელის აირბაგს ინფლატორის აფეთქების რისკი და შედეგად მეტალის ნაწილაკის გამოსროლის პოტენციური საფრთხე აქვს.

უნიკალური Bugatti Chiron Profilée აუქციონზე $10.7 მილიონად გაიყიდა

ავტომოყვარულებსა და კოლექციონერებს Bugatti-ს უნიკალური მოდელის, Chiron Profilee-ს შესაძენად უკანასკნელი შანსი ჰქონდათ. ჰიპერქარი საფრანგეთში, Sotheby’s-ის მიერ გამართულ აუქციონზე 10.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Bugatti Rimac

საინტერესოა, რომ ავტომწარმოებელი Chiron-ის Profilee ვერსიის ფართომასშტაბიან წარმოებას გეგმავდა. მომხმარებლებისაგან მიღებულმა დადებითმა უკუკავშირმა კომპანიას აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანისაკენ უბიძგა. თუმცა მანამ, სანამ Bugatti აღნიშნული ვერსიის განვითარებას დაასრულებდა, Chiron-ის 500-ვე ეგზემპლარი მოსალოდნელზე სწრაფად გაიყიდა. მიუხედავად ამისა, Bugatti-მ Profilee-ს პროექტის გაუქმების გადაწყვეტილება არ მიიღო და ერთი საჩვენებელი ეგზემპლარის წარმოება დაასრულა.

ავტომობილის უნიკალურობას სწორედ ეს გარემოება განაპირობებს. მისი შეფერილობაც კი სპეციალურად ამ ეგზემპლარისთვის შეიქმნა. ეს უკანასკნელი Bugatti Chiron Profilee-ს სხვა მოდელებისაგან დიზაინითაც განსხვავდება. გარდა ამისა, Profilee ყველაზე სწრაფად აჩქარებადი Chiron-იც გახლავთ. ავტომობილს 0-დან 100-მდე აჩქარებისათვის მხოლოდ 2.3 წამი სჭირდება. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის ელექტრონულადაა შეზღუდული და 380 კმ/სთ-ს შეადგენს.

ინდუსტრიის ანალიტიკოსების ვარაუდით, Bugatti Chiron Profilee 6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, კოლექციონერებისათვის აღნიშნული მოდელი ბევრად უფრო ღირებულ ეგზემპლარს წარმოადგენს. Bugatti Chiron Profilee-ს 10.7 მილიონ დოლარად გაყიდვამ, მას, ახალ ავტომობილებს შორის, აუქციონზე რეკორდის დამყარების საშუალება მისცა.

Toyota იაპონიაში ორ ახალ მდიდრულ მოდელს გამოუშვებს – Nikkei

Nikkei-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ბაზრის მდიდრულ სეგმენტში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, იაპონური ავტომწარმოებელი Toyota ორ ახალ მდიდრულ მოდელს აწარმოებს. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Nikkei აცხადებს, რომ შემდეგი ფინანსური წლის განმავლობაში იაპონური მწარმოებელი მშობლიურ ბაზარს ახალ მდიდრულ SUV-ს, Toyota Century-ს წარუდგენს.

REUTERS/Johanna Geron

Toyota-ს პრესსპიკერმა აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარისაგან თავი შეიკავა. რაც შეეხება მეორე მოდელს, ის სავარაუდოდ მისი ბრენდის, Lexus-ის LM მინივენ მოდელის განახლებული, მდიდრული ვერსია იქნება. ავტომობილის წარმოების დაწყების თარიღად 2024 წლის მარტი მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ Toyota-ს მიზანია 2030 წლისთვის ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში მხოლოდ ელექტრომობილები გაყიდოს. იმავე შედეგის მიღწევას კი ავტომწარმოებელი გლობალურად 2035 წლისთვის გეგმავს.

შვედური Volvo-ს გაყიდვები იანვარში მცირედით გაიზარდა

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, შვედური ავტომწარმოებლის, Volvo-ს გაყიდვები იანვარში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა და 48,520 ერთეული შეადგინა. საინტერესოა, რომ გლობალური ზრდის მიუხედავად Volvo-ს გაყიდვები შემცირდა ჩინეთში.

REUTERS/Yves Herman

ჩინური ავტომწარმოებლის, Geely Holding-ის კუთვნილი შვედური Volvo-ს გაყიდვები ძირითადად ბრიტანეთის, იტალიისა და ბელგიის ხარჯზე გაიზარდა. ჩინეთში გაყიდვების 20%-ით დაცემის მიზეზი კი ჩინური ახალი წელი და სადღესასწაულო პერიოდია.

მონაცემების თანახმად, არსებული გაყიდვების 16% ელექტრომობილებმა შეადგინა. დამუხტვადი მოდელების, ანუ ჰიბრიდების წილი კი 41%-ით განისაზღვრა.

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გასულ წელს ევროკავშირის მასშტაბით გაყიდულ ახალ ავტომობილებს შორის, ელექტრომობილების წილმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ევროპის საავტომობილო ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, 2022 წელს ბატარეაზე მომუშავე მანქანებმა ახალი ავტომობილების გაყიდვების 12.1% შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 და 2019 წლებში ელექტრომობილების წილი, შესაბამისად, 9.1% და 1.9% იყო.

Carsalesbase.com

შეგახსენებთ, რომ ბლოკის ქვეყნების მიზანი – წიაღისეული საწვავზე მომუშავე მანქანებზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებაა. ევროკავშირი 2035 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვასაც აკრძალავს. შედეგად, გასულ წელს, ელექტრომობილების გაყიდვები 28%-ით, 1.1 მილიონამდე გაიზარდა. ზრდის უმეტესი ნაწილი გერმანიის ბაზრის დამსახურებაა, სადაც გაყიდვებმა განსაკუთრებით წლის ბოლოს მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში გაყიდული ხუთი ახალი ავტომობილიდან ოთხი (79%) ელექტრო იყო. ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების აკრძალვას 2025 წლიდან, ევროკავშირის კანონმდებლობის ამოქმედებამდე 10 წლით ადრე გეგმავს. ერთადერთი ქვეყანა კი, სადაც გასულ წელს ელექტრომობილების გაყიდვა შემცირდა (-26.9%) იტალია იყო.

რაც შეეხება ჰიბრიდულ ავტომობილებს, მათ 2022 წელს ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების 22.6% შეადგინეს. პარალელურად კი, ევროკავშირში გაყიდულ მანქანებს შორის, მცირდება ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წილი, თუმცა ისინი კვლავ ახერხებენ ბაზრის ნახევარზე მეტის (52.8%) დაკავებას. თუმცა გასულ წელს დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებმა განსაკუთრებით იკლო, თითქმის 20%-ით შემცირდა და 1.5 მილიონ გაყიდულ ავტომობილს გაუტოლდა.