გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, მუჰამედ ალის ქამარი Heritage Auctions-ის მიერ გამართულ აუქციონზე 6.18 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ასევე გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე, ნეიმარს გადასახადებისთვის თავის არიდების გამო სასამართლო პროცესი ელის. NBA კი გერმანიაში პირველ და ევროპაში მეოთხე საცალო მაღაზიას ხსნის.
სიახლეებია ტრანსფერების მიმართულებით – „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლისანდრო მარტინესი „აიაქსისგან“ 56.7 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. „ბარსელონა“ კი ჟიულ კუნდეს 50 მილიონ ევროდ ყიდულობს. მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს მიმოვიხილავთ.
მუჰამედ ალის ქამარი აუქციონზე $6.18 მილიონად გაიყიდა
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, მუჰამედ ალის ისტორიული ქამარი Heritage Auctions-ის მიერ გამართულ აუქციონზე 6.18 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ის ამერიკული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში (NFL) მოასპარეზე გუნდის, „ინდიანაპოლის კოლტსის“ მფლობელმა ჯიმ ირსეიმ შეიძინა.
მუჰამედ ალიმ ქამარი 1974 წელს, ახლანდელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამართულ „Rumble in the Jungle“-ის სახელით ცნობილ ბრძოლაში გამარჯვების შედეგად მოიგო. ალიმ ამერიკელი მოკრივე, ჯორჯ ფორმენი მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ცნობისთვის, დაპირისპირებას 60,000 ადამიანი დაესწრო. ბრძოლამ მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლის მოზიდვა შეძლო. აქვე გეტყვით, რომ ათწლეულების შემდეგ, „Rumble in the Jungle“-ის შესახებ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა ოსკარი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არმიაში მსახურობასა და ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო ლიცენზიისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ჩამორთმევის შემდეგ, ალი კრივში სწორედ აღნიშნული ბრძოლით დაბრუნდა.
მუჰამედ ალის ქამრის ახალი მფლობელის, ჯიმ ირსეის განცხადებით, ლეგენდარული მოკრივის მიერ მოპოვებული ჯილდო 2 აგვისტოს – ჩიკაგოში, ხოლო 9 სექტემბერს ინდიანაპოლისში გამოიფინება.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლისანდრო მარტინესი £56.7 მილიონად შეიძინა
ინგლისურმა გრანდმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლისანდრო მარტინესი „აიაქსისგან“ 56.7 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობს, პრემიერ-ლიგის კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, „იუნაიტედი“ უშუალოდ მარტინესის სანაცვლოდ ნიდერლანდურ კლუბს £48.3 მილიონს გადაუხდის, დამატებით £8.4 მილიონს კი კონტრაქტის ბონუსებში დახარჯავს.
„ჩემთვის დიდ პატივია, რომ ამ საფეხბურთო კლუბს ვუერთდები. იმდენი ვიმუშავე ამ მომენტამდე მოსასვლელად. წილად მხვდა ბედნიერება, კარიერაში წარმატებული გუნდების ნაწილი ვყოფილიყავი და მსურს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემთხვევაშიც ასე იყოს. წარმატებამდე მისასვლელად ბევრი სამუშაო იქნება საჭირო, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ მენეჯერისა და მწვრთნელების დახმარებით, ახალ თანაგუნდელებთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა ლისანდრო მარტინესმა.
ლისანდრო მარტინესი „აიაქსში“ არგენტინული „დეფენსიდან“ 2019 წლის ივლისში გადავიდა. ნიდერლანდელებმა ფეხბურთელში 7 მილიონი ევრო გადაიხადეს. 24 წლის მარტინესს საერთო ჯამში საკლუბო ჩემპიონატების ფარგლებში 177 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაში, მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელმა, 9 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ნეიმარს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით სასამართლო პროცესი ელის
ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეს, ნეიმარს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით სასამართლო პროცესი ელის. საქმე ეხება ცხრა წლის წინ განხორციელებული ტრანსფერის სადავო დეტალებს. შეგახსენებთ, 2013 წელს ნეიმარი „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა.
ესპანეთის საგადასახადო ორგანოების მტკიცებით, ნეიმარმა ბრაზილიური კლუბიდან „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ გადასახადებს თავი აარიდა – საუბარია 8.4 მილიონ ევროზე. ისინი ფეხბურთელისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთასა და €10-მილიონიან კომპენსაციას ითხოვენ.
ნეიმართან პრეტენზიები აქვს ბრაზილიურ საინვესტიციო კომპანია DIS-ისაც, რომელიც, როგორც თვითონ აცხადებს, ფეხბურთელის უფლებების 40%-ს ფლობს. შესაბამისად, DIS-ის თქმით, 2013 წელს განხორციელებული ტრანსფერის საფასურის 40% მას უნდა მიეღო. თუმცა, მისივე განცხადებით, კომპანიას გაცილებით ნაკლები თანხა ერგო.
DIS-ის ნეიმარის ტრანსფერიდან 6.8 მილიონი ევრო ხვდა წილად. კომპანიის თქმით, მისთვის 3.2 მილიონი ევროთი მეტი თანხა უნდა გადაეხადათ, ვინაიდან, როგორც თვითონ ამტკიცებს, „ბარსელონისგან“ „სანტოსმა“ არა 17.1 მილიონი ევრო, არამედ, რეალურად, 25.1 მილიონი ევრო მიიღო. აღნიშნულის გამო DIS-ი ნეიმარისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთასა და €100-მილიონიან კომპენსაციას ითხოვს.
აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებულ საქმეში ნეიმართან ერთად ბრალდებულნი არიან ფეხბურთელის მშობლები და „ბარსელონის“ ყოფილი პრეზიდენტები – ხოსეპ ბართომეუ და სანდრო როსელი.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრიდან ორი კვირის განმავლობაში გაიმართება, კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
NBA გერმანიაში პირველ საცალო მაღაზიას გახსნის
ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ევროპაში გაფართოებას ცდილობს და გერმანიაში პირველი საცალო მაღაზიის გახსნას გეგმავს. NBA პროექტს ქვეყნის დედაქალაქ ბერლინში სპორტული საქონლის საერთაშორისო კომპანია Fanatics-თან ერთად ახორციელებს.
ახალი მაღაზია, რომელსაც საცალო გიგანტი Lids-ი უხელმძღვანელებს, ევროპაში NBA-ის მეოთხე მაღაზია იქნება. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას საცალო სავაჭრო სივრცეები საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონსა და იტალიის ქალაქ მილანში აქვს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაღაზია შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც ცნობილია, ის დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრის ფართობს დაიკავებს და ევროპაში NBA-ის უდიდესი მაღაზია იქნება.
სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილი იქნება NBA-ისა და ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მაისურები, სხვა სახის ტანსაცმელი, სათამაშოები და საკოლექციო ნივთები. მაღაზიაში განთავსებული იქნება ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა Nike-ი, Mitchell & Ness-ი, New Era და Wilson-ი.
სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-დან მიდის
35 წლის გერმანელი მრბოლელი, სებასტიან ფეტელი მიმდინარე წლის სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია Aston Martin-ის ფორმულა 1-ის გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
„მქონდა პრივილეგია, მემუშავა ფორმულა 1-ში ბევრ ფანტასტიკურ ადამიანთან ერთად ბოლო 15 წლის განმავლობაში. კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ძალიან რთული იყო და ამაზე ფიქრში დიდი დრო გავატარე. უნდა დავფიქრდე იმაზე, თუ რას გავაკეთებ მომავალში. ჩემთვის ნათელია, რომ ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარება მსურს. ეს არ არის გამოსამშვიდობებელი მიმართვა – უბრალოდ, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით გულშემატკივრებს, რომელთა მგზნებარე მხარდაჭერის გარეშე ფორმულა 1 ვერ იარსებებდა“, – ვკითხულობთ „ასტონ მარტინის“ პილოტის განცხადებაში.
სებასტიან ფეტელის დებიუტი ფორმულა 1-ში 2007 წელს შედგა. გერმანელმა მრბოლელმა ზედიზედ ოთხი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო Red Bull-ისთვის 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში.
2015 წელს ფეტელი Ferrari-ის გუნდს შეუერთდა, 2021 წლიდან კი Aston Martin-ის ფორმულა 1-ის გუნდის პილოტია. 2022 წლის სეზონში გერმანელმა კორონავირუსის გამო ორი რბოლა გამოტოვა. როგორც ცნობილია, ფეტელი ბოლო რბოლას ნოემბერში, აბუ-დაბის გრან-პრიზე გამართავს.
სებასტიან ფეტელს კარიერის განმავლობაში 290 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან გამარჯვების მოპოვება – 53-ჯერ, პოდიუმზე ასვლა კი 122-ჯერ შეძლო.
„ბარსელონა“ ჟიულ კუნდეს 50 მილიონ ევროდ ყიდულობს
„ბარსელონამ“ ფრანგი ფეხბურთელის, ჟიულ კუნდეს ტრანსფერთან დაკავშირებით „სევილიასთან“ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
კუნდეს ბარსელონაში გადასვლამდე სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს. ამის შემდეგ კი ის ესპანურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროცედურები მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს და კუნდე უკვე „ბარსელონის“ ფეხბურთელია.
ჯიულ კუნდე, რომელიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს, „სევილიას“ ფრანგული „ბორდოდან“ 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. ესპანელებმა ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო გადაიხადეს.
კუნდეს საკლუბო ჩემპიონატების ფარგლებში საერთო ჯამში 204 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. 23 წლის მცველის ანგარიშზე 13 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში „ბარსელონა“ არაერთი ფეხბურთელით გაძლიერდა. მათ შორის კატალონიელებმა მიუნხენის „ბაიერნიდან“ – რობერტ ლევანდოვსკი, „ლიდსიდან“ – რაფინა, „ჩელსიდან“ – ანდრეას კრისტენსენი, ხოლო „მილანიდან“ ფრანკ კესიე დაიმატეს.