გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირა მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. Forbes-მა 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ათეული გამოაქვეყნა. მანამდე, ტოდ ბოლის კონსორციუმმა „ჩელსის“ წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია და კლუბი 4.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ინგლისის პრემიერ-ლიგის კიდევ ერთმა კლუბმა, „მანჩესტერ სიტიმ“ კი ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელა ასევე EA Sports-მა, რომლის ცნობითაც, 2023 წლიდან ის FIFA-სთან თანამშრომლობას შეწყვეტს და ამის შემდეგ თამაშებს დამოუკიდებლად გამოუშვებს.

ბოლო დღეებში ორი საყურადღებო ანგარიშიც გამოქვეყნდა: ერთის თანახმად, UEFA-მ, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატების შეფერხებით გამართვის მიუხედავად, 2020/21 წლების სეზონში რეკორდული რაოდენობის შემოსავალი მიიღო; მეორეს მიხედვით კი  პანდემიის გამო ესპანეთის პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების კლუბებმა 2020/21 წლების სეზონში საერთო ჯამში 892 მილიონი ევროთი იზარალეს.

Forbes-მა 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ათეული გამოაქვეყნა

Forbes-მა 2022 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერი, $130-მილიონიანი შემოსავლით, PSG-ის ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა. მან ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების სიის პირველი ადგილი 2019 წლის შემდგომ მეორედ მოიპოვა. საერთო ჯამში, მსოფლიოს ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის შემოსავალმა 2022 წელს $992 მილიონი შეადგინა, რაც ისტორიაში სპორტსმენთა ჯამური შემოსავლის მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ფოტო: Forbes

საფეხბურთო სამყაროში მესის მთავარი კონკურენტი, Manchester United-ის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ Forbes-ის 2022 წლის რეიტინგში $115 მილიონით მესამე ადგილს დასჯერდა. ამ უკანასკნელმა მეორე პოზიცია Los Angeles Lakers-ის კალათბურთელს, $121.2-მილიონიანი შემოსავლის მქონე ლებრონ ჯეიმსს დაუთმო. აღსანიშნავია, რომ ლებრონმა, გასულ წელს, NBA-ის მოთამაშეების შემოსავლებში მის მიერვე დამყარებული $96.5-მილიონიანი რეკორდი მოხსნა და ასევე მეათე სპორტსმენი გახდა, რომლის მოგებამაც ერთ წელიწადში $100 მილიონს გადააჭარბა.

Forbes-ის 2022 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი: PSG-ის ფეხბურთელი – $130 მილიონი

ხელფასი: $75 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი

2. ლებრონ ჯეიმსი: Los Angeles Lakers-ის კალათბურთელი – $121.2 მილიონი

ხელფასი: $41.2 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $80 მილიონი

3. კრიშტიანუ რონალდუ: Manchester United-ის ფეხბურთელი – $115 მილიონი

ხელფასი: $60 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი

4. ნეიმარი: PSG-ის ფეხბურთელი – $95 მილიონი

ხელფასი: $70 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $25 მილიონი

5. სტეფენ კარი: Golden State Warriors-ის კალათბურთელი – $92.8 მილიონი

ხელფასი: $45.8 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $47 მილიონი

6. კევინ დურანტი: Brooklyn Nets-ის კალათბურთელი – $92.1 მილიონი

ხელფასი: $42.1 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $50 მილიონი

7. როჯერ ფედერერი: ჩოგბურთელი – $90.7 მილიონი

ხელფასი: $0.7 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $90 მილიონი

8. კანელო ალვარესი: მოკრივე – $90 მილიონი

ხელფასი: $85 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $5 მილიონი

9. ტომ ბრედი: Tampa Bay Buccaneers-ის ფეხბურთელი – $83.9 მილიონი

ხელფასი: $31.9 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $52 მილიონი

იანის ანტეტოკუნმპო: Milwaukee Bucks-ის კალათბურთელი – $80.9 მილიონი

ხელფასი: $39.9 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $41 მილიონი

ტოდ ბოლის კონსორციუმმა „ჩელსი“ 4.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგად შეიძინა

ტოდ ბოლი ლონდონის „ჩელსის“ ახალი მფლობელი გახდა. შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია კლუბის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათივე ცნობით, ამერიკელმა ბიზნესმენმა პარტნიორებთან ერთად „ჩელსი“ 4.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უშუალოდ კლუბის აქციების შეძენას მოხმარდება. როგორც ცნობილია, ეს თანხა გაყინულ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება და მთლიანად ქველმოქმედებაში დაიხარჯება. მისი განკარგვა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ნებართვით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება დარჩენილ 1.75 მილიარდ გირვანქა სტერლინგს, ეს თანხა „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონს, კლუბის აკადემიას, ქალთა გუნდსა და „ჩელსის“ ფონდის დაფინანსებას მოხმარდება.

ბoლის კონსორციუმი, რომელშიც მის გარდა ბეისბოლის გუნდ LA Dodgers-ის თანამფლობელი მარკ უოლტერი, შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსიორგ ვისი და საინვესტიციო ფირმა Clearlake Capital-ი ერთიანდებიან, უპირატეს პრეტენდენტად Raine Group-მა დაასახელა –  ამერიკულმა ბანკმა, რომელიც კლუბის გაყიდვის პროცესს აკონტროლებდა.

ფოტო: AFP

ტოდ ბოლის ჯგუფს კონკურენციას უწევდნენ International Airlines Group-ის თავმჯდომარის მოადგილე მარტინ ბროუტონი და მისი პარტნიორები: ჩოგბურთისა და ფორმულა 1-ის ვარსკვლავები, სერენა უილიამსი და ლუის ჰამილტონი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, სებასტიან კოუ და საკალათბურთო გუნდ „ფილადელფია სევენთი-სიქსერსის“ მფლობელები, ჯოშ ჰარისი და დევიდ ბლიცერი. „ჩელსის“ შეძენით ასევე დაინტერესებულნი იყვნენ NBA-ის გუნდ „ბოსტონ სელტიკსის“ თანამფლობელი სტივენ პალიუკა და ბრიტანელი მილიარდერი, ჯიმ რეტკლიფი, რომელიც ნავთობქიმიური კომპანია Ineos-ის მესაკუთრეა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ყოფილმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა კლუბის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება დაიწყო. მალევე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შვიდ რუს ოლიგარქს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან კავშირის გამო ქვეყანაში ყველა აქტივი გაუყინა. შედეგად, „ჩელსის“ მფლობელს კლუბის გაყიდვის უფლება ჩამოართვეს. „ჩელსის“ გაყიდვაზე პასუხისმგებლობა ბრიტანეთის მთავრობამ აიღო, პროცესის გაკონტროლება კი Raine Group-ს დაევალა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერი დაადასტურა

ნორვეგიელი ფეხბურთელი, ერლინგ ჰაალანდი მომავალი სეზონიდან „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს. ინგლისური კლუბის ცნობით, თავდამსხმელის გადაბირებასთან დაკავშირებით დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია. ჰაალანდი „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურად მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან შეუერთდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სიტი“ ნორვეგიელ ფეხბურთელს 51.1 გირვანქა სტერლინგად შეიძენს. თუმცა ინგლისურ კლუბს ტრანსფერის განსახორციელებლად, აგენტის საფასურის, ხელმოწერის ბონუსისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, საერთო ჯამში 85.5 გირვანქა სტერლინგის დახარჯვა მოუწევს.

როგორც ცოტა ხნის წინ Dailymail-მა განაცხადა, „მანჩესტერ სიტი“ ჰაალანდს კვირაში 500,000 გირვანქა სტერლინგის გადახდაზე შეუთანხმდა.

ფოტო: BBC Sport

ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდის „ბორუსიის“ რიგებს 2020 წლიდან შეუერთდა. მანამდე ის „ზალცბურგის“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში ჰაალანდს „ბორუსიის“ მაისურით გერმანიის „ბუნდესლიგაში“ 23 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 21 გოლის გატანა და რვა საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე სამ მატჩში თავი სამი გოლით გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ „ბორუსიამ“ ჰაალანდს შემცვლელი უკვე მოუძებნა – ეს „ზალცბურგის“ ფორვარდი კარიმ ადეიემია. გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ადეიემი „ბორუსიაში“ 2027 წლამდე ითამაშებს.

EA Sports-ი FIFA-სთან თანამშრომლობას წყვეტს

Electronic Arts-ის შვილობილი კომპანია EA Sports-ი FIFA-სთან თანამშრომლობას წყვეტს. აღსანიშნავია, რომ ვიდეოთამაშების შემქმნელი კომპანიისა და ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ურთიერთობა დაახლოებით 30 წელს ითვლის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის თანამშრომლობა პროექტ FIFA 23-ით დასრულდება. თამაში მიმდინარე წლის ბოლოს შეიქმნება.

კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის ცნობით, FIFA-სთან პარტნიორობის შეწყვეტის შემდეგ, 2023 წლიდან თამაშები EA Sports FC-ის სახელწოდებით გამოვა. მისივე განცხადებით, ეს სრულიად ახალი, დამოუკიდებელი პლატფორმა ინოვაციებისა და განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას შექმნის.

ფოტო: Electronic Arts

როგორც ცნობილია, ამერიკული კომპანია EA Sports FC-ში FIFA-ს მიერ ორგანიზებული ტურნირების, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის კონტენტს ვეღარ გამოიყენებს. თუმცა ირკვევა, რომ ის შეინარჩუნებს სალიცენზიო გარიგებებს წამყვან ეროვნულ ლიგებთან, მათ შორის ინგლისის პრემიერ-ლიგასთან, გერმანიის „ბუნდესლიგასთან“ და ესპანეთის „ლა ლიგასთან“. თანამშრომლობა ასევე გაგრძელდება UEFA-ს მიერ ორგანიზებულ ჩემპიონთა ლიგასთან.

ცნობისთვის, New York Times-ის ინფორმაციით, FIFA-ს ფრენჩაიზმა გასული ორი ათწლეულის განმავლობაში გაყიდვებით 20 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის შეგროვება შეძლო.

ანგარიში: UEFA-მ 2020/21 წლების სეზონში რეკორდული რაოდენობის შემოსავალი მიიღო

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატების შეფერხებით გამართვის მიუხედავად, ორგანიზაციამ 2020/21 წლების სეზონში რეკორდული რაოდენობის შემოსავალი, 5.725 მილიარდი ევრო მიიღო.

ცნობისთვის, 2019/20 წლების სეზონში UEFA-ის შემოსავალმა 3 მილიარდ ევროს მცირედ გადააჭარბა. რაც შეეხება წინა რეკორდს, ის 2015/16 წლების სეზონში დამყარდა, როდესაც მოცემულმა მაჩვენებელმა 4.58 მილიარდი ევრო შეადგინა. ხსენებული შემოსავლის დიდ ნაწილს ორგანიზაცია 2016 წელს, საფრანგეთში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს (UEFA Euro 2016) უნდა უმადლოდეს.

UEFA-მ ფინანსური ანგარიშის გასაჯაროებასთან ერთად ასევე განაცხადა, რომ 2024-2028 წლებში HatTrick-ის დახმარების პროგრამის ფარგლებში ეროვნული საფეხბურთო ასოციაციების დაფინანსება 21%-ით გაიზრდება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობებისთვის 935 მილიონი ევრო გამოიყოფა, თითოეული ეროვნული ასოციაცია კი ოთხ წელიწადში 17 მილიონ ევრომდე თანხის მიღებას შეძლებს.

ლიონელ მესი საუდის არაბეთის ტურიზმის ელჩი გახდა

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ლიონელ მესი საუდის არაბეთის ტურიზმის ელჩი გახდა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი ქვეყანას 9 მაისს, ოჯახის წევრებთან და თანაგუნდელ ლეანდრო პარედესთან ერთად ესტუმრა.

საუდის არაბეთში ჩასული მესი ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა, აჰმედ ალ-ხატიბმა მიიღო. ფრანგული მედიის ცნობით, შესაძლოა, ვიზიტი მესის ახალ პოზიციაზე პრეზენტაციას უკავშირდებოდეს.

„მოხარული ვარ ლიონელ მესის საუდის არაბეთში სტუმრობით. ასევე მიხარია, რომ ის გაეცნობა წითელი ზღვის საგანძურს, Jeddah Season-სა და ჩვენს უძველეს ისტორიას. ეს არ არის მისი პირველი ვიზიტი სამეფოში და არც უკანასკნელი იქნება“, – განაცხადა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა.

ფოტო: Twitter

საუდის არაბეთში მყოფმა მესიმ Instagram-ზე ფოტოები გამოაქვეყნა სათაურით: „აღმოაჩინე წითელი ზღვა საუდის არაბეთში“.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მესის კლუბი, „პარი სენ-ჟერმენი“ კატარის საკუთრებაა – ქვეყნის, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში საუდის არაბეთთან დიპლომატიური დავა ჰქონდა გაჩაღებული.

ანგარიში: პანდემიის გამო, ესპანურმა კლუბებმა 2020/21 წლების სეზონში €892 მილიონით იზარალეს

კორონავირუსის პანდემიის გამო, ესპანეთის პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების კლუბებმა 2020/21 წლების სეზონში საერთო ჯამში 892 მილიონი ევროთი იზარალეს. ამ საფეხბურთო ლიგების მმართველი ორგანო LaLiga-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე, 2021/22 წლების სეზონში, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, კლუბები სამჯერ ნაკლებ, €297-მილიონიან დანაკარგს მოელიან.

გარდა ამისა, გასულ სეზონთან შედარებით, ე.წ. მატჩის დღეების შემოსავლის გაორმაგებაა მოსალოდნელი, რა შემთხვევაშიც ის დაახლოებით 742 მილიონ ევროს გაუტოლდება.

ფოტო: Diego Souto

LaLiga-ს ინფორმაციით, 2020/21 წლების სეზონში ორივე დივიზიონში მოასპარეზე კლუბებმა ერთობლივად 3.82 მილიარდ ევროზე მცირე შემოსავალი მიიღეს. ეს 24,1%-ით ნაკლებია წინა, 2019/20 წლების სეზონის მაჩვენებელზე, რომელმაც 5 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

LaLiga მიმდინარე სეზონში პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების კლუბების საერთო შემოსავლის 5%-ით ზრდას პროგნოზირებს. ამასთანავე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ კუთხით კლუბები პანდემიამდელ მდგომარეობას, სავარაუდოდ, 2023/24 წლების სეზონში დაუბრუნდებიან.