გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა – მათ შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Apple-ის მიერ USB-C-ტიპის დასამუხტ პორტზე გადასვლის გადაწყვეტილების დადასტურება და ილონ მასკის მიერ Twitter-ის საბოლოოდ შესყიდვა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ამიერიდან ევროპაში გაყიდულ iPhone-ებს USB-C-ტიპის პორტი ექნებათ

გასული კვირის ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას, ამერიკულ Apple-ს და მის ევროპულ ოპერაციებს უკავშირდება – როგორც იქნა, დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ, Apple-მა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ამიერიდან ევროპაში გაყიდულ iPhone-ებს, Lightning-პორტის ნაცვლად, USB-C-ტიპის პორტი ექნებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება Apple-ის გლობალური მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ჯოზვიაკმა, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტთან საუბრისას გააჟღერა. „ცხადია, უნდა დავთანხმდეთ – სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – განაცხადა ჯოზვიაკმა, რომელმაც დასძინა, რომ USB-C-ტიპის პორტის გამოჩენის თარიღი ევროპელ კანონმდებლებზე არის დამოკიდებული.

ამ ლოგიკით, USB-C-ტიპის პორტის მქონე პირველ iPhone-ებს 2023 წლის ოქტომბერში უნდა ველოდოთ, რადგან სხვა შემთხვევაში, Apple-ი ვერ შეასრულებს რეგულაციას, რომელიც ძალაში 2024 წლის შემოდგომაზე შედის. ცნობისთვის გეტყვით, რომ Apple-ის ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი არ არის – ის ევროკავშირის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციას უკავშირდება, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ Apple-ის მიერ ევროკავშირის ბაზარზე USB-C-ტიპის პორტზე გადასვლის გადაწყვეტილების არანებაყოფლობითობაზე თავად გრეგ ჯოზვიაკი საუბრობს – მანამ, სანამ მენეჯერი აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებდა, მან რამდენიმე წუთი დაყო იმის ასახსნელად, რომ Apple-ი ინოვაციის წინა ხაზზე არსებული კომპანიაა, რომელიც პროგრესის განსაზღვრისთვის საკუთარ ინჟინრებს ენდობა და არა ინდუსტრიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს. ჯოზვიაკმა განაცხადა ისიც, რომ დამტენების სტანდარტიზების საკითხი ჯერ კიდევ მაშინ მოგვარდა, როცა კომპანიებმა რამდენიმენაწილიანი დამტენები შემოიღეს, რითაც მომხმარებლებს არჩევანის თავისუფლება მისცეს.

თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეიძლება, Apple-მა USB-C-ტიპის დასამუხტ პორტზე გადასვლაზე თავიდან ბოლომდე უარი თქვას და მომავალი თაობის სმარტფონები საერთოდ პორტის გარეშე გამოუშვას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უახლესი თაობის iPhone-ების დამუხტვა Bluetooth-ის საშუალებითაც შეიძლება, ზემოხსენებული ვარაუდი არცთუ ისე უსაფუძვლოა.

Google-მა ციფრული ავატარების შემქმნელი სტარტაპი, Alter-ი $100 მილიონად შეისყიდა

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, ამერიკულმა Google-მა ჩეხურ-ამერიკული სტარტაპი, Alter-ი შეისყიდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სხვადასხვა სოციალური ქსელისთვის ციფრული ავატარების შექმნაზე მუშაობს – ამის შესახებ გამოცემა TechCrunch-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს $100-მილიონიანი გარიგება ჯერ კიდევ ორი თვის წინ შედგა, მაგრამ დღემდე არ გასაჯაროებულა. საინტერესოა, რომ Google-ის მიერ Alter-ის შესყიდვა დაადასტურა Alter-ის თანადამფუძნებელმა და ოპერაციულმა დირექტორმა, ჯონათან სლიმაკმა, რომელმაც LinkedIn-ზე დაწერა, რომ „Google-სთვის ავატარების შექმნას იწყებს“.

ფოტო: Alter

როგორც TechCrunch-ის მასალიდან ვიგებთ, აღნიშნული სტარტაპი Google-მა TikTok-თან კონკურენციისთვის იყიდა, მაგრამ კონკრეტულად რა სახის პაექრობაში შესვლას აპირებს ამერიკული გიგანტი, ჯერჯერობით უცნობია. თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Alter-ი Google-ის საკუთრებაში არსებულ YouTube Shorts-თან იქნება დაკავშირებული, რომელიც ამერიკული გიგანტის პროდუქტებს შორის TikTok-ის ყველაზე ახლო ანალოგია. საინტერესოა, რომ თავად YouTube Shorts-ი, რომელიც Google-მა 2021 წლის ზაფხულში წარადგინა, წარმოუდგენლად პოპულარული აღმოჩნდა – გაშვებიდან ერთი წლის თავზე პლატფორმას 1.5 მილიარდი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

Shutterstock-ი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათების გაყიდვას იწყებს

რამდენიმე თვეში სტანდარტული სურათების გასაყიდი ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Shutterstock-ი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სურათებს გაყიდის, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. როგორც ირკვევა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რომელსაც Shutterstock-ი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმასთან, OpenAI-სთან ერთად განახორციელებს, Shutterstock-ი „კონტრიბუტორთა ფონდსაც“ შექმნის, რომლიდანაც იმ კრეატორებს გადაუხდის თანხას, რომლებიც მის ხელოვნურ ინტელექტს განვითარებაში დაეხმარებიან.

ფოტო: Shutterstock

„შემოქმედებითი მედიუმები მუდმივად ვითარდება და ფართოვდება. ვაცნობიერებთ, რომ ამ ევოლუციის მხარდაჭერა და ინოვაციის მამოძრავებელი გენერაციული ტექნოლოგიის ეთიკურობის დაცვა – ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა Shutterstock-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პოლ ჰენესიმ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს ორ კომპანიას შორის გაჩაღებული თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის – გასული წლიდან მოყოლებული, OpenAI-ი Shutterstock-ისგან სურათებსა და მეტადატას ყიდულობდა, რომელსაც საკუთარი პროექტის, DALL-E-ის გაწვრთნისთვის იყენებს. თუმცა ამიერიდან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ხოლო DALL-E იმ ადამიანების კონკურენტად იქცევა, რომელთა სურათებითაც განვითარდა.

სტრიმინგ-პლატფორმა Spotify-ის გამომწერთა რიცხვმა 195 მილიონს გადააჭარბა

გასულ კვირას მუსიკალური სტრიმინგის მსოფლიოს უდიდესმა პლატფორმამ, შვედურმა Spotify-მ მომხმარებელთა დინამიკის შესახებ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა: როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სტრიმინგ-სერვისის გადამხდელ გამომწერთა რიცხვმა შვიდი მილიონით იმატა და 195 მილიონს გადააჭარბა. აქვე უნდა ითქვას, რომ წლის ბოლომდე შვედურ გიგანტს 200-მილიონიანი ნიშნულის გადალახვა სურს.

ისე კი, მომხმარებელთა ბაზის ზრდის მიუხედავად, შვედური კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებას არცთუ დადებითად შეხვდნენ უოლ-სტრიტზე – წლიდან წლამდე Spotify-ის აქციების ღირებულება თითქმის 72%-ითაა შემცირებული. ამასთანავე, შემცირებულია შვედური კომპანიის მოგების მარჟაც – შარშან, ამავე პერიოდში, ეს მაჩვენებელი 24.7% იყო, მაგრამ წელს ის ორი საპროცენტო პუნქტით შემცირდა. აღნიშნულ კლებას Spotify-ში ვალდებულებების მაჩვენებლის კორექტირებას უკავშირებენ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულწილად Spotify-ის მომხმარებელთა ბაზის ზრდა პლატფორმის მიერ პოდკასტების მიმართულებით გააქტიურებას უკავშირდება – დღეს Spotify-ის პოდკასტებს 4.7 მილიონი მომხმარებელი უსმენს, რაც სამასი ათასი მომხმარებლით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში. აქვე უნდა ითქვას, რომ პოდკასტების ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მიმართულება ჯერჯერობით მოგებიანი არ არის.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც Spotify-ის მესვეურებმა ინვესტორთა შეხვედრაზე განიხილეს – კომპანიის საფასო პოლიტიკა იყო. აღნიშნული თემა, ცხადია, პირდაპირ უკავშირდება შვედური გიგანტის მთავარ კონკურენტს, ამერიკულ Apple Music-ს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მომსახურების ფასების ზრდის შესახებ განაცხადა. საინტერესოა, რომ აღნიშნულ შეკითხვას Spotify-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დანიელ ეკმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ ის, რომ Apple Music-ის ამ გადაწყვეტილებამ ფასების გაზრდის შესაძლებლობა გააჩინა – ფაქტია.

Radio Flyer-მა Tesla-ს საბავშვო კიბერკვადროციკლები უკან გამოიხმო – მიზეზი უსაფრთხოებაა

ამერიკულმა კომპანია Radio Flyer-მა Tesla-ს $1900-იანი საბავშვო კიბერკვადროციკლები უკან გამოიხმო, რადგან, როგორც სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის (CPSC) განცხადებიდან ვიგებთ, ისინი საბავშვო კვადროციკლებისთვის დაწესებულ უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. საერთო ჯამში, საუბარია ხუთი ათას კვადროციკლზე, რომელთა ჯამური ღირებულება $9.5 მილიონია.

ფოტო: Tesla

შეგახსენებთ, რომ საბავშვო კვადროციკლები Tesla-მ საკუთარ ფლაგმან ავტომობილთან, Cybertruck-თან ერთად, გასული წლის დეკემბერში წარადგინა. თუმცა, საინტერესოა, რომ თურმე აღნიშნულ კვადროციკლთან Tesla-ს შეხება არ ჰქონია და ის Radio Flyer-ს მხოლოდ ზოგადი დიზაინის მიმართულებით ეხმარებოდა.

როგორც ირკვევა, კიბერკვადროციკლს ფოლადის კარკასი და ელექტროძალური აგრეგატი აქვს, რომლის დახმარებით კვადროციკლს 16 კმ/სთ-ში სიჩქარით გადაადგილება შეუძლია. CSPC-ის განცხადებით, კვადროციკლმა მექანიკურ საკიდართან და საბურავების მაქსიმალურ წნევასთან დაკავშირებული მინიმალური სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. ამასთანავე, კვადროციკლს არ მოჰყვება სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, რომელშიც მძღოლის სარეკომენდაციო ასაკი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები არის გაწერილი.

როგორც ჩანს, უსაფრთხოების სტანდარტების არდაკმაყოფილებას Radio Flyer-ი სერიოზულად უდგება – კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებმა კიბერკვადროციკლი მყისიერად უნდა გამორთონ, მას მართვის ბლოკი ამოაცალონ და, გადახდილი თანხის დასაბრუნებლად, ის Radio Flyer-ის ოფისში გაგზავნონ. თუ Tesla-ს კიბერკვადროციკლი თქვენც გყავთ, აღნიშნული პროცესის დაწყება ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ კიბერკვადროციკლი არ არის პირველი პროექტი, რომელიც Radio Flyer-მა Tesla-სთვის შეასრულა – ამ დრომდე Radio Flyer-ს Tesla Model S-ისა და Tesla Model Y-ის საბავშვო ვერსიები აქვს გამოშვებული. ისე კი, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ კვირას საკუთარი ავტომობილები თავად Tesla-მაც გამოიხმო – საუბარია Model 3-ის ოცდაოთხი ათას მოდელზე, რომელთაც ხარვეზი უსაფრთხოების ღვედთან დაკავშირებით აღენიშნებათ.

როგორც იქნა, ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდა

რამდენიმეთვიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, როგორც იქნა, პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა სოციალური ქსელი Twitter-ი ოფიციალურად შეიძინა და კომპანიაში ცვლილება უმაღლესი მენეჯმენტის წევრების გაშვებით დაიწყო. პირველივე დღეს ილონ მასკმა კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, პარაგ აგრავალი, ფინანსური დირექტორი ნედ სიგალი და მთავარი იურისტი ვიჯაია გადი გადააყენა.

სოციალური ქსელის სათავო ოფისში გამართულ პირველ შეხვედრას ილონ მასკი Twitter-ში გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ „ჩიტი გათავისუფლდა“ – ცხადია, აღნიშნული განცხადება სწორედ მაღალი მენეჯმენტის დათხოვნას უკავშირდება, რადგან, მასკის თქმით, პლატფორმის პოლიტიკურობა და ცენზურა სწორედ მენეჯმენტს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველი ცნობები რამდენიმე თვის წინ გავრცელდა – მას მერე ილონ მასკმა სხვადასხვა კომპანიისგან $44 მილიარდი მოიზიდა, მათ შორის $13 მილიარდი, რომელიც მასკმა საბანკო ვალდებულების სახით აიღო. თანხის დარჩენილი ნაწილის დასაფარად, ილონ მასკმა Tesla-ს აქციების გაყიდვა გადაწყვიტა. ამასთანავე, ამ პროცესში მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟაც ჩაერთო – Binance-ის დამფუძნებლის თქმით, მისმა კომპანიამ ილონ მასკს $500 მილიონი გამოუყო.

ვალდებულებების მოცულობა საფინანსო ორგანიზაციების მიხედვით ასე გადანაწილდა:

Morgan Stanley – $3.5 მილიარდი

Bank of America – $2.7 მილიარდი

Barclay’s – $2.7 მილიარდი

MUFG – $2.7 მილიარდი

BNP Paribas – $650 მილიონი

Mizuho – $475 მილიონი

Societe Generale – $275 მილიონი