გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

ბოლო დროს ტექნოლოგიურ სამყაროში ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენაზე იყო კონცენტრირებული, მათ შორის – მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენასა და სიდიდით მსოფლიოს რიგით მეორე კრიპტობირჟის, FTX-ის კოლაფსზე. ილონ მასკისა და Twitter-ის ურთიერთობის ამბავი ამ კვირის ტექნოლოგიურ მიმოხილვაში მოხვდა – იმ ამბავს, რომ ილონ მასკს Twitter-ის ბანკად გადაკეთება სურს, უბრალოდ ვერ გამოვტოვებდით. ისე კი, გასულ კვირას სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეც მოხდა: კორეულმა LG-მ წელვადი დისპლეის პროტოტიპი შექმნა, რომელიც კანზე, ტანსაცმელსა და ავეჯზე მაგრდება, ხოლო საფრანგეთში კანონი მიიღეს, რომელიც ღია პარკინგების მზის პანელებით დაფარვას ითხოვს. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ილონ მასკს Twitter-ის ბანკად გადაკეთება სურს

ექსცენტრიკულ მილიარდერს და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს, ყურადღება არასდროს აკლდა. მეტიც, მედიასაშუალებების მიერ მილიარდერის მიმართ გამოხატული ინტერესი დღითი დღე იზრდება, რაც, უმეტესწილად, ილონ მასკის მიერ ამერიკული სოციალური ქსელის, Twitter-ის შესყიდვას უკავშირდება, რის შემდეგ მილიარდერის შესახებ სიახლეებს ლამის ყოველდღიურად ვიღებთ. ერთ-ერთი ასეთი სიახლე, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა, Twitter-ის ბანკად გადაკეთების პოტენციალს უკავშირდება, რაზეც მილიარდერმა მის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომლის ჩანაწერი ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ, The Verge-მა მოიპოვა.

როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, Twitter-ის მომავალს მილიარდერი დიდწილად ონლაინგადახდებს უკავშირებს: „ვფიქრობ, გადახდების მიმართულებით ტრანსფორმაციული შესაძლებლობა არსებობს“, – ამბობს მასკი, რომლის თქმით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ფულის რეალურ დროში გაგზავნის საშუალება უნდა ჰქონდეთ, რათა სოციალური ქსელი რაც შეიძლება გამოსადეგი და სასარგებლო გახდეს. ამასთანავე, ილონ მასკმა ხაზი გაუსვა ვიდეოკონტენტისა და კონტენტის შემქმნელებისთვის ანაზღაურების პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობას.

ფოტო: Laura Normand / The Verge

ილონ მასკის ხედვის თანახმად, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ანგარიშის გახსნა შეეძლებათ, მაგრამ ტრადიციული ბანკების ჩახლართული სისტემისგან განსხვავებით, Twitter-ის მომხმარებლებს მხოლოდ ერთი ანგარიში ექნებათ, რომელიც დადებითი ან უარყოფითი იქნება. ამასთანავე, ამ ანგარიშების მფლობელებს სარგებელიც დაერიცხებათ, მისი მოცულობა კი ანგარიშზე არსებული ნაშთის მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული.

აღნიშნული ბალანსის გამოყენებას სოციალური ქსელის მომხმარებლები შეძლებენ როგორც პლატფორმაზე, ასევე მის გარეთ – პლატფორმის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მომხმარებლებს შორის გადარიცხვა და დამატებითი ფასიანი სერვისების შეძენა, ხოლო პლატფორმის გარეთ საუბარია სადებეტო ბარათებისა და ჩეკების გამოშვებაზე. „თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რაც ადამიანს ფინანსურად აინტერესებს – ფინანსური ინსტიტუტი გავხდებით“, – აღნიშნავს მასკი, რომელმაც დასძინა, რომ მომავალში Twitter-ი სესხების გაცემასაც დაიწყებს.

ყველაფერი, რაზეც ილონ მასკი საკუთარ გამოსვლაში საუბრობს – ძალიან მარტივად ჟღერს. „გადახდები, თავისი არსით, ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს და ამ გადმოსახედიდან, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, შეტყობინებას გზავნი თუ ფულს“, – ამბობს მილიარდერი, რომელიც, ცხადია, აღნიშნული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ სირთულეებსაც უსვამს ხაზს. ისე კი, არსებობს ინფორმაცია, რომ ამ უკანასკნელი დაბრკოლების მოგვარებაზე Twitter-ი უკვე მუშაობს – კომპანია ფულის გადამცემი ინსტიტუტის ლიცენზიის მოპოვებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის განცხადებები Twitter-ის ბანკად გადაკეთებასთან დაკავშირებით მოულოდნელი და უცნაური სულაც არ არის, რადგან მილიარდერს ნათქვამი აქვს, რომ სოციალური ქსელის ყველაფრის აპლიკაციად, ე.წ. „სუპერ აპად“ გადაქცევა სურს. როგორც პრაქტიკა და დღეს არსებული მაგალითები გვიჩვენებს, ფინანსური ინსტრუმენტები ნებისმიერი „სუპერ აპის“ დასაყრდენია. თანაც, ეს სფერო არც მასკისთვისაა უცხო – შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა დიდი წვლილი შეიტანა PayPal-ის განვითარებაში.

აქვე უნდა ითქვას, რომ არც ტექნოლოგიური კომპანიების მიერ ფინანსური სერვისებით დაინტერესება არის უცხო ფენომენი – პლატფორმებზე ფინანსური სერვისების ინტეგრირებაზე ფაქტობრივად ყველა დიდი სოციალური ქსელი მუშაობს. ამასთანავე, ბოლო წლებში, მსოფლიოში გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია, რომლის თანახმად, ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები ტექნოლოგიურ კომპანიებად, ხოლო ტექნოლოგიური კომპანიები ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიებად გადაკეთებას ლამობენ.

აშშ-ში TikTok-ი აპლიკაციაში ჩაშენებული ონლაინმაღაზიის ფუნქციონალს ტესტავს

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, TikTok-ი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე აპლიკაციაში ჩაშენებული ონლაინმაღაზიის ფუნქციონალს ტესტავს, – ამის შესახებ გამოცემა Engadget-ი წერს. აღნიშნული ფუნქციონალი, რომელიც ამ დრომდე გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე სახელმწიფოში იყო ხელმისაწვდომი, მომხმარებლებს პროდუქტების ყიდვის საშუალებას აპლიკაციიდან გაუსვლელად სთავაზობს. როგორც ირკვევა, აშშ-ის ბაზრის შემდეგ, TikTok-ის ეს ფუნქციონალი სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

ფოტო: Nick Barclay / The Verge

როგორც ჩანს, უახლესი ფუნქციონალისთვის საჭირო ადამიანური კაპიტალის მოძიება ჩინურმა კომპანიამ უკვე დაიწყო – ამაზე მიუთითებს ის არაერთი ვაკანსია, რომლებიც TikTok-მა საწყობებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით გამოაცხადა.

„ბოლო წლებში ელექტრონული კომერციის ინდუსტრია კოლოსალურად გაიზარდა და ინტერნეტკომპანიების ბრძოლის მოედნად იქცა. მისი სამომავლო ზრდის არასათანადოდ შეფასება უბრალოდ არ შეიძლება“, – ვკითხულობთ TikTok-ის მიერ Linkedin-ზე გავრცელებულ ერთ-ერთ განცხადებაში. „გვჯერა, რომ TikTok-ი, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, მომხმარებლებისთვის ელექტრონული კომერციის ახალი და უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად – იდეალური ვარიანტია“.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი ფუნქციონალის დამატებით, სოციალური ქსელების ბაზარზე TikTok-ი კიდევ უფრო დიდ მოთამაშედ გადაიქცევა. საქმე ისაა, რომ TikTok-ის ალგორითმი მომხმარებელთა ქცევას საუცხოოდ იცნობს, რაც კომპანიას მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტის შეთავაზებას საგრძნობლად გაუმარტივებს.

LG-მ წელვადი დისპლეის პროტოტიპი შექმნა, რომელიც კანზე, ტანსაცმელსა და ავეჯზე მაგრდება

გასულ კვირას მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, კორეულმა LG-მ უნიკალური წელვადი დისპლეის პროტოტიპი წარმოადგინა, – ამის შესახებ LG Display-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, ეს თორმეტდუიმიანი დისპლეი დუიმზე ასი პიქსელის გარჩევადობისაა და ის ორმოც მიკრომეტრზე მცირე ზომის მოდულებში ჩაშენებული LED-ნათურებითაა აღჭურვილი. თავად მოდულები კი სილიციუმის გარსში არის მოთავსებული, რაც დისპლეის რეზინის ლენტის მსგავს შეგრძნებას უქმნის და მომხმარებელს მისი 20%-მდე გაწელვის შესაძლებლობას აძლევს.

ფოტო: LG Display

ცნობისთვის გეტყვით, რომ აღნიშნული პროტოტიპი პირველი მოწყობილობაა, რომელიც LG Display-მ სამხრეთ კორეის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნა, პროექტი 2024 წლისთვის დისპლეებში გამოყენებული მოწყობილობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ მოქნილი დისპლეი არცთუ ისე ახალი ტექნოლოგიაა, რომელსაც თავად LG-იც კარგად იყენებს, როგორც ბრტყელი OLED ტელევიზორის, ასევე მოღუნული სმარტფონის, G Flex-ის შემთხვევაში. მსგავსი დისპლეები გამოიყენება კეცვად მოწყობილობებშიც, მაგრამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, LG-ის მიერ შექმნილი წელვადი დისპლეი, თეორიულად მაინც, ამ საქმისთვის უკეთ გამოდგება.

ფოტო: LG Display

„გარდა იმისა, რომ წელვადი დისპლეი თხელი და მსუბუქია, ის სახის, ტანსაცმლისა და ავეჯის მსგავს მრუდ ზედაპირებზეც მაგრდება“, – ვკითხულობთ LG Display-ის პრესრელიზში. საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე კორეული კომპანია თავს იკავებს იმ მოწყობილობების დასახელებისგან, რომლებშიც ეს დისპლეი იქნება გამოყენებული, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ტექნოლოგია, პირველ რიგში, ჭკვიანი მოწყობილობების, ტრანსპორტის, ვიდეოთამაშებისა და მოდის ინდუსტრიებში მოიკიდებს ფეხს.

თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ LG Display ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც წელვადი დისპლეის შექმნაზე მუშაობს – ამ მიმართულებით, მისი ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი კიდევ ერთი კორეული ტექნოლოგიური გიგანტი, Samsung-ია, რომელმაც მცირე ზომის წელვადი OLED-დისპლეის პროტოტიპი ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში წარმოადგინა.

საფრანგეთში ახალი კანონი ღია პარკინგების მზის პანელებით დაფარვას მოითხოვს

საფრანგეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, სენატის მიერ მიღებული უახლესი კანონის თანახმად, ღია პარკინგები, რომლებიც სულ მცირე ოთხმოც ავტომობილზე არის გათვლილი, მზის პანელებით უნდა დაიფაროს – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Public Senat-ი წერს. პარკინგებს, რომლებიც 80-დან 400-მდე  ავტომობილზეა გათვლილი, უახლეს კანონმდებლობასთან თანხვდენისთვის ხუთი წელი ექნებათ, ხოლო უფრო დიდ პარკინგებს – სამი წელი; ამ დროის ათვლა მომავალი წლის ივლისიდან დაიწყება. საერთო ჯამში, საპარკინგე ადგილების რაოდენობის მიუხედავად, მზის პანელებით არსებული ტერიტორიის, სულ მცირე, ნახევარი უნდა დაიფაროს. როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილებით, საფრანგეთის მთავრობა, სულ მცირე, 11 გიგავატის ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

ბელგიის ერთ-ერთი ზოოპარკის პარკინგი | ფოტო: Xinhua / Zhang Cheng

ცხადია, ამ კანონს გამონაკლისებიც აქვს: მზის პანელების მოწყობა აუცილებელი არ არის იმ პარკინგებზე, სადაც ამის ტექნიკური და არქიტექტურული წინაპირობა არ არსებობს. ამასთანავე, მზის პანელები არ მოეწყობა იქ, სადაც არსებობს გარემოსდაცვითი და კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების რისკები. საინტერესოა ისიც, რომ გამონაკლისად ითვლება ის შემთხვევაც, როცა მზის პანელების მოწყობა ეკონომიკურადაც შეუძლებელია, რაც, თავისთავად, მეტად დეტალურ განმარტებას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ პარკინგების გარდა, საფრანგეთის მთავრობა ავტობანებთან ახლოს არსებული მიწის ნაკვეთებისა და სარკინიგზო ხაზების ათვისებასაც გეგმავს. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2030 წლისთვის საფრანგეთის რკინიგზის კომპანიას, SNCF-ს, ელექტროენერგიის შესყიდვების ერთი მეოთხედით შემცირებისთვის, მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის მზის პანელების მოწყობა აქვს გადაწყვეტილი.

ის, თუ რა სქემით მოხდება პარკინგების მფლობელების ანაზღაურება და რა მოცულობით სუბსიდიებს მიიღებენ ისინი მზის პანელების მოწყობისთვის, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა თავად ეს გადაწყვეტა ახალი არ არის – მსგავს მოწყობას ვხვდებით ერთ-ერთი ბელგიური ზოოპარკის 7000-ავტომობილიან პარკინგზე (იხ. ფოტო), რომლის 70% სამოცდაორი ათასი მზის პანელითაა დაფარული, რომლებიც, საერთო ჯამში, 20 მეგავატის მოცულობის ელექტროენერგიას წარმოქმნიან.

საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მეტად საინტერესოა, რადგან 2020 წელს საფრანგეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც განახლებადი ენერგიის მიმართულებით მის წინაშე არსებული ვალდებულებები არ შეასრულა, რაც, ცხადია, ქვეყნის მიერ ატომურ ენერგიაზე დამოკიდებულებით აიხსნება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს პრეზიდენტი მაკრონი, რომელმაც, მიმდინარე წელს, მზის ენერგიის წარმოების 100 გიგავატამდე გაათმაგებისა და ქარის ენერგიის წარმოების 40 გიგავატამდე გაზრდის განკარგულება გასცა. დღეს განახლებად ენერგიაზე საფრანგეთის ელექტროენერგიის ერთი მეოთხედი მოდის, რაც ნაკლებია, ვიდრე მის მეზობელ სახელმწიფოებში.

სტრიმინგ-სერვისების გამომწერთა რიცხვით, Disney-ი Netflix-ს გაუთანაბრდა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი, ამერიკული Disney, რომელიც სამ სტრიმინგ-სერვისს, მათ შორის Disney Plus-ს, Hulu-სა და ESPN Plus-ს ფლობს, გამომწერთა რიცხვით Netflix-ს გაუთანაბრდა – გასულ კვარტალში 14.6 მილიონი ახალი გამომწერის დამატების შემდეგ, Disney-ის სტრიმინგ-პლატფორმების გამომწერთა ჯამური რაოდენობა 236 მილიონს მიუახლოვდა, – ამის შესახებ Disney-ის ფინანსური ანგარიშგებიდან ვიგებთ. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლის დიდი ნაწილი, ანუ 164 მილიონი, რაც დაახლოებით 70%-ია, სწორედ Netflix-ის უშუალო კონკურენტზე, Disney Plus-ზე მოდის. თავად Netflix-ს რაც შეეხება, მას 223.09 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ფოტო: Disney+

ისე კი, მომხმარებელთა ბაზის ზრდის მიუხედავად, წინა ფისკალურ კვარტალში თითქმის გაორმაგდა Disney-ის საოპერაციო წაგებაც – მაჩვენებელი, რომელიც $800 მილიონს უდრიდა, $1.5 მილიარდამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ Disney-ის ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება წარმოების, მარკეტინგისა და ტექნოლოგიასთან დაკავშირებული დანახარჯების ზრდამ განაპირობა – ამასთანავე, გასულ კვარტალში Disney-ის პლატფორმებზე არც ერთი მნიშვნელოვანი პრემიერა არ შემდგარა.

როგორც Disney-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბობ ჩაპეკმა აღნიშნა, კომპანია სტრიმინგ-ბიზნესის წაგების შემცირებას ელოდება, რაც უმეტესწილად გადასახადის გაზრდით და რეკლამებიანი პლატფორმის გაშვებით იქნება განპირობებული. შეგახსენებთ, რომ ამა წლის დეკემბერში Disney საკუთარი სტრიმინგ-პლატფორმების ყოველთვიური ღირებულების გაზრდას გეგმავს – ამასთანავე, 11 დეკემბერს რეკლამებიანი პლატფორმაც გაეშვება, რომელიც თვეში $11 ეღირება. საინტერესოა, რომ 2024 წლის მიწურულს კომპანიის მესვეურები Disney Plus-ის მოგებაზე გასვლას ელოდებიან.

Google-ი და Renault ავტომობილებს ერთად შექმნიან

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტი და საავტომობილო ინდუსტრიაში კარგად ნაცნობი კონგლომერატი, Renault Group-ი, რომელიც Renault-ს Dacia-ს, Alpine-ისა და Mobilize-ის ბრენდებს აერთიანებს, ტექნოლოგიურ ავტომობილებს შექმნის – ამის შესახებ კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ პრესრელიზში ვკითხულობთ. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ავტომობილი, რომელზეც კომპანიები იმუშავებენ, SDV-ტიპის (ინგლ. Software-Defined Vehicle) იქნება და ის Android-ის საავტომობილო ოპერაციული სისტემით იქნება აღჭურვილი.

ფოტო: Renault

რეალურად, საუბარია ახალი თაობის ავტომობილზე, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფასა და მის განახლებებზე უფრო არის დამოკიდებული, ვიდრე ფიზიკურ აგებულებასა და ნაწილებზე, რაც ავტომობილის ერთგვარ „გაჯეტიზაციას“ უწყობს ხელს. თავისთავად ეს ტრენდი – არახალია, ის ჯერ კიდევ ამერიკულმა Tesla-მ წამოიწყო და შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი აგებულება ელექტრომობილების განუყოფელ თვისებად იქცა. ამ სფეროში არსებულ სხვა კომპანიებს შორის ხაზი უნდა გავუსვათ Hyundai-სა და Porsche-ს, რომლებსაც ასეთი ტიპის არაერთი ავტომობილი აქვთ შექმნილი.

როგორც ჩანს, პარტნიორობის ფარგლებში, Google-ი და Renault ავტომობილების ციფრულ ასლებსაც შექმნიან და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ავტომობილში ახალი სერვისების ტესტირებისა და ჩაშენების პროცესს მეტად გაამარტივებენ – ცხადია, ეს შეამცირებს განახლებების არათავსებადობის რისკებს და კომპანიებს თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს. ამასთანავე, მეტად პერსონალიზებული ხდება თავად ავტომობილიც, რომელიც მომხმარებლის ქცევის დასწავლასა და პროგნოზირებას შეძლებს.

„ავტომობილების ელექტრონული აგებულება ექსპონენტურად უფრო და უფრო კომპლექსური ხდება, რასაც ფუნქციურობის დახვეწა და მომხმარებლების მოლოდინები განაპირობებს“, – განაცხადა Renault Group-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ლუკა დე მეომ. „საერთო IT-პლატფორმის, მუდმივი ღრუბლოვანი განახლებებისა და ავტომობილის შესახებ მონაცემებთან წვდომის ხარჯზე, SDV-მიდგომა, რომელზეც Google-თან ერთად ვმუშაობთ, ჩვენს ავტომობილებს შეცვლის და მომხმარებლების სამომავლო სურვილების შესრულების შესაძლებლობას მოგცემს“.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Google-ი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების პარტნიორად გვევლინება. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Renault-ს, Nissan-ისა და Mitsubishi-ს ალიანსმა დაიქირავა – იმ დროს ავტომწარმოებლებს საკუთარ ავტომობილებში Google-ის ტექნოლოგიური პროდუქტების ჩაშენება სურდათ.