სამხრეთკორეული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეიდან ქვეყნის ლიდერის მატარებელი რუსეთის მიმართულებით დაიძრა. როგორც ჩანს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების ფონზე პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. სამხრეთკორეული მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინის შეჯავშნილმა მატარებელმა ფხენიანი კვირას დილით დატოვა.
კიმ ჩენ ინისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სავარაუდო შეხვედრის შესახებ ცნობებს რამდენიმე დღის წინ დასავლური მედიასაშუალებებიც ავრცელებდნენ. წყაროებზე დაყრდნობით, სხვადასხვა მედიასააგენტოს მტკიცებით, ლიდერები ერთმანეთს სამშაბათს დაგეგმილ სამიტზე შეხვდებიან.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყანას იშვიათად ტოვებს და ეს 2020 წელს სახელმწიფოს საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ საზღვარგარეთ მისი პირველი ვიზიტი იქნება. აღნიშნულის შესახებ ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს ჩრდილოკორეული სახელმწიფო მედია.
თუკი მატარებელში კიმ ჩენ ინი მართლაც იმყოფება, დიდი ალბათობით, დანიშნულების ადგილი რუსეთის საპორტო ქალაქი ვლადივოსტოკი იქნება. შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინი პუტინს პირველად და ერთადერთხელ 2019 წელს სწორედ ვლადივოსტოკში შეხვდა.
კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის პოტენციური შეხვედრის მიღმა გარკვეულ მესიჯებს კითხულობენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მკვლევრები. სფეროს ექსპერტების მოსაზრებებით, ეს შეხვედრა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სიმბოლო იქნება. ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით გაღრმავდა და მომავალში ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება იგეგმება.