Gazprom-ის განცხადებით, EU-სთვის რუსული გაზის მიწოდება წელს 48%-ით შემცირდა

Gazprom-ის განცხადებით, EU-სთვის რუსული გაზის მიწოდება წელს 48%-ით შემცირდა

Gazprom-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსული ბუნებრივი აირის ევროკავშირის ქვეყნებისათვის მიწოდების მაჩვენებელი წელს უკვე 48%-ით შემცირდა. ხოლო, თუკი დიდ ბრიტანეთსაც გავითვალისწინებთ, ეს მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს.

Gazprom-ის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ევროპულ ქვეყნებს ფასის ლიმიტის დაწესების შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად შეწყვეტით დაემუქრა.

ამის შესახებ პუტინმა ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირისა და ნავთობისათვის ევროკავშირის მიერ ფასის ლიმიტის დაწესება „სულელური“ ქმედება იქნება და ეს ამ რესურსების ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

პუტინის განმარტებით, ევროკავშირის მხრიდან მსგავსი ქმედება მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობების დარღვევაა და ამის გამო საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება. რუსეთის პრეზიდენტმა დამატებით აღნიშნა, რომ რუსული ენერგორესურსების ექსპორტის ჩანაცვლება აზიის მიმართულებით მარტივად მოხდება და საკმარისი მომხმარებლებიც გამოჩნდებიან. „მოთხოვნა გლობალურ ბაზარზე იმდენად მაღალია, რომ ჩვენ რესურსების გაყიდვის პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა მან.