გერმანიაში, ლინგენში, 300 მეგავატი სიმძლავრის წყალბადის ენერგოსადგური გაიხსნება. ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის მწვანე წყალბადის ენერგეტიკაზე ტრანზიცია წარმატებით გრძელდება და ენერგოკომპანია RWE გერმანიაში ყველაზე მძლავრ ენერგოსადგურს ააშენებს. 100 მეგავატი ტუტე ელექტროლიზის დამსახურებით, წყალბადის წარმოებას ენერგოსადგური 2027 წლიდან დაიწყებს.
RWE-ს წყალბადის ენერგოსადგური უმნიშვნელოვანესი მიღწევა არა მხოლოდ გერმანიისათვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის იქნება. პირველ ეტაპზე სადგურის აშენების მიზანი ქვედა საქსონიის ინდუსტრიული ზონის მომარაგება იყო, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ უფრო დიდი მიზანი დაისახა. შესაბამისად, სადგური ევროპის წყალბადის მილსადენ ქსელში იქნება ინტეგრირებული, რათა გერმანიაში წარმოებული წყალბადის ევროპაში ტრანსპორტირება გაამარტივოს.
2027 წლისთვის ელექტროლიზის პროცესის წარმატებით იმპლემენტაციის შემდეგ, სადგური საათში ორ ტონა წყალბადს გამოიმუშავებს და გერმანიის ინდუსტრიულ და საწარმოო მოთხოვნას მთლიანად დააკმაყოფილებს. შედეგად, გერმანია კლიმატის ცვლილების სტრატეგიის მიზნების მიღწევას შეძლებს და სასათბურე აირების გამოყოფის პროცესს შეაჩერებს.
პროექტის საბოლოოდ განხორციელების შემთხვევაში, გერმანია მწვანე ენერგეტიკის რევოლუციაში ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული სახელმწიფო იქნება. წყალბადის ენერგიის ტექნოლოგია განსაკუთრებით ეფექტიანი სატრანსპორტო და საწარმოო ინდუსტრიებშია. წყალბადის აირის საწვავად გამოყენებას ბევრი უპირატესობა აქვს: სხვა საწვავებთან შედარებით ის უფრო დიდი ენერგოწარმოებით გამოირჩევა, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც გათბობის სისტემებისთვის, ისე სატრანსპორტო ძრავების საწვავად, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად და დანადგარების ფუნქციონირებისათვის. გარდა ამისა, წყალბადის აირის საწვავად გამოყენება ეკომეგობრული ალტერნატივაა და მისი შენახვა დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება.