გირვანქა სტერლინგი – ზამთარი მისი მღელვარებისა

გირვანქა სტერლინგი – ზამთარი მისი მღელვარებისა

რა ჰქონდათ საერთო ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, ვენესუელურ ბოლივარსა და სურინამულ დოლარს? პასუხი მარტივია – არაფერი, მაგრამ ახლა განსაკუთრებული სიტუაციაა და მდგომარეობაც შეცვლილია. რეფერენდუმზე ევროკავშირის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით ყველაზე კრიტიკულად ბრიტანულ გირვანქაზე აისახა, რომელიც ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებით კატასტროფული სისწრაფით უფასურდება. Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ბრექსიტამდე ერთი დღით ადრე, ერთი ბრიტანული გირვანქა $1.48-ს უდრიდა, 2016 წლის ოქტომბრის მიწურულის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 1.22$ -მდე არის შემცირებული, რაც უკანასკნელი 31 წლის ყველაზე ცუდი შედეგია – 1985 წლის შემდეგ ბრიტანული გირვანქის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა. მთლიან სურათს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შემდეგ, გირვანქა სტერლინგი აშშ დოლართან მიმართებით ჯამურად 15%-ით გაუფასურდა, რაც ამ მოკლე მონაკვეთისთვის ძალიან მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

ექსპერტების მოსაზრებით, ბრიტანული გირვანქის გაუფასურების მთავარი მიზეზები პოსტბრექსიტულ პერიოდში არსებული ინვესტორთა შიში და პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ გაჟღერებული განსხვავებული მოსაზრებებია. ამ მხრივ განსაკუთრებით თვალსაჩინოა პოლიტიკოსების მიერ იმიგრაციასა და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ გაკეთებული ხისტი განცხადებები, რომელთაც ხშირად ქსენოფობიური ელფერიც დაჰკრავდა. კლებადი დინამიკის შემცირებას არც პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებამ უშველა, რომელმაც გირვანქის გაუფასურება დროებით და ბუნებრივ მოვლენად შეაფასა, ანალოგიების სახით კი სხვადასხვა ქვეყნის დევალვირებულ ვალუტებზე გაამახვილა ყურადღება.

მიმდინარე კრიზისის ფონზე სპეციალისტებს სიტუაციის გამოსწორებისა და დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება უჭირთ. აღნიშნულის მიზეზი კი ის არის, რომ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად, ანუ ევროკავშირიდან გამოსვლისთვის საჭირო პროცედურები 2017 წელს დაიწყება და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, რყევები და შიში, რაც ევროგაერთიანების დატოვების პარალელურად არსებობს, ზეგავლენას ბრიტანულ ეკონომიკაზე შემდეგი ორი წლის განმავლობაში მოახდენს. ამ პროცესების დროს ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირის საერთო ბაზრის ალტერნატივის გაჩენას. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ინვესტორებისთვის იქნება, რომლებიც არსებული კრიზისის ფონზე აქტიური მოქმედებებისგან თავს იკავებენ და რისკების გაფანტვას ელოდებიან.

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფინანსო-საბანკო კორპორაცია Bank of America-ს მიერ განხორციელებული ანალიზის მიხედვით, დღეს არსებული რეგრესის დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, 2017 წლის მიწურულს შესაძლებელია გირვანქა სტერლინგმა $1.05-იანი ნიშნული გადაკვეთოს, რითაც 1985 წლის შედეგს გაიმეორებს და ისტორიულად ყველაზე დაბალ მაჩვენებელს დააფიქსირებს. ნიდერლანდური Rabobank-ის პროგნოზით კი მომავალი წლის ბოლოს ერთი ბრიტანული გირვანქა $1.18 ეღირება. დაახლოებით ანალოგიური პროგნოზი აქვთ HSBC-ის ანალიტიკოსებსაც, რომლებიც 2017 წლისთვის გირვანქის შემცირებას $1.10-მდე ელოდებიან. სხვა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, ბრექსიტით გამოწვეული ბუნდოვანი გარემოებების გამო პროგნოზებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. ბანკებისგან განსხვავებით, უფრო პესიმისტური მოლოდინი აქვს ამერიკელ ბიზნესმენსა და ფინანსურ მიმომხილველ ჯიმ როჯერს. მისი აზრით, შოტლანდიის მიერ გაერთიანებული სამეფოს დატოვებისა და ევროკავშირში დამოუკიდებლად ინტეგრაციის შემთხვევაში, ბრიტანული გირვანქა ისტორიულ მინიმუმს საგრძნობლად ჩამოსცდება და ის ერთ დოლარზე ნაკლები ეღირება, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

ბრიტანული გირვანქა სტერლინგის კურსის დაცემის მეტი თვალსაჩინოებისთვის, ტელეკომპანია BBC-იმ ამერიკული აუდიტორული კომპანია Deloitte-ის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი დღეს ერთერთი ყველაზე სასურველი საშოპინგო წერტილია ევროპაში. მაგალითისთვის, Louis Vuitton-ის ჩანთა Speedy 30 ლონდონში 645 გირვანქა სტერლინგად იყიდება ($800), პარიზში – $850 ღირს, ნიუ-იორკში – $970, ჩინეთში კი $1100. კურსის ვარდნას ინფლაციის ზრდა რომ არ მოჰყვებოდეს, ალბათ ადგილობრივებიც ტურისტებივით გახარებულები იქნებოდნენ.

დღეს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ზუსტი და დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან გარემოებები, რომლებმაც როგორც გირვანქის, ასევე ბრიტანული ეკონომიკის სტაბილურობა უნდა გაამყარონ, ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის. აღნიშნულ პერიოდში უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ გაართმევს თავს მოქმედი ხელისუფლება ევროკავშირიდან გამოსვლით მიღებული დანაკარგების დაძლევას და ალტერნატიული შესაძლებლობების გამოძებნას. პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბოლო პერიოდში აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიუსელში და ირწმუნება, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, ბრიტანეთი არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს რაც შეეხება, მან ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1957 წელს დააფიქსირა, როდესაც ერთი გირვანქა $2.86 ღირდა. ქვედა ზღვარი კი 1985 წელს დაფიქსირებული $1.05 მაჩვენებელია. უახლოესი ერთი წელიწადი გვიჩვენებს, მოხდება თუ არა ანტირეკორდის გაუმჯობესება. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *