Glassdoor: სამუშაოდ საუკეთესო ადგილების 2023 წლის რეიტინგი

Glassdoor: სამუშაოდ საუკეთესო ადგილების 2023 წლის რეიტინგი

საერთაშორისო პლატფორმა Glassdoor-მა სამუშაოდ საუკეთესო ასი ადგილი გამოავლინა. 2023 წლის რეიტინგში ტექნიკური კომპანიები დომინირებენ, თუმცა ასეულში მოხვედრა ვერ შეძლეს გასული წლების რეიტინგის ლიდერმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა Apple-მა და Meta-მ.

Glassdoor-ის წლევანდელ რეიტინგში კომპანიების 40% სწორედ ტექნოლოგიური სფეროდანაა წარმოდგენილი. Glassdoor-ი ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებს შორის სამუშაოდ საუკეთესო ადგილების რეიტინგს ყოველწლიურად, 1,000-ზე მეტი დასაქმებულის მიერ წლის განმავლობაში მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ავლენს. რეიტინგის შედგენისას ყურადღება ექცევა დასაქმებულთა მრავალფეროვნებასა და მათი ჩართულობის ხელშეწყობას, კომპენსაციებსა და შეღავათებს, ორგანიზაციულ კულტურას, სამუშაო-ცხოვრების ბალანსსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.

Glassdoor-ის კვლევით, 2023 წლის რეიტინგში პირველი ადგილი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Gainsight-მა დაიკავა. Gainsight-ის დასაქმებულები ხაზს უსვამენ კომპანიის გამჭვირვალე ხელმძღვანელობას, თანამშრომელთა ჩართულობას, მრავალფეროვნებასა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.

ტექნოლოგიური ინდუსტრია 2023 წელს კვლავ სიის ლიდერია, თუმცა 2022 წლის გამოწვევებმა რეიტინგს საკუთარი კვალი მაინც დაამჩნია. გამოჩნდნენ ახალი კომპანიები, რომლებმაც კრიზისებთან ბრძოლის ახალი მეთოდებით რეიტინგში მოხვედრა შეძლეს, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მრავალწლიანი ლიდერობის შემდგომ ჩამოქვეითდნენ, ან რეიტინგის ასეულიც კი დატოვეს.

2023 წლის რეიტინგი მისი გამოშვების დაწყებიდან (2009 წელი) პირველია, რომელშიც 15-წლიანი წევრობის შემდგომ Apple-ი ვერ მოხვდა. სიაში ვერ ვხვდებით ცუკერბერგის კომპანია Meta-საც, რომელიც პირველად რეიტინგში 2011 წელს გამოჩნდა და სამჯერ, მათ შორის უკანასკნელად 2018 წელს, პირველი ადგილის დაკავებაც შეძლო. შესაბამისად, ამჟამად მხოლოდ ორი კომპანიაღა დარჩა, რომელთაც 2009 წლიდან მოყოლებული Glassdoor-ის რეიტინგში კვლავ ვხვდებით, ესენია: Alphabet-ის Google-ი და Bain & Company.

გასული წლის განმავლობაში როგორც Meta-ს, ასევე Apple-ს გამოწვევებთან გამკლავება უწევდათ. სოციალური მედიის კომპანიამ, მეტავერსზე ფოკუსირების შემდეგ, 11,000-ზე მეტი დასაქმებული გაათავისუფლა. „Glassdoor-ი ითვალისწინებს კომპანიის ბიზნესის პერსპექტივებს, სტრატეგიის ცვლილებამ კი თანამშრომლებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაურკვევლობის შეგრძნება დაუტოვა“, – აცხადებს Glassdoor-ის წამყვანი ეკონომისტი დანიელ ჭაო. Apple-ის შემთხვევაში თანამშრომლების „განაწყენების“ მიზეზად შესაძლოა ოფისებში დაბრუნება დასახელდეს, რამაც, ჭაოს შეფასებით, თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია.

წარმოგიდგენთ, Glassdoor-ის შეფასებით, სამუშაოდ საუკეთესო ადგილების 2023 წლის რეიტინგს (ხუთბალიანი შეფასებით):

  1. Gainsight – 4.7 ქულა
  2. Box – 4.6 ქულა
  3. Bain & Company – 4.6 ქულა
  4. McKinsey & Company – 4.6 ქულა
  5. NVIDIA – 4.6 ქულა
  6. MathWorks – 4.6 ქულა
  7. Boston Consulting Group – 4.6 ქულა
  8. Google – 4.6 ქულა
  9. ServiceNow – 4.6 ქულა
  10. In-N-Out Burger – 4.6 ქულა