გლობალური პანდემიის მიუხედავად, მმართველ პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდენობა 30%-ს აჭარბებს

გლობალური პანდემიის მიუხედავად, მმართველ პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდენობა 30%-ს აჭარბებს

„გრანთ თორნთონის“ ყოველწლიური კვლევის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიის მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, გლობალურად ბიზნესში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა შორის ქალების რაოდენობა გაიზარდა და 31%-ს მიაღწია.

„გრანთ თორნთონ ინტერნეშნალის“ გლობალური ლიდერი ფრანჩესკა ლაგერბერგი აღნიშნავს: „გლობალურად, ბიზნესში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა შორის ქალთა წილის30%-იანი ზღვრის გადალახვა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ არა საბოლოო მიზანი. იმ ბიზნესებმა, რომლებსაც გაუმჯობესებული გენდერული ბალანსისგან სარგებლის მიღება  სურთ, უნდა განაგრძონ ამ მიმართულებით ზომების მიღება იმისათვის, რომ ქალებს მიეცეთ საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობა”.

იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში (2019 და 2020) უცვლელი იყო და 29%-ს შეადგენდა, ლიდერ ქალთა წილის 31%-მდე გაზრდა იმედის მომცემია. კვლევის აღნიშნული მაჩვენებელი ასევე აჭარბებს მნიშვნელოვან 30%-იან ბარიერს, რაც კვლევის( Dahlerup, D. (2006). კრიტიკული მასის თეორია (The Story of the Theory of Critical Mass). Politics & Gender, 2(4), 511-522. doi:10.1017/S1743923X0624114X ) თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესაცვლელად აუცილებელი მინიმუმია. აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გარდა, ყველა გამოკითხულმა რეგიონმა გადალახა ეს მნიშვნელოვანი 30%-იანი ზღვარი.

კიდევ ერთი დადებითი შედეგია ქალთა მიერ დაკავებული ხელმძღვანელი თანამდებობების ტიპები. „გრანთ თორნთონის“ გამოკვლევამ ცხადყო, რომ გასულ წელთან შედარებით, ქალების უფრო მეტმა რაოდენობამ მიაღწია ოპერაციული მართვის მაღალ რგოლს:აღმასრულებელი დირექტორი ქალების წილი გაიზარდა და 26%-ს(+6%) შეადგენს, ფინანსური  დირექტორი ქალების რაოდენობა 36%-ია(+6%), ხოლო საოპერაციო დირექტორი ქალების რაოდენობამ 22% შეადგინა(+4%). შედარებით ტრადიციული, ადამიანური რესურსების მართვის (HR) პოზიციებზე ქალთა წილი 2019 წლიდან კლებულობს, 2020 წელსაც მცირედით შემცირდა და 38% შეადგინა (-2%).

გარდა ამისა, გამოკითხულთა ორ მესამედზე მეტი (69%) აღიარებს, რომ მათ ორგანიზაციებში, COVID-19–ის შედეგად მიღებული ახალი სამუშაო პრაქტიკა ხელს შეუწყობს ქალთა კარიერული განვითარების მაჩვენებლის ტრაექტორიას გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად პოტენციური შემაფერხებელი ფაქტორებისა, რაც განპირობებულია დისტანციური სამუშაოს მოქნილობით.

მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა რაოდენობა გაიზარდა, კვლავ რჩება კითხვები – რა გავლენა აქვს COVID-19-ის პანდემიას  ქალებზე, განსაკუთრებით დასაქმებულ დედებზე. გაეროს მონაცემები აჩვენებს, რომ პანდემიის დაწყებამდე, კაცებთან შედარებით, ქალები სამჯერ მეტ საშინაო საქმეს აკეთებდნენ. კვლევა (UN Women – გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნოემბერი 2020 ) ადასტურებს,  რომ COVID-19-მა მხოლოდ გაზარდა ეს უთანასწორობა, რასაც ემატება ქალთა კიდევ უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობა ბავშვთა მოვლასა და საშინაო სწავლებაზე  სკოლების დახურვის (დისტანციური სწავლების) პერიოდში.

როგორც ფრანჩესკა ლაგერბერგი აღნიშნავს: „30%-იანი ბარიერის გადალახვა ნამდვილად დიდი პროგრესია – თავდაპირველად, როდესაც ჩვენ ამ კვლევების ჩატარება დავიწყეთ, 17 წლის წინ, ეს მაჩვენებელი  19%-ს შეადგენდა, თუმცა ამ მიღწევის დაკარგვა მარტივად შეიძლება. იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ გლობალურად ბიზნესების 92% აცხადებს, რომ ისინი იღებენ ზომებს, რათა პანდემიის უარყოფითი გავლენის ფონზე, უზრუნველყონ სამუშაო პროცესში საკუთარი თანამშრომლების ჩართულობა. დისტანციური სამუშაო გრაფიკის ნორმალიზებით, დამსაქმებლები სულ უფრო მოქნილ პირობებს სთავაზობენ თავიანთ თანამშრომლებს, თუ როგორ, სად და როდის შეასრულებენ ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ბიზნესი უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, თუ რა აძლევს ქალებს ლიდერების პოზიციებზე გადასვლის შესაძლებლობას ისე, რომ გლობალური პანდემიის შედეგად, ქალებმა კარიერულ გზაზე წინ გადადგან ნაბიჯი და არა უკან“.

საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში

„გრანთ თორნთონის“ საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში (IBR) არის საშუალო ბაზრის ბიზნესის კვლევა. დაარსების შემდეგ, (1992 წლიდან) საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში (IBR) გვაწვდის მონაცემებს 29 ქვეყნის 10,000-ზე მეტი ბიზნესის ხედვასა და მოლოდინის შესახებ.

კითხვარები ითარგმნება ადგილობრივ ენებზე და საველე სამუშაოები ხორციელდება ყოველწლიურად როგორც ონლაინ, ასევე სატელეფონო ინტერვიუების საშუალებით. აღნიშნული გამოცემის მონაცემებისთვის ინტერვიუები ჩატარდა ინდუსტრიის ყველა სექტორის აღმასრულებელ დირექტორებთან, მმართველ დირექტორებთან, თავმჯდომარეებთან ან სხვა მაღალ პოზიციებზე დასაქმებულებთან, 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია:

https://www.grantthornton.global/en/insights/articles/About-IBR/

გრანტ თორნტონის“ ანგარიში – ქალები ბიზნესში

„გრანთ თორნთონი“ ავრცელებს ანგარიშებს მსოფლიოს საშუალო ბაზრის ბიზნესებს შორის, მენეჯმენტში გენდერული ბალანსის შესახებ, უკვე 15 წელზე მეტია.