Alphabet-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროპაში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესების ზრდის ხელშესაწყობად ფინეთში მონაცემთა ცენტრის აშენებისთვის, Google-ის მფლობელი კომპანია, 1 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სკანდინავიურ ქვეყნებში ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დიდი რაოდენობის მონაცემთა ცენტრი გახსნეს. ამის მიზეზი რეგიონის ცივი კლიმატი, საგადასახადო შეღავათები და განახლებად ენერგიაზე წვდომის სიმარტივეა. ფინეთის გარდა, ნორვეგიასა და შვედეთშიც ბევრი მონაცემთა ცენტრი გაიხსნა. თუმცა ინდუსტრიული ექსპერტების ნაწილი სკანდინავიურ ქვეყნებს მსგავსი გადაწყვეტილებების გამო მკაცრად აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ განახლებადი ენერგია რეგიონის ქვეყნებმა ისეთი პროდუქტის წარმოებისთვის უნდა გამოიყენონ, რომელსაც მაღალი ღირებულება აქვს.
მიუხედავად კრიტიკისა, სკანდინავიური ქვეყნები ელექტროენერგიის დეფიციტს არ განიცდიან. მაგალითად, ფინეთის მიერ ქარისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის სიმძლავრე მხოლოდ 2022 წელს 75%-ით გაიზარდა და 5,677 მეგავატი შეადგინა. შესაბამისად, ქვეყანას Google-ის მონაცემთა ცენტრის ოპერირებისთვის საკმარისი განახლებადი ენერგია აქვს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად უახლოეს მომავალში მონაცემთა ცენტრების ელექტროენერგიის საოპერაციო მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზრდება. თავად Google-იც ინვესტიციის სწორედ ფინეთში განხორციელებას მსგავსი მიზეზით ხსნის.
ფინეთის გარდა, Google-ი მონაცემთა ცენტრებს ნიდერლანდებსა და ბელგიაშიც გახსნის.