Google-ი პირველად ისტორიაში YouTube-იდან მიღებულ შემოსავლებს ასაჯაროვებს. კერძოდ, როგორც კომპანიის 2019 წლის მეოთხე კვარტლის შემოსავლების ანგარიშში წერია, გასული წლის განმავლობაში YouTube-ზე განთავსებული რეკლამებიდან შემოსავალმა $15.15 მილიარდს მიაღწია, მაშინ როდესაც 2018 წელს $11.16 მილიარდი იყო. ეს ციფრები არ მოიცავს არასარეკლამო შემოსავლებს, მაგალითად, YouTube TV-ის ხელმოწერებიდან მიღებულ მოგებას, რომელიც Google-ის შემოსავლის კიდევ ერთ არხს წარმოადგენს.
Google-მა YouTube-თან ერთად Cloud ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების შესახებაც გამოაქვეყნა მონაცემები. როგორც ირკვევა, მსოფლიოს ტექნოლოგიურმა გიგანტმა Cloud ბიზნესიდან 2019 ფისკალური წლის განმავლობაში $8.92 მილიარდის ოდენობის შემოსავალი მიიღო, საიდანაც $2,61 მილიარდი მეოთხე კვარტალში. 2018 წელს კი ეს მონაცემები $5,84 მილიარდი და $1,71 მილიარდი იყო.