Google-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ამერიკულ გიგანტს რუსეთში წარმოადგენს, თავს ბანკროტად გამოაცხადებს, რადგან რუსეთის ხელისუფლებამ მას საბანკო ანგარიშთან წვდომა შეუზღუდა – აღნიშნულის გამო, კომპანია საკუთარი ფინანსური ვალდებულებების დაფარვას ვეღარ ახერხებს.
„რუსეთის ხელისუფლების მიერ Google Russia-ს ბანკის ანგარიშის დაყადაღებამ ჩვენი რუსული ოფისის ფუნქციონირება, მათ შორის რუსეთში არსებული თანამშრომლების სამსახურში აყვანა და მათთვის ანაზღაურების გადახდა, მომწოდებლებისა და გამყიდველების მომსახურების გადახდა და სხვა ფინანსური ვალდებულებების დაფარვა შეუძლებელი გახადა“, – ვკითხულობთ Google Russia-ს მიერ სხვადასხვა მედიაკომპანიისადმი გაგზავნილ მიმართვაში. „Google Russia-მ საკუთარი თავის ბანკროტად გამოცხადების შესახებ განაცხადი გააკეთა“.
შეგახსენებთ, რომ რუსული ციფრული სარეკლამო სივრცის გაყიდვა Google-მა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე შეწყვიტა – ამასთანავე, YouTube-ზე დაიბლოკა სახელმწიფო მედიასაშუალებები, რომლებიც მოგვიანებით, პლატფორმიდან საერთოდ წაიშალა.
თუმცა, რუსულ Google-სა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის დაპირისპირება მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას არ უკავშირდება – საქმე ისაა, რომ გასულ დეკემბერს რუსეთმა Google-ი $98 მილიონით დააჯარიმა, რადგან ამერიკულმა კომპანიამ საკუთარი პლატფორმიდან არ წაშალა ის კონტენტი, რომელიც რუსეთში აკრძალულად მიიჩნევა. ცნობისთვის, ამ ჯარიმამ Google-ის რუსული შემოსავლის დაახლოებით 8% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებას Google-ის საქმიანობა ქვეყანაში არ აუკრძალავს, როგორც ეს Facebook-ისა და Instagram-ის შემთხვევაში მოხდა. აქვე გეტყვით, რომ, როგორც Google-ის განცხადებიდან ირკვევა, ის საკუთარი უფასო სერვისების რუსეთში ოპერირების შეწყვეტას არ გეგმავს.