2021 წლის 8 თვის საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა, სადაც შესაძლებელია, იყოს ჰაერის ბუშტი.
რეალური ეკონომიკური ზრდა ნომინალურისგან იმით განსხვავდება, რომ დათვლილია არა მიმდინარე ფასებით, როგორც ნომინალური, არამედ წინა პერიოდის ფასებით, რასაც მუდმივ ფასებს ეძახიან. ეს წინა პერიოდი საქართველოში 2015 წელია, როცა ფასები ნაკლები იყო. ამას კი ეკონომისტები დეფლირებას უწოდებენ, რაც, ძირითადი მნიშვნელობით, დაჩუტვას ნიშნავს. შესაძლებელია, წინა პერიოდის ფასები მიმდინარეზე მეტი იყოს. ამ შემთხვევაში რეალური ეკონომიკური ზრდა ნომინალურზე მეტი იქნება, თუმცა ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება.
პანდემიამ ეკონომიკაში აქამდე უპრეცედენტო მოვლენა გააჩინა: გადავადებული მოთხოვნა. ეს ხანგრძლივი ლოკდაუნით დაგუბებული მოთხოვნაა, როცა შეზღუდვების მოხსნისთანავე ადამიანები იწყებენ იმის ყიდვას და იმ ფასად, რასაც სხვა თანაბარ პირობებში არ იყიდდნენ. სწორედ ამიტომ გაიზარდა, მაგალითად, 2020 წელს ისეთ საქონელზე ფასები, რაზეც ისტორიულად მსგავსი ზრდა ასეთ მოკლე პერიოდში არასდროს მომხდარა, მაგ., ავეჯზე, ტანსაცმელზე და სხვა. ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე, განსაკუთრებით, სურსათზე ფასების ზრდის ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდა და 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
ცალკეული ბიზნესების მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ამ დაგუბებული მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ ფასები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ამ მოთხოვნის საპასუხოდ მწარმოებლის თუ იმპორტიორის დანახარჯებია, მაგ., სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ლარის გაუფასურების გამო, დანახარჯები გაიზარდა 10 თეთრით, ფასები – 30 თეთრით.
სავარაუდოდ, ასეთი დისპროპორციული ზრდა, სხვა მიზეზებთან ერთად, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მომხმარებლების განურჩევლობის მრუდების ცვლილებაზე პასუხადაც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოსავლები არ გაზრდილა. განურჩევლობის მრუდი გვიჩვენებს ორი საქონლის კომბინაციას, რაც მომხმარებელს თანაბარ კმაყოფილებას/სარგებელს ანიჭებს. ბიზნესი, ბუნებრივია, მოგების მაქსიმიზებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და როცა იხდი, გახდევინებს.
სად უნდა წაიღოს ბიზნესმა ეს სხვაობა, ანუ 20 თეთრი, მაშინ როცა მიწოდებას გარკვეულ ზღვარს ზემოთ ვეღარ გაზრდის და, მაშასადამე, ვერც საბრუნავ სახსრებს? აქ ბიზნესს სამი ძირითადი არჩევანი აქვს:
– საბრუნავი სახსრების საჭიროზე მაღალი (ჭარბი) ლიკვიდობა შეინარჩუნოს, რასაც ის ბიზნესებიც კი არ აკეთებენ, რომლებიც საკუთარ ფინანსებს ცუდად მართავენ;
– გაზარდოს ძირითადი კაპიტალი, ანუ რეინვესტირება მოახდინოს, რისი სტიმულიც ბიზნესს მოგების გადასახადის რეფორმამ მისცა რეინვესტირებული მოგების გაცილებით ნაკლები განაკვეთით დაბეგვრით. ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ენაზე, ამას ძირითადი კაპიტალის ფორმირება ჰქვია;
– გაზარდოს საკუთარი მოხმარება: გაიტანოს ეს დივიდენდის სახით, რისი საგადასახადო სტიმულიც არა აქვს.
როგორც აღვნიშნეთ, ეს დასკვნები ცალკეული ბიზნესების მონაცემების ანალიზს ეფუძნება. სტატისტიკაში არასრულ მონაცემებს ანეკდოტურ მონაცემებს უწოდებენ. 2021 წლის პირველი 9 თვის სრული მონაცემები https:// reportal.ge-ზე ჯერჯერობით არ არის.
რატომ შეიძლება, 2021 წლის 8 თვის 12%-იან საშუალო რეალურ ეკონომიკურ ზრდაში იყოს ჰაერის ბუშტი?
2021 წლის 8 თვის 12%-იანმა საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ეს 20 თეთრი დაინახა სრულად (20 თეთრი) როგორც მოხმარების ზრდა, რადგან ამ დროისთვის არ ვიცოდით, მუდმივ ფასებში რამდენი წავიდა ძირითადი კაპიტალის ფორმირებაზე: 2021 წლის აგვისტოში ძირითადი კაპიტალის ფორმირების ანგარიში მუდმივ ფასებში არ იყო გამოქვეყნებული (ქვეყნდება 2021 წლის ნოემბრის ბოლოს).
თუ ეს 20 თეთრი:
– მთლიანად ძირითადი კაპიტალის ფორმირებისკენ მიიმართა, ძირითადი კაპიტალის ფორმირების ანგარიშში გამოჩნდება როგორც 20 თეთრზე ნაკლები, რასაც დაღმავალ კორექტირებას ეძახიან.
– თუ შინამეურნეობების მოხმარება გაზარდა (დივიდენდი გაიტანეს), მაშინ მუდმივ ფასებში დაღმავალი კორექტირება ან საერთოდ არ მოხდება, ან ასეთი მასშტაბით არ მოხდება.
თუ თანამიმდევრული (არაანეკდოტური) მონაცემებიც გვაჩვენებს, რომ ამ 20 თეთრის დიდი ნაწილი მიიმართა ძირითადი კაპიტალის ფორმირებაზე, ხოლო დანარჩენი – შინამეურნეობების მოხმარებაზე, ძირითად კაპიტალს რაც მოხმარდა, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა დაინახავს არა როგორც 20 თეთრს, არამედ, მაგალითად, როგორც 10, 12 ან 15 თეთრს. როცა გვექნება ძირითადი კაპიტალის ფორმირების ანგარიში მუდმივ ფასებში, გვეცოდინება, როგორ გადანაწილდა ეს 20 თეთრი ძირითადი კაპიტალის ფორმირებასა და შინამეურნეობების მოხმარების ზრდაზე. მანამდე კი ამ 20 თეთრსა და იმ 10, 12 თუ 15 თეთრს შორის სხვაობა ქმნის ჰაერის ბუშტს, რასაც მხოლოდ წლიური ზრდა დაჩუტავს.