ბრიტანელი მომღერლის, ჰარი სტაილზის მიერ ახლახან გამოშვებულმა ალბომმა, „Harry’s House“-მა აშშ-ში, 1991 წლის შემდეგ, კვირის განმავლობაში ვინილის გაყიდვებით რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას Billboard-ი ავრცელებს.
გასული პარასკევიდან კვირამდე „Harry’s House“-ის ვინილის 146,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 1991 წლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც მსგავსი მონაცემების აღწერა დაიწყო, ერთი კვირის განმავლობაში სხვა ალბომების გაყიდვებს მნიშვნელოვნად აღემატება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აღნიშნული რეკორდი ტეილორ სვიფტის ალბომს, „Red (Taylor’s Version)“-ს ეკუთვნოდა. გასულ წელს, 12 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე დროის პერიოდში ამ ალბომის ვინილის 114,000 ასლი გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ვინილის ფირფიტები პოპულარობას იბრუნებს. ამას ამერიკის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც მოწმობს, რომლის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში ვინილის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2020 წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს 1986 წლიდან დღემდე საუკეთესო შედეგია.