როგორც ჩანს, ჰარი უინსტონი იდუმალებით მოცული ადამიანი იყო. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ამ ბრენდის უახლეს კოლექციას, რომელიც 29 სამკაულისგან შედგება, სახელად Secrets („საიდუმლოებები”) უწოდეს.
პლატინისგან ხელით ნაკეთები ძვირფასეულობა მსოფლიოში ყველაზე უფრო დახვეწილი და საუკეთესო ბრილიანტების დემონსტრირებას ახდენს. კოლექცია სამ სხვადასხვა მოტივზე შექმნილ საყურეებს, სამაჯურებსა და ყელსაბამებს მოიცავს; ეს მოტივებია: Secret Cluster-ი, Secret Wonder-იდა Secret Combination-ი. კოლექციაში უამრავი სიურპრიზია, მაგალითად, ბრილიანტების ჯაჭვისებური ყელსაბამი მინიატურული სუნამოს ბოთლის კულონით, რომელიც ბრილიანტების მოზაიკურ ქსელშია ჩასმული. Secret Wonder-ში მედალიონები ბრუნავენ და საფირონების, ბრილიანტებისა და აკვამარინების დემონსტრირებას ახდენენ, რომლებიც საყურეების, სამაჯურებისა და ყელსაბამების მეორე მხარეს იმალებიან.
ჰარი უინსტონი 1978 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი პიროვნება კარგად იგრძნობა ამ კოლექციაში. იგი ბრილიანტებს ჯიბეებში ინახავდა, რადგან ის ამ ძვირფას თვლებზე უზომოდ იყო შეყვარებული. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ იუველირს თითოეული თვალის პოტენციალი უბრალო ხელის შევლებითაც შეეძლო გამოეცნო. „სამკაულები უფრო მეტია, ვიდრე ჩემი სიყვარული და ჩემი ცხოვრება; მე მათდამი მუდმივი ლტოლვით ვარ შეპყრობილი”, – განაცხადა მან. მაგრამ ეს კოლექცია, ცხადია, მისი საიდუმლო პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშეც, დიდების უკან მდგარ პიროვნებას ნათელს ჰფენს. ბოლოს და ბოლოს საიდუმლოებები ხომ ძალზე მიმზიდველი რამ არის; რატომ უნდა გამოვააშკარაოთ ისინი?