ინდივიდუალური შემოწირულებების სახით, დემოკრატთა კანდიდატმა კამალა ჰარისმა ივლისის თვეში დონალდ ტრამზე ოთხჯერ მეტი დაფინანსება მოიზიდა. Financial Times-ის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ თვეში, ჰარისის კამპანიამ $204 მილიონი მოიზიდა, ხოლო რესპუბლიკელთა ლიდერის კამპანიამ – $48 მილიონი.
საერთო ჯამში, ივლისის მდგომარეობით, დემოკრატთა ლიდერის კამპანიამ ნაღდი ფულის სახით $220 მილიონი, ტრამპის კამპანიამ კი – $151 მილიონი მიიღო.
ჰარისის კამპანიამ ასევე მიაღწია მცირე შემოწირულობების რეკორდულ რაოდენობას ერთ დღეში. კერძოდ, 22 ივლისს, ბაიდენის ჩანაცვლების პირველივე დღეს, ჰარისის მცირე შემოწირულებების რაოდენობამ 631,000-ს მიაღწია. ამით დემოკრატთა კანდიდატმა ტრამპის შედეგებიც გააუმჯობესა: ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერმა ჯგუფებმა მაისში, მისი სასამართლო პროცესის შემდეგ, 450,000-მდე დონაცია მიიღეს.
FT-ის ანალიზი მოიცავს კამპანიებთან დაკავშირებული ჯგუფებისთვის, მცირე თანხების სახით გაკეთებულ დონაციებს. მესამე კვარტლის სრული მონაცემები, რომელიც მათ შორის მოიცავს პოლიტიკურ მოძრაობათა კომიტეტებს (Pac), ოქტომბერში გამოქვეყნდება. ცნობისთვის, ივლისის თვეში ტრამპთან დაკავშირებულმა Pac-მა სახელწოდებით, Make America Great Again, $55 მილიონი მოიზიდა. ამავე პერიოდში, ჰარისის Future Forward-ის შემოწირულებამ $30 მილიონი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა და მისი ადგილი კამალა ჰარისმა დაიკავა. შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერსაა დანიშნული, სადაც ერთმანეთს პრეზიდენტობის ორი მთავარი კანდიდატი, დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან.
Photograph: AP