„ჰარვარდი“ ტრამპის ადმინისტრაციას დაფინანსების შეწყვეტის გამო უჩივის

„ჰარვარდი“ ტრამპის ადმინისტრაციას დაფინანსების შეწყვეტის გამო უჩივის

ორშაბათს, ჰარვარდის უნივერსიტეტმა დაფინანსების გაყინვის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ალან გარბერის განცხადებით, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიერ „ჰარვარდისთვის“ დაფინანსების შეჩერება არალეგალური გადაწყვეტილებაა და ის მთავრობის იურისდიქციას სცდება.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ აშშ-ის განათლების დეპარტამენტის ანტისემიტიზმთან ბრძოლის ერთობლივმა ჯგუფმა ჰარვარდის უნივერსიტეტს $2.2 მილიარდის დაფინანსება გაუყინა. აშშ-ის განათლების დეპარტამენტის განცხადებით, უნივერსიტეტი არ ასრულებს მთავრობის მოთხოვნებს და უარს აცხადებს ცვლილებები შეიტანოს უნივერსიტეტის მმართველობაში, სტუდენტების მიღებისა და კადრების დაქირავების პროცესებში.

ჰარვარდის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის საუნივერსიტეტო პროცესში ჩარევის შედეგები მძიმე და გრძელვადიანი შედეგის მომტანი იქნება. უნივერსიტეტის მიერ შეტანილი სარჩელის თანახმად, აშშ-ის მთავრობა ფედერალური დაფინანსების გაყინვას „ჰარვარდის“ აკადემიურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის ბერკეტად იყენებს. სარჩელი მინიშნებას აკეთებს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან, რომელიც მთავრობას კერძო აქტორების სიტყვის თავისუფლებაში საკუთარი იდეოლოგიური რწმენის საფუძველზე ჩარევის უფლებას არ აძლევს.

ცნობისთვის, აშშ-ის განათლების დეპარტამენტი ანტისემიტური განწყობების გავრცელებასთან დაკავშირებით „ჰარვარდსა“ და 60 სხვა უნივერსიტეტსა და კოლეჯში გამოძიებებს აწარმოებს.