Heal - ექიმის გამოძახების სერვისი კალიფორნიაში

Heal - ექიმის გამოძახების სერვისი კალიფორნიაში

კალიფორნიაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება სამედიცინო მომსახურების სერვისი Heal, რომელსაც ჯანდაცვის UBER-ი შეარქვეს. Heal-ის მეშვეობით შესაძლებელია ექიმის სახლში გამოძახება, რომელიც მაქსიმუმ 2 საათში თქვენთან გაჩნდება – ნებისმიერ დროს, წელიწადში 365 დღის განმავლობაში.

“აშშ-ში ჯანდაცვა საფუძვლიანად მორყეული ბიზნესია. ეს არის წელიწადში 3-ტრილიონ დოლარიანი ინდუსტრია, რომლითაც ყველა უკმაყოფილოა. ექიმიც და პაციენტიც”, – აცხადებს  Heal-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნიკ დესაი. ადამიანებს თვეების მანძილზე უხდებათ რიგში დგომა, იმისთვის, რომ ექიმმა შეამოწმოს. ამიტომ უმრავლესობა თავს არიდებს მარტივი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას, რაც ჯანმრთელობის გაუარესების და გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის შემთხვევებს ახშირებს. შედეგად, ჯანდაცვაც ნაკლებად ეფექტურია და პაციენტებსაც ასტრონომიული ხარჯების გაწევა უწევთ.

დესაის თქმით, ექიმებს უნდა მიეცეთ საშუალება მეტი დროის მანძილზე ნაკლებ პაციენტს მოემსახურონ. Heal-ი ამის საშუალებას იძლევა. კალიფორნიელები, მობილური აპლიკაციის საშუალებით, იძახებენ კომპანიაზე მომუშავე ექიმებს, თავისუფალი ექიმი ჯერ რეკავს პაციენტთან, საჭიროების შემთხვევაში კი სახლში ეწვევა – მაქსიმუმ 2 საათში. ვიზიტის ღირებულება 99 დოლარია, დაახლოებით იმდენივე, რასაც ექიმებს სადაზღვევო კომპანიები უხდიან. სამაგიეროდ, ყველა პროცედურა გამარტივებულია.

Heal-მა 2015 წლის თებერვალში დაიწყო ფუნქციონირება. 7 ათასი პაციენტიდან, რომელსაც ერთხელ მაინც გამოუძახია Heal-ის ექიმი, 40%-მა მეორედაც ისარგებლა კომპანიის მომსახურებით.

“მომავალი ჩვენს ბიზნესმოდელს ეკუთვნის”, – ამბობს ნიკ დესაი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *