ჰელსინკის კომისია „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას გამოეხმაურა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა გაავრცელა.
„საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები დაარბია. ისინი „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრები არიან, რომლებიც დაუღალავად შრომობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. მთავრობამ მკვლევრებს ელექტრონული მოწყობილობები (მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი) ჩამოართვა.
დღეს გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქალბატონ ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გაყინა. მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე პირდაპირი თავდასხმაა. ასევე, მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა შეერთებული შტატების ინსტიტუტზე, რომელიც მათ ასაქმებს. თუ ეს მომავალი მოვლენების მანიშნებელია, მაშინ ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული სტილის ავტორიტარიზმში სწრაფად გადადის. მთავრობამ მკვლევრებს საშუალება უნდა მისცეს, თავიანთი სამუშაო რეპრესიების შიშის გარეშე აკეთონ. ჩვენი „მეგობარი აქტი“ საქართველოში კანონის უზენაესობის დამრღვევებს დასჯის.“ – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლები ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 24 ოქტომბერს გაჩხრიკეს. ორივე მათგანი „ატლანტიკურ საბჭოში“ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამაში მუშაობს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ გელავასა და ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
აღსანიშნავია, რომ თუ საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები ფიგურირებს, რომლებიც ტერორისტულ და სხვა მსგავს საქმიანობას ეხება, შეიძლება ბანკებს ეჭვმიტანილი პირების ანგარიშების გაყინვა მოსთხოვონ. ამ შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის გათქმა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.