Huawei-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ ახალი, სამ ნაწილად კეცვადი სმარტფონისთვის 2.6 მილიონი წინასწარი ჯავშანი მიიღო. სმარტფონების ჩინურმა მწარმოებელმა ფლაგმანური მოდელის Mate XT-ის წინასწარი შეკვეთების მიღება შაბათს დაიწყო.
სფეროს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინურმა კომპანიამ შეკვეთების მიღება ამერიკული Apple-ის მიერ ახალი მოდელების წარდგენამდე მიზანმიმართულად დაიწყო, რათა ჯავშნების რაოდენობა გაეზარდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ iPhone-ის ახალი სერიის სმარტფონები ყოველწლიურ ღონისძიებაზე Apple-მაც წარადგინა.
რაც შეეხება Huawei-ს ახალ ფლაგმანურ მოდელს, როგორც აღვნიშნეთ, ი სამ ნაწილად იკეცება, რაც სმარტფონების ინდუსტრიაში ინოვაციაა. აქამდე ორ ნაწილად კეცვად სმარტფონებს Huawei-სა და სხვა ჩინურ კონკურენტებთან ერთად Samsung-იც აწარმოებდა. Huawei Mate XT-ის გაყიდვები 20 სექტემბრიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Apple-ი ჩინეთის ბაზარზე სმარტფონების ტოპ-5 მწარმოებელს შორის ვერ მოხვდა. აღნიშნული პირველი შემთხვევაა, როცა ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების ხუთეულში ყველა კომპანია ადგილობრივია. Huawei-მ მეორე კვარტალში მეოთხე პოზიცია დაიკავა. კომპანიამ საანგარიშო პერიოდში 10.6 მილიონი ერთეული სმარტფონი გაყიდა.