იანვარში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ₾62 მილიარდს გადააჭარბა

იანვარში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ₾62 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 459.03 მლნ ლარით, 0.74%-ით გაიზარდა. შედეგად, თვის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.28%-იანი კლება დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 35.05 მილიონი ლარით, 0.10%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 422.98 მილიონი ლარით, 1.57%-ით.

სებ-ის ინფორმაციით, იანვრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 10.58 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 18.15 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 1.34%-იანი კლება, მეორე შემთხვევაში კი 2.46%-იანი მატება დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვრის განმავლობაშია 0.66%-ით, 208.38 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 31.94 მილიარდი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ იანვრის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.32% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.358 პროცენტული პუნქტით შემცირებული მონაცემია.