იანვარში რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტი 39%-ით გაიზარდა

იანვარში რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტი 39%-ით გაიზარდა

გასულ თვეს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში გათხევადებული აირის (LPG) იმპორტის მოცულობა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 39.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ ავრცელებს.

საერთო ჯამში იანვარში გათხევადებული აირის (LPG) იმპორტმა 5,61 ათასი ტონა შეადგინა, რაც 39.2%-ით მეტია 2023 წლის იანვრის მაჩვენებელზე. საინტერესოა, რომ იანვარში იმპორტირებული გათხევადებული აირის 99.8% (5,60 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციაზე მოდის.

სანაცვლოდ, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ანგარიშის თანახმად, გასულ თვეს 51%-ით შემცირდა სანავთობო ბიტუმის იმპორტის მოცულობა და 4.7 ათასი ტონა შეადგინა. გათხევადებული აირის (LPG) მსგავსად, სანავთობო ბიტუმის ყველაზე დიდი იმპორტიორიც რუსეთის ფედერაცია გახლავთ. რუსეთიდან იმპორტირებული სანავთობო ბიტუმის მოცულობა მთლიანი წილის 51.1%-ს შეადგენს. აღნიშნული პროდუქტის მეორე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კი 46.8%-იანი წილით ერაყია.