წელს Super Bowl-ს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა

წელს Super Bowl-ს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა

CBS Sports-ის ინფორმაციით, წელს CBS-ის, Paramount+ -ისა და Nickelodeon-ის პლატფორმებზე Super Bowl-ს თვალს ჯამში 123.4 მილიონი ადამიანი ადევნებდა. აღნიშნული მაჩვენებელი Super Bowl-ის ჩემპიონატების ტრანსლაციის ისტორიაში რეკორდულია. გასულ წელს ღონისძიებას 115.1 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

მიუხედავად რეკორდული რაოდენობის მაყურებლებისა, აშშ-ში ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა და კულტურულმა ღონისძიებამ მაყურებლების ყველა დროის რეკორდი ვერ მოხსნა. ამერიკულ ტელესივრცეში მაყურებლების რეკორდი 1969 წელს Apollo 11-ის მთვარეზე დაჯდომის კადრების ტრანსლაციას ეკუთვნის. ამერიკული სააგენტოების ინფორმაციით, 1969 წელს ამ ისტორიულ მოვლენას თვალს 150 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა.

Deadline-ის ინფორმაციით, გასული წლის Super Bowl-ი 10 ყველაზე ყურებად ტრანსლაციაში მე-8 ადგილს იკავებდა. საინტერესოა, რომ ამერიკაში ყველაზე ყურებადი ტრანსლაციების ათეულში 8 პოზიციას (მე-2-დან მე-9-ს ჩათვლით) სწორედ Super Bowl-ები იკავებდა. მეათე პოზიციაზე კი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის გადადგომის სიტყვა იყო.

Super Bowl-ის მსგავსი პოპულარობის გამო, ღონისძიებაზე საკუთარი რეკლამის განთავსების სურვილი მრავალ ბიზნესს აქვს. თუმცა შესვენებების დროს 30-წამიანი რეკლამის ღირებულება წელს $7 მილიონს აჭარბებდა. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად სარეკლამო კამპანიების Super Bowl-ის ბანერებზე განსათავსებლად კომპანიები დიდ რბოლას აწყობენ. წელს ღონისძიებაზე რეკლამების წარდგენის ექსკლუზივი ისეთმა კომპანიებმა მოიპოვეს, როგორებიც არიან: State Farm Insurance-ი, Oreo Cookie, Bud Light-ი, Doritos Dinamita, BetMGM და Kawasaki USA.

Super Bowl-ი 11 თებერვალს ნევადის შტატში, Allegiant Stadium-ზე გაიმართა და მას 61,600 ადამიანი დაესწრო. San Francisco 49ers-სა და Kansas City Chiefs-ს შორისო დაპირისპირება დამატებით დროში გადავიდა და საბოლოოდ ამ უკანასკნელმა 3 ქულით იმარჯვა. მატჩის MVP კი პატრიკ მაჰოუმსი გახდა.

ღონისძიების გასართობ ნაწილში ამერიკული პოპ-კულტურის მრავალი სახე მონაწილეობდა, რომელთა შორისაც იყვნენ Post Malone-ი და Andra Day, ე.წ. Halftime-შოუს კი Usher-ი წარუძღვა.