მასკი: პუტინი უკრაინაში ომს არ წააგებს

მასკი: პუტინი უკრაინაში ომს არ წააგებს

როგორც რესპუბლიკელ სენატორებთან ილონ მასკმა განაცხადა, პრეზიდენტ პუტინის მხრიდან უკრაინაში ომის წაგების არანაირი შანსი არ არსებობს. მასკმა კომენტარი X Spaces-ის ფორუმზე გააკეთა, განხილვებს კი სენატიდან უკრაინისთვის დამატებითი დახმარების კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ესწრებოდნენ.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი სენატორ რონ ჯონსონის განცხადებას დაეთანხმა. ჯონსონის თქმით, პუტინი უკრაინაში ომს არ წააგებს, ისინი კი, ვინც უკრაინის გამარჯვებას ელოდებიან, „ფანტასტიკურ სამყაროში ცხოვრობენ“. ხოლო მასკმა, თავის მხრივ, დაამატა, რომ დაფინანსებების რაუნდი და ომის გახანგრძლივება უკრაინას არ დაეხმარება. მსგავსი შინაარსის განცხადება ადრე მასკმა პლატფორმა X-ზეც გააკეთა, რის გამოც უკრაინისა და კონგრესის დემოკრატი წევრების კრიტიკა დაიმსახურა.

მილიარდერის თქმით, პუტინზე ზეწოლა ხორციელდებოდა და უკან დახევის შემთხვევაში მას მოკლავდნენ. მასკი იმ ფაქტსაც შეეხო, რომ მას ხშირად პუტინის დამცველად მოიხსენიებენ, თუმცა ბრალდებას აბსურდული უწოდა და დასძინა, რომ მისმა კომპანიებმა „ალბათ უფრო მეტი შეძლო რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად, ვიდრე სხვა ყველაფერმა“.

მასკის კომენტარები უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალურ განცხადებას მოჰყვა. სამმართველოს მტკიცებით, რუსული ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თანამგზავრული ინტერნეტისთვის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ წარმოებულ Starlink-ის ტერმინალებს იყენებს. აღნიშნული უარყო თავად მასკმა, რომლის თქმითაც, ტერმინალები რუსეთში აქტიური არაა და SpaceX-ს ქვეყანაში აღჭურვილობაც არასდროს გაუგზავნია.