იაპონელი მილიარდერის, Rakuten Group Inc-ის დამფუძნებლის, განცხადებით, ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩატარება თვითმკვლელობაზე წასვლის ტოლფასია. ჰიროში მიკიტანი კრიტიკულად უყურებს იაპონიის მთავრობის ბრძოლას კოვიდპანდემიასთან. CNN-თან ინტერვიუში მან განმარტა, რომ ოლიმპიადასთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმება აუცილებელია.
ბიზნესმენმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდე სუგას განცხადება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩასატარებლად მზადაა. ჰიროში მიკიტანის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ იაპონიაში ვაქცინაციის პროცესი დაგვიანებით მიმდინარეობს, შესაბამისად, საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა საფრთხის შემცველია.
იაპონიაში გამოკითხულთა 59% ოლიმპიადის თამაშების ჩატარების წინააღმდეგია. მოსახლეობის მხოლოდ 3,2% მიიღო, სულ მცირე, კოვიდვაქცინის ერთი დოზა, რაც საკმაოდ მცირე პროცენტული მაჩვენებელია, განსაკუთრებით ამერიკასა (46,8%) და ბრიტანეთთან (54,1%) შედარებით.
ათლეტთა უმრავლესობა კოვიდვაქცინით აიცრება, თუმცა იაპონიაში ოლიმპიადასთან დაკავშირებულ ათასობით სხვა ადამიანს ელიან.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უცხოურ მედიას გაშუქების მკაცრად განსაზღვრული წესები ექნება და თუ რომელიმე ჟურნალისტი წესებს დაარღვევს, მთავრობა მის დეპორტირებას განიხილავს.