იაპონია კანონს ცვლის, რათა რუსეთმა სანქციების თავის არიდება კრიპტოვალუტებით ვერ შეძლოს

იაპონია კანონს ცვლის, რათა რუსეთმა სანქციების თავის არიდება კრიპტოვალუტებით ვერ შეძლოს

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივნის, ჰიროკაზუ მაცუნოს განცხადებით, უახლოეს მომავალში მთავრობა პარლამენტში შეიტანს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს სავალუტო და საგარეო ვაჭრობის აქტის შესახებ. აღნიშნული ცვლილების მიზანი ე.წ. სამართლებრივი ხვრელების ამოქოლვა და იმ გზების შეზღუდვაა, რომლებიც, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციამ სანქციების თავიდან ასარიდებლად გამოიყენოს.

ცვლილებების დიდი ნაწილი კრიპტო და ციფრული აქტივების სექტორს ეხება, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის მთავრობამ და სახელმწიფო კომპანიებმა სწორედ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის და კრიპტოვალუტების გამოყენება სცადონ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ასავლელად.

ზუსტად რას მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ კრიპტოვალუტების სავაჭრო ბირჟების მიმართ რეგულაციები განმკაცრდეს, იდენტობის ვერიფიკაციის პროცესთან დაკავშირებით კი ახალი შეზღუდვები დაწესდეს.

გარდა ამისა, იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტო და კრიპტოაქტივების ასოციაცია სანქცირებული პირებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების დაბლოკვის გზების გამონახვაზეც მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ შორეული აღმოსავლეთის რეგიონში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ რუსეთის სამხედრო აგრესიას ყველაზე აქტიურად იაპონია აპროტესტებს. გასული კვირების განმავლობაში, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი წარადგინა. შეზღუდვები შეეხოთ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მაღალჩინოსნებს, ოლიგარქებს და მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *