სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის II კვარტალის მიხედვით საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 170.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 491.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი წლიურად – 2.6-ჯერ, მეორე შემთხვევაში კი 3.3-ჯერ გაიზარდა.
ამასთანავე, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 46.9 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 112.1 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი – 4.6-ჯერ, მეორე შემთხვევაში კი 6.7-ჯერ გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 794.1 ათას მგზავრს მოემსახურა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 25.3%-ით აღემატება. ცნობისთვის, აეროპორტებმა 911.4 ათასი მგზავრი მიიღო (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან 882.7 ათასი მგზავრი (26.1 პროცენტით მეტი) გაემგზავრა. ამავდროულად, სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.7 ათასი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 26.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 6.6 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 82% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 18% – გაგზავნილი. აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.4-ჯერ აღემატება.