2023 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 736.9 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის თანახმად, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 717.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.4%-ს შეადგენს და 35.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში კი გადაყვანილია 19.5 ათასი მგზავრი, რაც 22.9%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 77.5% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 22.5%. ამ პერიოდში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.
III კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 11.8%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 13.3% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30% – საერთაშორისოზე, ხოლო 56.7% – ტრანზიტზე.
საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24.6% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75.4% – ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.9%-ისთვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 29.5%-ისთვის – აზერბაიჯანი, ხოლო 2.9%-ისთვის – რუმინეთი.
გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.1%-ისთვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 8.7%-ისთვის – რუსეთის ფედერაცია, ხოლო 8.3%-ისთვის – სომხეთი.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 30.2% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 27.3% – ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 13.6% – საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.