უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე, ილონ მასკი ახალი ხელოვნური ინტელექტის შექმნას გეგმავს, რომლის სახელწოდება TruthGPT იქნება. ის კონკურენციას OpenAI-სა და Google-ის ხელოვნურ ინტელექტებს გაუწევს.
მასკის განმარტებით, TruthGPT-ს მთავარი დანიშნულება სამყაროში არსებული ჭეშმარიტებების აღმოჩენა და შეკითხვებზე დანამდვილებით სწორი პასუხების გაცემა იქნება, რაც ამ ეტაპზე OpenAI-ს მიერ შექმნილი ChatGPT-ის ინტერესებში არ შედის.
„ეს იქნება მაქსიმალური ჭეშმარიტების მაძიებელი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შეეცდება სამყაროს ნამდვილი ბუნება შეისწავლოს. ვიმედოვნებ, რომ TruthGPT უფრო მეტ სარგებელს მოუტანს კაცობრიობას, ვიდრე ზიანს“, – ამბობს მილიარდერი მეწარმე.
ხელოვნური ინტელექტის შექმნის გარდა, ილონ მასკი ახალი სუპერ აპლიკაციის შექმნასაც გეგმავს, რომლის სახელწოდება “X” იქნება. ამ მიზნის მისაღწევად მასკმა უკვე შეიძინა სოციალური პლატფორმა Twitter-ი და შესაბამისი სახელწოდების კომპანიაც დაარეგისტრირა – X Corporation.
გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ მასკის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა უჩვეულოდ დიდი რაოდენობის მძლავრი კომპიუტერები და ვიდეო ბარათები შეიძინეს, მათ შორის NVIDIA-ს ისეთი ჩიპები, რომლებიც უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის გასავითარებლად გამოიყენება.