მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, Wikipedia-ს მხოლოდ სახელწოდების შეცვლის პირობით, $1 მილიარდს სთავაზობს. ვებგვერდისთვის სოლიდურ დონაციას მასკი იმ შემთხვევაში გაიღებს თუ სახელი „D**kipedia“ გახდება.
Wikipedia-ს მოხალისეთა გუნდი მართავს და მასზე წვდომა ყველასთვის უფასოა. მოხალისეები ვებგვერდის მუდმივ განახლებაზე ზრუნავენ და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომხმარებელს სტატიებს სხვადასხვა ენაზე სთავაზობენ. Wikipedia-ზე შესვლისას მსურველებს ვებგვერდისთვის შემოწირულების გაკეთების საშუალებაც აქვთ.
სწორედ საიტზე განთავსებულ დონაციის შეთავაზებას შეეხებოდა პლატფორმა X-ზე ილონ მასკის მიერ გამოქვეყნებული პოსტი: „ოდესმე გიფიქრიათ, რატომ ითხოვს Wikimedia Foundation-ი ამ მოცულობის თანხას? ის ნამდვილად არ არის საჭირო მისი მუშაობისთვის. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადმოიტანოთ მთელი ტექსტი თქვენს ეკრანზე! მაშინ რისთვისაა ფული საჭირო? ცნობისმოყვარე გონებას სურს, იცოდეს“.
მასკის პოსტის საპასუხოდ, Wikimedia Foundation-ის სპიკერმა სამანტა ლაიენმა Washington Post-თან შემდეგი განცხადება გააკეთა: „Wikimedia Foundation-ის სამეურვეო საბჭოს მითითებების საფუძველზე, ჩვენი რეზერვი მხოლოდ ერთი წლის საოპერაციო ბიუჯეტს მოიცავს. რეზერვი უსაფრთხოების ბადეა Wikipedia-ს დასაცავად, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გარემოება ამ პერიოდში თანხების მოზიდვას შეაფერხებს“.
თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მესამე კვარტალის შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად, Tesla-ს აქციების ფასი 9%-ით შემცირდა, რამაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონების შემცირებაც გამოიწვია. შესაბამისად, დონაცია ამ პერიოდში მასკისთვის შესაძლოა კარგი გადაწყვეტილება არც იყოს. Forbes-ის მონაცემებით, მასკის ქონების წმინდა ღირებულება დღეისათვის $225.2 მილიარდს უტოლდება.