ილონ მასკი Solarcity-ის დასაცავად სასამართლოს წინაშე წარდგება

ილონ მასკი Solarcity-ის დასაცავად სასამართლოს წინაშე წარდგება

ორშაბათს Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, 2006 წელს დაარსებული კომპანია Solarcity-ის დასაცავად სასამართლოს წინაშე წარდგება. იმ შემთხვევაში, თუ მასკი სასამართლო დავას წააგებს, მას მისივე პირადი ქონებიდან 2 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. კომპანია Solarcity მზის ენერგიის წარმოებით მეორე ადგილზეა აშშ-ში.

Solarcity-ის აქციონერები ილონ მასკსა და Tesla-ს საბჭოს წევრებს 2016 წელს დადებული შეთანხმების გამო უჩივიან. ისინი აპელირებენ იმ ფაქტით, რომ აღნიშნული შეთანხმება შეიცავდა კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში ფინანსურ დახმარებას. აქციონერების მტკიცებით, ხელშეკრულების შედეგად, არასამართლიანად გამდიდრდა მასკის ოჯახი, რომელიც კომპანიის ყველაზე მსხვილ აქციონერებს შორისაა. ხოლო მასკმა ვერ მოახერხა დასაბუთებულად აეხსნა ამის მიზეზები და დანარჩენი აქციონერების ნდობა მოეპოვებინა.  შესაბამისად, Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს მოუწევს, თავისი $2,6-მილიარდიანი  წილი უკვე სასამართლოში დაიცვას.

აღსანიშნავია, რომ როგორც აქციონერების წამოწყებული სარჩელი, ეს სამართლებრივი დავაც, უფრო კორპორაციის სახელითაა, ვიდრე ინდივიდუალური პირებისა და ფონდების. შესაბამისად, თუ მოსარჩელე მოიგებს დავას, შემოსავლიანი ეს უფრო მეტად Tesla-სთვის იქნება და არა მათთვის, ვინც სასამართლოში საქმე აღძრა.

ილონ მასკის ადვოკატების განცხადებით, 2016 წელს დადებული შეთანხმება არ ვნებს სხვა აქციონერებს და ისინი მიესალმებოდნენ კიდეც ხელშეკრულების პირობებს. 2016 წლის შეთანხმებისას ილონ მასკი ფლობდა Tesla-ს აქციების 22.1%, ხოლო Solarcity-ში – 21.9%-ს. რაც შეეხება Tesla-ს, ილონ მასკის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ თუ Solarcity-ის შეძენის დროს კომპანიის აქციების ფასი 43.92 აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა მისი ღირებულება 656,95 აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირველი სასამართლო სხდომა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში იყო ჩანიშნული, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. 2020 წლის იანვარში Tesla-ს საბჭოს თითოეული წევრი, რომლებიც სასამართლო პროცესზე იყვნენ წარდგენილნი, 60 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ილონ მასკს სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. მაგალითად, მილიარდერის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებს შორისაა 2018 წლის საქმე, როდესაც ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ მილიარდერი თაღლითობაში ამხილა და როგორც მას, ასევე Tesla-ს 20 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *