ილონ მასკის Neuralink-ის ღირებულება შესაძლოა $8.5 მილიარდად შეფასდეს

ილონ მასკის Neuralink-ის ღირებულება შესაძლოა $8.5 მილიარდად შეფასდეს

Bloomberg News-ის ინფორმაციით, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ტვინის იმპლანტებზე მომუშავე კომპანია Neuralink-ი დამატებითი $500-მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. ინვესტირების ახალი რაუნდის შემდეგ კი კომპანიის ღირებულება $8.5 მილიარდი იქნება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Neuralink-მა პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, თუმცა რა პირობები ექნება ინვესტირების ახალ რაუნდს, უცნობია. გავრცელებულ ინფორმაციაზე Neuralink-ს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Reuters-ის მონაცემებით, 2023 წელს სტარტაპის ღირებულება $5 მილიარდს შეადგენდა. ერთ-ერთი უკანასკნელი საინვესტიციო რაუნდის შედეგად კი Neuralink-მა დამატებით $280-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა.

შეგახსენებთ, რომ Neuralink-ი ტვინის იმპლანტების გამოცდებს ატარებს პაციენტებისთვის, რომელთაც ზურგის ტვინის დაზიანებები აქვთ. კომპანიის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ზემოთ აღნიშნული პრობლემების მქონე ადამიანების დახმარებაა.

ამ დრომდე Neuralink-ის მიერ შექმნილი ტვინის იმპლანტების დახმარებით, პაციენტებმა მარტივი ვიდეოთამაშებით სარგებლობა, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, სოცმედიაში პოსტების განთავსება და კომპიუტერის მანიშნებელი კურსორის გამოძრავება შეძლეს. ეს ყველაფერი კი ტვინის იმპლანტის გამოყენებით ფიქრის საშუალებით განხორციელდა.

2023 წელს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანიას კლინიკური ცდების ჩატარების ეტაპზე გადასვლა აუკრძალა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ნებართვა მაინც გასცა. ამჟამად Neuralink-ი პაციენტებზე კლინიკური ცდების ჩატარების ეტაპზეა.