როგორც ჩანს, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და ერთ-ერთ წამყვან სოციალურ ქსელს, Twitter-ს შორის მიმდინარე დავა დასასრულს უახლოვდება, რადგან ილონ მასკმა მზაობა გამოთქვა, კომპანია გარიგების თავდაპირველ შეთანხმებულ ფასად, $44 მილიარდად იყიდოს, – ამის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს. აღსანიშნავია, რომ ამ სიახლეს ბაზარი დადებითად შეხვდა, რის გამოც ვაჭრობის დახურვამდე Twitter-ის აქციათა ფასმა 22.3%-ით იმატა.
“მოგახსენებთ, რომ ილონ მასკი მზადაა 2022 წლის 25 აპრილს შერწყმის შეთანხმებით გათვალისწინებული ტრანზაქცია მასში მითითებული პირობების მიხედვით იმ პირობით დაასრულოს, რომ დელავერის სასამართლო დაუყოვნებლივ გაითვალისწინებს ამ გარემოებას და გადადებს საქმის მოსმენას და ყველა სხვა პროცედურას“, – ვკითხულობთ ილონ მასკის იურისტების მიერ Twitter-ისადმი გაგზავნილ წერილში.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკის ეს შემოთავაზება ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მილიარდერი ტრანზაქციის დასახურად საჭირო ფინანსების მოზიდვას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ დღეს, ისტორიულად მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, ამერიკაში სესხების გაცემისთვის არცთუ ისე კარგი დროა.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის წერილს ოფიციალურად გამოეხმაურა Twitter-იც, რომლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტრანზაქციის დახურვას თავდაპირველად შეთანხმებული ფასით აპირებენ. მოგვიანებით, მედიაში გავრცელებულ სიახლეს თავად ილონ მასკიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ Twitter-ს იმისთვის ყიდულობს, რომ „შექმნას X – ყველაფრის აპლიკაცია“.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებისკენ ილონ მასკს მისმა იურისტებმა უბიძგეს, რადგან აღნიშნულ სასამართლო დავაში გამარჯვება მილიარდერს გაუჭირდებოდა. „როგორც ჩანს, მასკი მიხვდა, რომ Twitter-ის სამეთვალყურეო საბჭოს წინააღმდეგ დელავერის სასამართლოში გამარჯვება თითქმის შეუძლებელი იყო, ასე რომ ეს $44-მილიარდიანი გარიგება მაინც შედგებოდა“, – აღნიშნა Wedbush Securities-ის ანალიტიკოსმა, დენ აივზმა.
საინტერესოა, რომ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვას უარყოფითად შეხვდნენ Tesla-ს ინვესტორები – სიახლის გავრცელებიდან მალევე, ელექტრომობილების მწარმოებელი მსოფლიოს უდიდესი კომპანიის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა, მაგრამ მოგვიანებით, სავაჭრო დღე 2.4%-იანი ნამატით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ Twitter-ის სრულად შესყიდვის სურვილი ილონ მასკმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში გამოთქვა – იმ დროს, მილიარდერს კომპანიის ყიდვა $44 მილიარდად სურდა, რაც თითოეული აქციის შემთხვევაში $54.20-ს უდრის. თუმცა მოგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ, მასკმა კომპანიის შესყიდვა გადაიფიქრა, რის გამოც საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. ცნობისთვის გეტყვით, რომ კომპანიის სრულად შესყიდვამდე, ილონ მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი შეიძინა და კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა.