საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უახლესი კვლევის თანახმად, კრიპტოაქტივები მეტად პოპულარულია იმ ქვეყნებში, სადაც კორუფციის უფრო მაღალი დონე და კაპიტალის მკაცრი კონტროლის პოლიტიკა შეინიშნება – ამგვარი კორელაციის არსებობის გამო, ორგანიზაცია მკითხველის ყურადღებას შუამავალი სუბიექტების მიერ მომხმარებელთა ვერიფიკაციის პროცედურების აუცილებლობაზე ამახვილებს.
IMF-ის კვლევიდან ისიც ირკვევა, რომ ხშირად, კრიპტოაქტივებს კორუფციული გარიგებების შედეგად მიღებული თანხების გადასარიცხად ან კაპიტალის მკაცრი კონტროლის თავიდან ასარიდებლად იყენებენ – ამ კუთხით ორგანიზაციას კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეს კვლევა გერმანული კომპანიის, Statista-ს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლისთვისაც 55 ქვეყნის წარმომადგენლები გამოიკითხნენ. თუმცაკი, საკვლევი ჯგუფის სიმცირისა და ინფორმაციის წყაროს შესაძლო არასარწმუნოობის გამო (კვლევაში მონაწილეობა თითო ქვეყნიდან 2-დან 12 ათასამდე რესპოდენტმა მიიღო) კვლევის შედეგების ინტერპრეტირება სიფრთხილით უნდა მოხდეს.