საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინფომაციით, ორგანიზაციამ უკრაინასთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, რის საფუძველზეც ქვეყანას ფინანსური დახმარების სახით დამატებით $1.1 მილიარდი გადაეცემა. შეთანხმებას საბოლოოდ მწვანე შუქი ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა აუნთოს, რაც, ორგანიზაციის განცხადებით, რამდენიმე კვირაში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი მსესხებელი ორგანიზაციაა. ფონდის ოთხწლიანი $15.7-მილიარდიანი პროგრამა უკრაინის გლობალური ეკონომიკური დახმარების პაკეტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.
ომის სამუშაო ბაზარზე გავლენისა და რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო IMF-ი უკრაინის ეკონომიკის შემცირებას პროგნოზირებს. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის რისკიანობის მაჩვენებელს უცვლელად, ყველაზე მაღალ ნიშნულზე ტოვებს.
ცნობისათვის, უკრაინა საკუთარი ბიუჯეტის 60%-ს თავდაცვის დაფინანსებაზე ხარჯავს და დიდწილად საგარეო ფინანსურ დახმარებებზეა დამოკიდებული. პენსიებსა და საჯარო მოხელეთა ხელფასებს ქვეყანა სწორედ დასავლელი პარტნიორების დახმარებით იხდის. სოციალური და ჰუმანიტარული სერვისების მიწოდებაში კი მას სხვადასხვა ფონდი ეხმარება.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყანამ დასავლეთისგან ფინანსური დახმარების სახით ჯამში $98 მილიარდი მიიღო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, შემოსავლების გაზრდის გზები მოძებნოს. ამისთვის უკრაინის მთავრობა გადასახადების გაზრდას გეგმავს. პირველი ნაბიჯები კი საიმპორტო და საექსპორტო გადასახადების გაზრდის კუთხით უკვე გადაიდგა.