ინდოეთში საპარლამენტო არჩევნების ბოლო, მეშვიდე რაუნდი დასრულდა. საარჩევნო კომისიის უახლესი მონაცემებით, ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი, რომელსაც სათავეში პრემიერ მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ უდგას, კვლავ მოვა ხელისუფლებაში, თუმცა შედარებით მცირე უმრავლესობით.
2019 წელს გამართულ საყოველთაო არჩევნებში, პრემიერ ნარენდრა მოდის პარტიამ 353 მანდატი მოიპოვა. ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ჯამში 543 ადგილია, შედეგად, გამარჯვებულ პარტიას ან კოალიციას, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, სულ მცირე 272 მანდატის მიღება სჭირდება. ინდოეთში, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში, არჩევნები ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და შვიდ ეტაპად ტარდება.
მოდიმ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ არჩევნებში, მესამე ვადით მოსასვლელად, სულ მცირე, 400 მანდატის მიღებას მოახერხებდა. თუმცა არსებული შედეგებით პრემიერს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიცია დასჭირდება. უახლესი მონაცემებით, მოდის „ინდოეთის სახალხო პარტიამ“ არჩევნებში ხმების 37% მიიღო.
შედეგად, მის მოკავშირეებთან ერთად პარტია 543-დან 280 მანდატის მიღებას შეძლებს – უფრო ნაკლების, ვიდრე ბოლო შემადგენლობით ჰქონდა. შედეგები გააუმჯობესა ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელმაც წლევანდელი არჩევნებით სულ მცირე 230 მანდატის მოპოვება შეძლო. ცნობისთვის, ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის უფლება წელს 968 მილიონ ამომრჩეველს ჰქონდა. საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 66.3% შეადგინა.
„განვითარებადი საზოგადოების კვლევის ცენტის“ მიერ აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშით, ინდოეთის მოსახლეობისთვის მთავარ პრობლემად უმუშევრობა რჩებოდა – ყოველი 10 ათასი გამოკითხულიდან 27%-ისთვის. ნახევარზე მეტის მტკიცებით კი, სამსახურის პოვნა მათ უფრო მეტად მოდის მეორე ვადით მმართველობის პერიოდში გაუჭირდათ.
ინდოეთის ეკონომიკის მონიტორინგის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე დასახლებულ ქვეყანაში, აპრილის თვეში, უმუშევრობის დონე 8.1%-მდე გაიზარდა. სამშაბათს 8%-ით დაეცა ინდოეთის საორიენტაციო ინდექსები – Nifty 50 და BSE Sensex-ი.
ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. 2024 ფისკალურ წელს, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 8.2%-ით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს ინდოეთის ეკონომიკა – 6.5%-ით, ხოლო 2025 წელს, 6.5%-ით გაიზრდება.