ინფლაცია საქართველოში და მსოფლიოში • ივნისი-ივლისი

ინფლაცია საქართველოში და მსოფლიოში • ივნისი-ივლისი

ინფლაციის პრობლემა მსოფლიოში უფრო და უფრო მწვავე ხდება. ქვეყნები ვერ ახერხებენ ფასების ზრდას თავი დააღწიონ. ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაცია უკვე დაფიქსირდა. Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლის და მომსახურების ფასებზე გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელზე და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს. მიმდინარე სტატია ივნისში და ივლისში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შეეხება.

2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. ფასების ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-ივნისში ინფლაციამ 7.8% შეადგინა,  წლიური ინფლაცია (2021 წლის მაისი 2022 წლის მაისთან) კი 12.8%-ია.

მაისში წლიური ინფლაცია 13.3% იყო. ივნისში ფასები (მაისთან შედარებით) 0.2% გაიზარდა, თუმცა წლიური ინფლაცია 12.8%-მდე შემცირდა. ემის მიზეზი, ე.წ. საბაზისო ეფექტია. რადგან წლიური ინფლაცია ბოლო 12 თვეში დაფიქსირებულ ინფლაციის დონეს მოიცავს, წინა წლის ივნისში დაფიქსირებული ინფლაციის დონე (0.7%) გამოაკლდა.

წლიური ინფლაცია საქართველოში, ივნისი/ივნისთან

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა – 21.8%-ით. ტრანსპორტი (მოიცავს საწვავის ფასსაც) 19.4%-ით გაძვირდა, ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები 13%-ით, სასტუმროები და რესტორნები 14%-ით.

თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლის და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 120%-ით ქლიავი გაძვირდა. შემდეგ ყურძენი მოდის, რომელიც 87%-ით გაძვირდა, მწვანე ლობიო 73%-ით. დიზელის საწვავი 53%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში შარვალი (20%-ით) და კაბა (21%-ით) გაიაფდა. სურსათიდან მნიშვნელოვნად მხოლოდ ლიმონია გაიაფებული – 8%-ით. 3%-ით გაიაფდა ბანანი.

საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

გაძვირების %

ქლიავი

120%

ყურძენი

87%

მწვანე ლობიო

73%

ატამი

69%

საზამთრო

60%

სიმინდის ფქვილი

54%

დიზელის საწვავი

53%

მარგარინი

53%

კარტოფილი

47%

პომიდორი

46%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ცალკე აღებულ ივნისის თვეში (ივნისის ფასები, რომ შევადაროთ მაისის ფასებს) ყველაზე მეტად საზამთრო გაძვირდა – 27%-ით. შემდეგ მოდის კარტოფილი 21.3%-ით. ჯამში, სურსათი საშუალოდ 0.1%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით მაისში ყველაზე მეტად – 60%-ით კიტრი გაიაფდა. 45%-ით გაიაფდა პომიდორი, 42%-ით მწვანე ლობიო.

საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წლის ივნისში (მაისთან შედარებით) ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

გაძვირების %

საზამთრო

27.0%

კარტოფილი

21.3%

ჭარხალი

19.1%

ლიმონი

18.4%

მწვანილი

12.9%

თვითმფრინავით მგზავრობა

10.6%

მანდარინი

9.5%

ვაშლი

9.1%

სტაფილო

7.2%

ფორთოხალი

7.2%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

22 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომა გამართა. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 11%-ის დონეზე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფალციის დონე ისევ მაღალია, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების და უკვე საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, ამ ეტაპზე, მეტად გამკაცრება საჭიროდ არ ჩათვალა. მონეტარული პოლიტიკის საბჭოს მომდევნო სხდომა 3 აგვისტოს გაიმართება და  სავარაუდოდ, სებ რეფინანსირების განაკვეთს ისევ არ გაზრდის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics აქვეყნებს. დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც უმეტესობაზე 2022 წლის ივნისის ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე წინა თვეების მდგომარეობით. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო მაისში დაფიქსირებული წლიური 12.8%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში 45-ე ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად 44 ქვეყანაში გაიზარდა.

ინფლაციის დონით პირველ ადგილზე ლიბანია, სადაც ბოლო ერთ წელიწადში ფასები 211%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის ზიმბაბვე და სუდანი 192%-ით.

ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში თურქეთში ივნისის მონაცემებით 79%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირას მნიშვნელოვანი გაუფასურება და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაა, რაც არასათანადო მონეტარულ პოლიტიკას განაპირობებს. ლირას კურსი დოლარის მიმართ 17.5-მდე გაიზარდა. რუსეთში წლიური ინფლაცია 16%-ია, რაც რუსეთზე დაწესებული სანქციებითაა გამოწვეული. სომხეთში წლიური ინფლაცია 10.3%-ია, აზერბაიჯანში 12.6%.

ინფლაციის დონით საქართველოსთან ყველაზე ახლოს სლოვაკეთი (13.2%), ეგვიპტე (13.2%), ჩილე (12.5) და აზერბაიჯანი(12.6%) არიან.

ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია, ანუ ფასების საშუალო დონის შემცირება, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია ჰონგ-კონგშია და გაბონშია – 1.2%. ასევე დაბალი ინფლაციაა ბოლივიაში (1.4%) და ავღანეთში (1.65%).

განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ესტონეთშია – 22%. შემდეგ მოდის ლიეტუვა 21%-ით და ლატვია 19.3%-ით. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 8.8%-ია.

აშშ-ში ივნისში წლიური ინფლაცია 9.1%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 41 წლის რეკორდული მაჩვენებელია. 9.1-ზე მაღალი ინფლაცია აშშ-ში ბოლოს 1981 წლის დეკემბერში იყო – 10.3%.

მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 31%-ით გაძვირდა. ბარელი ნავთობის ფასი მარტი-ივნისში ძირითადად 100 დოლარს ზემო იყო, თუმცა ივლისში 100 დოლარს ჩამოსცდა. რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების კლებას მოელიან, სხვა ექსპორტიორები კი მიწოდებას მნიშვნელოვნად არ ზრდიან და შესაბამისად, ნავთობის ფასი იზრდება.

ბოლო ერთ წელიწადში ბუნებრივი აირი 84%-ით გაძვირდა. ლითონები და მინერალები 15%-ით არის გაძვირებული.

მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სურსათი. მათ შორის, ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიოში ყავა საშუალოდ 37%-ით გაძვირდა, ხორბალი 26%-ით, ბრინჯი და ზეთი 21%-ით, რძე 35%-ით, შაქარი 9%-ით.

ბარელი ნავთობის (Crude oil) საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი

მონაცემთა წყარო: U.S. Energy Information Administration (EIA)

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გლობალურად ფასების სწრაფად დასტაბილურება იყო მოსალოდნელი, რადგან მსოფლიო პანდემიის ეკონომიკაზე გავლენიდან გამოდიოდა. თუმცა, ომმა და მისმა გავლენამ მსოფლიო ეკონომიკაზე ეს მოლოდინები შეცვალა, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები მზად არიან თანდათანობით ენერგორესურსები და მნიშვნელოვანი პროდუქცია ძვირად იყიდონ, ოღონდ რუსეთისგან არ შეიძინონ.

ინფლაციის შესაკავებლად აშშ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5% პუნქტით გაზარდა და ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე კიდევ ზრდაა მოსალოდნელი, შესაძლოა 1% პუნქტითაც კი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც – 0.25% პუნქტით, რომელიც ბოლო 11 წელი განაკვეთს 0%-ის დონეზე ინარჩუნებდა. მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი კიდევ გაზრდის განაკვეთს. განაკვეთების ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპს შეამცირებს, მაგრამ ფასების სტაბილურობას დაეხმარება. დიდ განვითარებულ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების ზრდა ამ ქვეყნებში მოთხოვნას, მათ შორის, ნავთობზე მოთხოვნასაც ამცირებს. ნავთობზე მოთხოვნის კლება კი ნავთობის ფასს ამცირებს, რაც ერთი მხრივ ინფლაციის შეჩერებას ეხმარება და ამასთან ერთად, რუსეთს ეკონომიკურად ასუსტებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *