„ინფრასტრუქტურული რევოლუცია ჯანდაცვაში“ - ნიკოლოზ გამყრელიძე სექტორის მიღწევებსა და შეცდომებზე

„ინფრასტრუქტურული რევოლუცია ჯანდაცვაში“ - ნიკოლოზ გამყრელიძე სექტორის მიღწევებსა და შეცდომებზე

10-12 წლის წინ საქართველოში, ძალიან მოკლე პერიოდში, ჯანდაცვის სექტორში ინფრასტრუქტურული რევოლუცია მოხდა, – ამის შესახებ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანამ მოკლე პერიოდში მიიღო საკმაოდ მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთ ქვეყანაში ასე სისტემურად არ გაკეთებულა.

ნიკოლოზ გამყრელიძემ ჯანდაცვის სექტორში ასევე მნიშვნელოვანი უწოდა  საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც, მისი თქმით, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გადაიდგა და რამაც თავის მხრივ ბევრი ახალი სერვისის განვითარება განაპირობა. თუმცა, როგორც ის ამბობს, დრო რომ უკან გადავახვიოთ და დავფიქრდეთ შეცდომებზე, ყველაზე ფუნდამენტური შეცდომა შეიძლება იყოს ის, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის აბსოლუტური იგნორირება მოხდა.

„პირველადი ჯანდაცვა რეფორმის ყველა ეტაპზე იყო გადაწეული, როგორც ნაკლები პრიორიტეტი. ამ 12-13 წლის მანძილზე ჩვენ რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმისთვის იმის ნახევარი მაინც მიგვეცა, რაც ჰოსპიტალური სექტორის რეფორმას მივეცით, გაცილებით წინ ვიქნებოდით“, – აღნიშნა მან.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ რაც არ უნდა შეიცვალოს ტარიფიკაცია, ჰოსპიტალურ სექტორში დანახარჯების გაჩერება ძალიან რთული იქნება.  „ეს რეალურად უნდა ვაღიაროთ, და ალბათ შეუძლებელიც იქნება, თუ ფუნდამენტური რეფორმა არ განვახორციელეთ მეორე მხარეს“, – დასძინა მან.