ინვესტორთა ჯგუფი ამერიკული Forbes-ის $650 მილიონად ყიდვითაა დაინტერესებული

ინვესტორთა ჯგუფი ამერიკული Forbes-ის $650 მილიონად ყიდვითაა დაინტერესებული

ინვესტორთა ჯგუფი Forbes Media LLC-ის $650 მილიონად ყიდვითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

საუბარია ინვესტორთა ჯგუფზე, რომელსაც სათავეში ამერიკული საინვესტიციო კომპანია GSV-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მაიკლ მო უდგას. მედიის ცნობით, გარიგებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა, თუ გარიგება შედგა, Forbes-ის მფლობელობაში დიდი ცვლილებები შევა. ცნობისთვის, შვიდი წლის წინ კომპანიის 95% ჰონკონგელმა ინვესტორთა ჯგუფმა შეიძინა, დანარჩენს კი ფორბსების ოჯახი ფლობს. ამერიკული Forbes-ის ღირებულება 2014 წელს, როდესაც მისი აქციების აბსოლუტური უმრავლესობა Integrated Whale Media-მ იყიდა, $475 მილიონი იყო.

როგორც ამერიკული ლეგენდარული გამოცემის პრესსპიკერი აცხადებს: „ჩვენ არ გვაქვს კომენტარი, თუმცა, ინვესტორები მუდმივად გამოხატავენ ინტერესს Forbes-ის მიმართ, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში რეკორდულ შედეგებს აჩვენებს. 2021 წელიც ძლიერი წელი იქნება“.

GSV-ში კი პოტენციური გარიგების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ერთ-ერთი უძველესი გამოცემა ამერიკაში, Forbes-ი ფლაგმან ჟურნალს უშვებს, რომლის მკითხველთა რაოდენობა ექვს მილიონს აღწევს. გამოცემა 1917 წელს დაარსდა და ყველაზე მეტად სახელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგის გამოცემით გაითქვა.