ISET მომხმარებელთა ნდობა: მოლოდინი ჯაბნის რეალობას

ISET მომხმარებელთა ნდობა: მოლოდინი ჯაბნის რეალობას

2016 წლის შემოდგომიდან FORBES-ი მოგაწვდით ცნობებს Consumer Confidence Index-ის (CCI – მომხმარებელთა ნდობის ინდექსი) შესახებ. ყოველი თვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაოდენობრივი შედეგების გარდა, ჟურნალი FORBES-ი ექსკლუზიურად გააშუქებს ISET-ის ეკონომისტთა ინტერპრეტაციებს CCI-ის დინამიკასთან დაკავშირებით.

CCI მონიტორინგს უწევს ქართველთა დამოკიდებულებებს როგორც პირადი ფინანსური მდგომარეობის, ისე მთელი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართ. უხეშად რომ ვთქვათ, ინდექსი გამოითვლება 12 კითხვაზე მიღებული დადებითი და უარყოფითი პასუხების სიხშირეთა სხვაობებით, კითხვები კი მოიცავს ოჯახების მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყნის ისეთ ზოგადეკონომიკურ პარამეტრებს, როგორიცაა ინფლაცია და უმუშევრობა. პასუხების დიაპაზონი -100-დან +100- მდეა. -100-ს იმ შემთხვევაში მივიღებდით, თუ ყველა რესპონდენტი ყველა კითხვას ყველაზე უარყოფით პასუხებს გასცემდა, +100-ს კი მაშინ, თუ ყველა რესპონდენტი ყველა კითხვას დადებითად უპასუხებდა.

ისეთ ქვეყნებში, როგორიც დიდი ბრიტანეთია (სადაც CCI-ის ისტორია მრავალ ათწლეულს ითვლის), აღმოაჩინეს, რომ მომხმარებელთა ნდობა არაერთ ეკონომიკურ ცვლადთან კორელირებს. ასე, მაგალითად, ის დადებით კორელაციაშია მოხმარებასთან, ზრდასთან, შემოსავლებთან, სახლის ფასებსა და ვალუტის ღირებულებასთან, ხოლო საპროცენტო განაკვეთებსა და უმუშევრობასთან უარყოფითად კორელირებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, CCI-ის დინამიკა, როგორც წესი, წინ უსწრებს რეალური ეკონომიკის დინამიკას, მაგალითად, საცალო გაყიდვების მოცულობას და, ამდენად, მისი გამოყენება ეკონომიკური განვითარების პრედიქტორად არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, CCI-ის მონაცემებს ყურადღებით აკვირდება საჯარო თუ კერძო სექტორების სხვადასხვა აქტორი, რომელთა გადაწყვეტილებები ეკონომიკის მოსალოდნელ კლიმატზეა დამოკიდებული.

მილეული ზაფხული

აგვისტოში, CCI 4.5 ნიშნულით, -28.7-მდე დაეცა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნა და იმ მზარდი ტენდენციის წყვეტაა, რომელიც იანვრიდან ივლისამდე შეიმჩნეოდა. ჯამური CCI მომავლის მოლოდინისა და მიმდინარე მდგომარეობის ინდექსთა საშუალოს წარმოადგენს; პირველმა – 6.5-ით (-21.3 ქულამდე), ხოლო მეორემ 2.5-ით (-36.1 ქულამდე) იკლო.

საბედნიეროდ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო რეცესიის პირასაა. როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012 წლიდან მოყოლებული, CCI-ი ყოველ ზაფხულს მსგავს დინამიკას აფიქსირებდა. 2012-ში მომხმარებელთა ნდობის მაჩვენებელი ივლისიდან სექტემბრამდე დაეცა, 2013-ში – მხოლოდ აგვისტოში, 2014-ში – კვლავ ივლისიდან სექტემბრამდე, ხოლო 2015-ში – უკვე ივნისიდან სექტემბრამდე.

არდადეგების პარადოქსი

მომხმარებელთა ნდობა ადამიანების ეკონომიკური კეთილდღეობისა და ოპტიმიზმის სუბიექტური საზომია, ორივე კი მჭიდროდაა დაკავშირებული ზოგადი ბედნიერების დონეებთან. და მაინც, რა ახდენს ყველაზე მეტ გავლენას ბედნიერებაზე ზაფხულობით? ზაფხული არდადეგების პერიოდია – სავარაუდოდ, წელიწადის ყველაზე ბედნიერი დრო ბევრისათვის, და, ამდენად, ბუნებრივია, ვივარაუდოთ, რომ ამ დროს ბედნიერება და ოპტიმიზმი ყვავის.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კავშირი ბედნიერებასა და დასვენებას შორის გაცილებით უფრო კომპლექსურია. ჰოლანდიელმა ტურიზმის მკვლევარმა, იერუნ ნავინმა და მისმა კოლეგებმა კითხვარებზე დაყრდნობით გამოიკვლიეს ადამიანების ბედნიერების ინდექსი არდადეგებამდე და არდადეგების შემდგომ (გამოქვეყნებულია 2010 წელს, Applied Research in Quality of Life-ში). ბუნებრივია, რომ დასვენების შემდეგ ადამიანები გამოფიტულ ძალებს აღიდგენენ და უფრო მხნედ და ენერგიულად გრძნობენ თავს. ამ ინტუიციური ვარაუდის საპირისპიროდ, ნავინმა და კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ბედნიერება არდადეგებამდელ პერიოდში მძლავრობს, ხოლო არდადეგების შემდეგ თითქმის მყისვე ქრება – იმდენად, რომ დასვენების შემდგომ ბედნიერებასა და მათ ბედნიერებას შორის, ვისაც არდადეგები საერთოდ არ ჰქონია, არავითარი განსხვავება არ არის!

სწორედ ამითაა შესაძლებელი CCI-ის მიერ გამოკვლეული საზაფხულო ვარდნის ახსნა, ყოველ წელს რომ იჩენს თავს: ჯამური ოპტიმიზმი და ბედნიერება არდადეგების მოლოდინში იზრდება, ხოლო არდადეგების დასრულებისას ჩვეულ დონეებს უბრუნდება.

ო, ადამ და ევა, FERIAE SOMNIUM BREVE

ეს ცუდი ამბავია მათთვის, ვისაც იმედი აქვს, რომ ძალებს არდადეგების დროს აღიდგენს. თუმცა საქმე უარესადაც შეიძლება, იყოს. ცნობილი ექსპერიმენტის ჩატარებისას ნეირომეცნიერი ვოლფრამ შულცი და მისი კოლეგები შიმპანზეებს ხილის წვენს ასმევდნენ და პარალელურად ტვინში დოპამინის დონეებს უზომავდნენ (გამოქვეყნებულია 1993 წელს, Journal of Neuroscience-ში). დოპამინი ბედნიერებასა და სიხარულთან ასოცირებული ნივთიერებაა, და, ამდენად, ექსპერიმენტი წვენის დალევით აღმოცენებული ბედნიერების შეგრძნების მონიტორინგის საშუალებას იძლეოდა. გასაკვირი არაა, რომ წვენი მაიმუნის ტვინებში დოპამინის დონეებს ზრდიდა, თუმცა – უეცრად და ხანმოკლედ. დოპამინის დონეები წამებში ადიოდა ზემოთ და ქვემოთაც წამებშივე ჩამოდიოდა, რაც იმას მიუთითებს, რომ ხილის წვენით აღძრული სიხარული წარმავალია.

“მოლოდინით გაჩენილი სიხარულის” გამოწვევის მიზნით, შულცმა იგივე ექსპერიმენტი ჩაატარა, მაგრამ მცირედი ცვლილებით: რამდენიმე წამით ადრე, სანამ შიმპანზეებს წვენს მისცემდა, სინათლეს ანთებდა. გარკვეული დროის შემდეგ მაიმუნები ჩასწვდნენ სინათლის მნიშვნელობას და მიხვდნენ, რომ ის ხილის წვენს მოასწავებდა. გასაკვირია, მაგრამ ამის შედეგად დოპამინის დონეები სულ უფრო იმატებდა და პიკს სინათლის ანთებისას აღწევდა, ხოლო როცა წვენს რეალურად უსხამდნენ, დოპამინის დონეებში არავითარი ცვლილება აღარ შეინიშნებოდა. მოლოდინი ჯაბნის რეალობას.

ივნისისა და ივლისის თბილი ამინდები არდადეგების სეზონის დადგომას მოასწავებს. ადამიანები, დასვენების მოლოდინში, სულ უფრო დადებით და პოზიტიურ განწყობას ავლენენ. ზუსტად ამ დროს არიან ბედნიერები. მაგრამ როცა დასვენების დრო რეალურად დგება, ნეტარება ქრება, და ადამიანს ჩვეული, სტანდარტული განწყობა უბრუნდება. CCI-ც სწორედ ამ უხალისო დინამიკას ასახავს.