„ისრაელის ციფრული ეკონომიკა იმუნურია საომარი მოქმედებების მიმართ“ - რან გიდორი

„ისრაელის ციფრული ეკონომიკა იმუნურია საომარი მოქმედებების მიმართ“ - რან გიდორი

იერუსალიმში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით რაკეტების სროლის შემდეგ ისრაელში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა და ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები გააფრთხილა.

მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზ სექტორიდან  ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას, – წერია განცხადებაში.

ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა, Forbes Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ასობით რაკეტა გაისროლა იერუსალიმის, ბეით-შემეშისა და ისრაელის სხვა მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული ცენტრების მიმართულებით, რომელთა შორისაც ზოგიერთი დასახლებულია ათასობით ქართველი ებრაელით, მაგალითად, აშკელონი, აშდოდი და ლოდი.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პალესტინის ხელმძღვანელობა (როგორც „ჰამასი“ და ასევე პალესტინის ხელისუფლება) გონს მოეგება, დაძაბულობის დეესკალაციას მოახდენს და კანონისა და წესრიგის დამყარებას შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის, მაგრამ განსაკუთრებით პალესტინელი ხალხისთვის. ალტერნატიულმა გზამ შეიძლება კატასტროფული სახე მიიღოს, რადგან აქ ჩაერთვება არა მხოლოდ ეროვნული სენტიმენტები, არამედ რელიგიური ექსტრემიზმიც. ასეთი კომბინაცია შეიძლება დამანგრეველი იყოს მთელი რეგიონისთვის – ახლო აღმოსავლეთისთვის, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ნაწილად ითვლება“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

როგორც BBC წერს, „ჰამასმა“ ორშაბათის შემდეგ 300-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, რასაც რამდენიმე ისრაელელი ემსხვერპლა. თავის მხრივ, ისრაელის მხარე აცხადებს, რომ საპასუხოდ მათ ღაზის სექტორში 150 ადგილი ამოიღეს სამიზნეში, რასაც, როგორც ცნობილია, 26 პალესტინელი ემსხვერპლა. საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ესკალაციის დასრულებისკენ მოუწოდებს. დაჯგუფება „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ამბობს, რომ ის იერუსალიმში მდებარე ცნობილ ალ-აქსას მეჩეთს ისრაელის „აგრესიისგან“ იცავს, სადაც ორშაბათს ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასმა“ „წითელი ხაზი“ გადაკვეთა იერუსალიმის მისამართით რაკეტების გაშვებით, რაც ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხდა.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის იძაბება ურთიერთობა, ეს კი აზარალებს როგორც მოსახლეობას, ასევე რეგიონის ეკონომიკასაც.

თუმცა, როგორც ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი ამბობს, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა, მაგრამ წინა კონფლიქტების საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ – შესაძლო ზიანი ისრაელის ეკონომიკაზე მინიმალური იქნება.

„პანდემია არის ის ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ტურიზმის ინდუსტრიას ნორმალურ დონეზე დაბრუნებას. თუმცა ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტის დანარჩენი ნაწილი ძირითადად ეფუძნება მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ სტარტაპებს და ციფრულ ეკონომიკას და ყველა მათგანი იმუნურია საომარი მოქმედებების მიმართ. მეორე მხრივ, პალესტინის ეკონომიკა ისე განვითარებული არ არის, როგორც ისრაელის, და ძალიან ზარალდება, თუ საომარი მოქმედებები ერთ ან ორ დღეზე მეტხანს გრძელდება“, – აღნიშნა Forbes Georgia-სთან საუბრისას რან გიდორმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *