საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 17.4%-ით (48 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.3%-ით (35 მლნ დოლარით) შემცირდა. 2019 წლის ივლისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 327 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 762 მლნ დოლარი შეადგინა.
ივლისის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -436 მლნ დოლარია, რაც 2018 წლის ივლისის უარყოფით ბალანსზე 83 მლნ დოლარით ნაკლებია.
შვიდი თვის ჯამში, 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 12.3%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.7%-ით შემცირდა. სავაჭრო ბრუნვა 0.2%-ითაა შემცირებული. შვიდი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -2 861 მლნ დოლარია, გასული წლის შვიდ თვეში -3 310 მლნ დოლარი იყო.
ივლისის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.