ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ივლისში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 79.6% შეადგინა, რაც ბოლო 24 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები კვლავ იზრდება, ლირა გაუფასურებას განაგრძობს, ენერგო და საცხოვრებელი ხარჯები კი ზემოთ მიდის.
შეგახსენებთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი რეკორდულად წინა შემოდგომის შემდეგ იზრდება. ეს მოვლენა კი თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის 14%-მდე შემცირების დამსახურებაა.
თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, სამომხმარებლო ხარჯები წინა თვესთან შედარებით ივლისში 2.37%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რომ დარგის ექსპერტების მოსაზრებით, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე საგრძნობლად მაღალია.
ყველაზე დიდი წლიური ზრდა სამომხმარებლო ხარჯებში სატრანსპორტო სექტორმა განიცადა. გარდა ამისა, ქვეყანაში წინა წელთან შედარებით 95%-ით არის გაზრდილი საკვებისა და არაალკოჰოლური სასმელების ფასებიც.
წელს თურქეთში ინფლაციის ზრდაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მხოლოდ შარშან ლირა დოლართან მიმართებით 44%-ით გაუფასურდა. წელს კი უკვე დამატებით 27%-ითაა გაუფასურებული.
ასეთი რეკორდული ინფლაცია ბოლოს თურქეთში 1998 წელს იყო, როდესაც მისმა მაჩვენებელმა 80.4%-ს მიაღწია. საინტერესოა ისიც, რომ ეკონომისტები ჯერჯერობით ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას არ ვარაუდობენ.