მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Boston Celtics-ის კალათბურთელმა ჯეისონ ტეიტუმმა NBA-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. ტეიტუმი NBA-ის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში დამატებით კიდევ 5 წლის განმავლობაში დარჩება, კონტრაქტის ღირებულება კი $314 მილიონია.
26 წლის კალათბურთელი, რომელიც Boston Celtics-ს, გასულ თვეში, NBA-ს რიგით მე-18 ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა, All Star-ის ხუთგზის მონაწილეა. ESPN-ის მონაცემებით, გასულ რეგულარულ სეზონში ტეიტუმმა საშუალოდ 26.9 ქულა, 4.9 ასისტი და 8.1 მოხსნა დააგროვა.
Fox Sports-ის ცნობით, ახალი შეთანხმებით გახანგრძლივდება $163 მილიონის ღირებულების 5-წლიანი კონტრაქტი, რომელიც ტეიტუმმა საკალათბურთო კლუბთან 2020 წელს გააფორმა. ამ ეტაპისთვის ინფორმაცია კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არც ტეიტუმს და არც Boston Celtics-ს არ დაუდასტურებია.
Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელების რეიტინგის თანახმად, ჯეისონ ტეიტუმის წლიური შემოსავალი $45.9 მილიონს აღწევს. ამ მონაცემებით, ტეიტუმი მსოფლიოს 49-ე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია.
ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციითვე, მფლობელთა ჯგუფი Celtics-ის გაყიდვას განიხილავს. Boston Basketball Partners-ის მიერ გაკეთებული განცხადებით, ორგანიზაცია საკალათბურთო კლუბში მის წილს სრულად გაყიდის, შედეგად, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, Celtics-ის ხელმძღვანელობა შეიცვლება.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი Celtics-ს $4.7 მილიარდად აფასებს, რაც მას NBA-ის 2023 წლის მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებულ კლუბად აქცევს.