მას შემდეგ, რაც Amazon-ის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, კომპანიის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა დამატებით $5 მილიარდის ღირებულების აქციის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მარეგულირებელი დოკუმენტების თანახმად, ბეზოსმა Amazon-ის 25 მილიონი აქციის გაყიდვაზე განაცხადი მას შემდეგ წარადგინა, რაც თითო აქციაზე ფასმა $200.43-ს მიაღწია.
გაყიდვის შემდეგ, ამერიკელი მილიარდერისა და ბიზნესმენის საკუთრებაში ელექტრონული კომერციის ფირმის აქციათა 8.8%, ანუ 912 მილიონი აქცია დარჩება. ბეზოსმა Amazon-ის $8.5 მილიარდის ღირებულების 50 მილიონი აქცია თებერვალშიც გაყიდა, მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 2023 წელს 80%-ით გაიზარდა.
Forbes-ის მონაცემებით, ჯეფ ბეზოსი, $214 მილიარდის ქონებით, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია. ბეზოსი კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელიცაა. შეგახსენებთ, Blue Origin-ის 6-კაციანი ეკიპაჟი კოსმოსში მაისში გაფრინდა.
მიმდინარე წელს Amazon-ის აქციათა ღირებულება 30%-ით გაიზარდა. ამჟამად Amazon-ი მსოფლიოს მეხუთე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. ელექტრონული კომერციისა და პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის საბაზრო ღირებულება $2 ტრილიონს უტოლდება.
ცნობისთვის, Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $2-ტრილიონიან ნიშნულს პირველად გასულ თვეში მიაღწია. 2024 წლის პირველ კვარტალში Amazon-ის შემოსავლები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13%-ით, $143.3 მილიარდადე გაიზარდა, მოგება კი გასამმაგრდა და $10.4 მილიარდს მიაღწია.